სახალხო დამცველმა 314–ე მუხლთან დაკავშირებით პარლამენტს მიმართა

“სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314–ე მუხლის პირველი ნაწილის არსებული რედაქცია შესაბამისობაში არ მოდის საქართველოს კონსტიტუციით დაცულ უფლებებთან”.

„საკითხის შესწავლის შემდეგ სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314–ე მუხლის პირველი ნაწილის არსებული რედაქცია შესაბამისობაში არ მოდის საქართველოს კონსტიტუციით დაცულ უფლებებთან”,–ნათქვამია სახალხო დამცველის მიერ დღეს, პირველ აგვისტოს, დავით ბაქრაძის, ლაშა თორდიასა და პავლე კუბლაშვილის სახელზე მიწერილ მიმართვაში.

სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში საქართველოს პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართავს, რათა მოხდეს სისხლის სამართლის კოდექსის 314–ე მუხლის პირველი ნაწილის იმგვარი ფორმულირება, რომ გამოირიცხოს ნორმის კონსტიტუციის საწინააღმდეგო განმარტების შესაძლებლობა.

“საქართველოს სახალხო დამცველის  მიერ საკუთარი ინიციატივით შესწავლილი იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314–ე მუხლის შესაბამისობა საქართველოს კონსტიტუციის მე–2 თავით აღიარებულ ადამიანის უფლებებთან და საერთაშორისო სტანდარტებთან. საკითხის შესწავლას საფუძვლად დაედო საქართველოს მოქალაქეთა ჯგუფის (ბატონები ლაშა ტუღუში, სანდრო ბარამიძე, ვახტანგ ხმალაძე) მიერ ნორმის არაკონსტიტუციურობასთან დაკავშირებით საჯარო სივრცეში გამოთქმული მოსაზრებები.
„საკითხის შესწავლის შემდეგ სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314–ე მუხლის პირველი ნაწილის არსებული რედაქცია შესაბამისობაში არ მოდის საქართველოს კონსტიტუციით დაცულ უფლებებთან.

კერძოდ, საუბარია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების “,აგრეთვე, საქართველოს  ინტერესის  საზიანოდ  უცხო  ქვეყნის  დაზვერვის  ან  უცხოეთის ორგანიზაციის დავალებით სხვა  ინფორმაციის შეგროვება ან გადაცემა” წინააღმდეგობაზე საქართველოს კონსტიტუციის  24-ე მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებთან  და 42–ე მუხლის მე–5 პუნქტებთან მიმართებით.

სადავო დებულება – “აგრეთვე, საქართველოს  ინტერესის  საზიანოდ  უცხო  ქვეყნის  დაზვერვის  ან  უცხოეთის ორგანიზაციის დავალებით სხვა  ინფორმაციის შეგროვება ან გადაცემა” არ აკონკრეტებს, თუ რა სახის “სხვა ინფორმაციის” შეგროვებას ან გადაცემას კრძალავს კანონი. ასევე არ არსებობს მითითება რაიმე სხვა ნორმატიულ აქტზე, სადაც შეიძლება ამოვიკითხოთ განმარტება იმის თაობაზე, თუ რომელ “სხვა ინფორმაციაზეა” საუბარი. “სხვა ინფორმაცია” იმდენად ფართო შინაარსის სიტყვათა შეთანხმებაა, რომ მასში ფაქტობრივად შეიძლება ვიგულისხმოთ ნებისმიერი ინფორმაცია ნებისმიერ თემაზე, თანაც, მათ შორის, არა მხოლოდ ფაქტები, არამედ პირის აზრები და შეხედულებებიც.

მეორე საკითხია, რომ ეს “სხვა ინფორმაცია” აშკარად არ არის სახელმწიფო საიდუმლოებად მიჩნეული ინფორმაცია, რადგან თვითონ სიტყვა “სხვა” მიუთითებს, რომ იგულისხმება ინფორმაცია, რომელიც საიდუმლო ინფორმაციისგან განსხვავებული ხასიათისაა.

სრულიად არამიზანშეწონილია დემოკრატიულ საზოგადოებაში პირის სისხლისსამართლებრივი წესით დასჯა ისეთი “სხვა ინფორმაციის” მოპოვება-გავრცელებისთვის, რომელიც, საიდუმლო ინფორმაციისაგან განსხვავებით, არ შეიცავს მონაცემებს თავდაცვის, ეკონომიკის, საგარეო ურთიერთობის, დაზვერვის,  სახელმწიფო  უსაფრთხოების   და  მართლწესრიგის დაცვის სფეროებში, რომელთა გამჟღავნებას ან დაკარგვას შეუძლია ზიანი მიაყენოს საქართველოს ან საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების მონაწილე მხარის სუვერენიტეტს, კონსტიტუციურ  წყობილებას, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტერესებს;

როდესაც პირს ურთიერთობა აქვს, ვთქვათ, უცხო ქვეყნის კერძო სამართლის იურიდიულ პირთან, მას შეუძლია არ გაითვალისწინოს მართლსაწინააღმდეგო  შედეგის  დადგომის  შესაძლებლობა, რადგან არ შეიძლება პირს მოეთხოვოს ვარაუდი იმისა, რომ ნებისმიერი უცხო ქვეყნის ორგანიზაცია სხვა ქვეყნისთვის საზიანო ინფორმაციის შეგროვებით არის დაკავებული. გამოდის, რომ 314-ე მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადება ისეა აგებული, რომ მისი შემადგენლობის დასადგენად საკმარისია აკრძალული ქმედების გაუფრთხილებლად ჩადენაც, მიუხედავად იმისა, რომ ეს მუხლი ამის თაობაზე პირდაპირ არაფერს ამბობს.

ყოველივე ზემოთქმული არ ტოვებს არავითარ ეჭვს, რომ 314-ე მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადება “აგრეთვე, საქართველოს  ინტერესის  საზიანოდ  უცხო  ქვეყნის  დაზვერვის  ან  უცხოეთის ორგანიზაციის დავალებით სხვა  ინფორმაციის შეგროვება ან გადაცემა” ვერ აკმაყოფილებს კანონის წინასწარგანჭვრეტადობის (განსაზღვრულობის) კრიტერიუმს, რომელიც დადგენილია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტით, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკით.

საქართველოს სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ  რომ მნიშვნელოვანია საქართველოს პარლამენტმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს სახალხო დამცველის მიერ გამოგზავნილ საკანონმდებლო წინადადებას. ეს თავიდან აგვაცილებს, ერთის მხრივ, უფლებადამრღვევი საკანონმდებლო ნორმების პრაქტიკაში გამოყენებას, რაც თავისთავად მკვეთრად გააუმჯობესებს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობას, მეორეს მხრივ, დაზოგავს ფინანსურ და ადამიანურ რესურსებს, რაც გამოწვეული იქნება საკონსტიტუციო სასამართლოში დავის წარმოებით”, –ნათქვამია სახალხო დამცველის მიმართვაში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ნეტგაზეთი