ხელოვნება

წიგნის მაღაზიები კრიზისის ზღვარზე

9 თებერვალი, 2011 • • 2739
წიგნის მაღაზიები კრიზისის ზღვარზე

წიგნების მაღაზიების მენეჯერების თქმით, ეკონომიკური კრიზისის ფონზე საქართველოში წიგნებზე მოთხოვნა შემცირდა. მომხმარებლები კი წიგნების მაღაზიებში არაკვალიფიციური მომსახურების გამო ჩივიან.

„სანტა ესპერანსას“ დირექტორი ნატო ცაავა ამბობს, რომ დღესდღეობით წიგნის ბაზარზე მთავარი პრობლემა ახალი წიგნების ნაკლებობაა. ცოტა ახალი წიგნის იმედად კი მას წიგნის მაღაზიის არსებობა წარმოუდგენლად მიაჩნია. მისი თქმით, „სანტა ესპერანსა“ საკანცელარიო ნივთებსა და სათამაშოებს რომ არ ყიდდეს, მხოლოდ წიგნების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლით მაღაზიის არსებობა წარმოუდგენელი იქნებოდა.

ახალი წიგნებით მაღაზიებს გამომცემლობები ამარაგებენ. დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, გამომცემლობებისგან მაღაზიები წიგნებს ნისიად იღებენ და ურთიერთანგარიშსწორებას წიგნების გაყიდვის შემდეგ ახდენენ.

ანგარიშსწორების ამ ფორმის გამო წარმოქმნილი დავალიანების შედეგად გამომცემლობა „დიოგენემ“ წიგნების მაღაზიათა ქსელ „პარნასთან“ თანამშრომლობა შეწყვიტა:

„პარნასს“ აქვს ჩვენი დიდი ვალი და ამის გამო უკვე წელიწადზე მეტია ჩვენი წიგნები აღარ შეგვაქვს „პარნასში“ – უთხრა „ნეტგაზეთს“ „დიოგენეს“ წარმომადგენელმა  ეკა ხარატიშვილმა.

“პარნასის“  დირექტორმა გიორგი დარსალიამ „არაკორექტული“ უწოდა ჩვენს შეკითხვას – ჰქონდა თუ არა „პარნასს“ გამომცემლობა „დიოგენეს“ ვალი. მან „ნეტგაზეთთან“ სატელეფონო საუბარში  „პარნასის“ ფინანსურ პრობლემებთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია უარყო.

დარსალიას თქმით, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რაც საქართველოში წიგნის მაღაზიებს აწუხებს, არის ფასნამატის ზედა ზღვარია, რომელსაც წიგნებზე გამომცემლობები აწესებენ. „პარნასის“ დირექტორს მიაჩნია, რომ ამ შეზღუდვის მოხსნა მაღაზიებს უფრო მეტ შემოსავალს მოუტანდა.

„წიგნის სახლის“ მენეჯერის ქეთი ტატიშვილის თქმით, წიგნის ფასს მაღაზიები, ძირითადად, ბაზრის შესაბამისად განსაზღვრავენ. წიგნებზე ფასნამატის ზედა ზღვარს, მისი ინფორმაციით, მხოლოდ ერთეული გამომცემლობები აწესებენ, ასეთია, მაგალითად, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა. ამის მიუხედავად, „ბაკურ სულაკაურის“ მიერ გამოცემული წიგნები, ტატიშვილის თქმით, „წიგნის სახლში“ ყველაზე კარგად იყიდება.

„ლატერნას“ ერთ-ერთი მენეჯერი ზურაბ ლომაშვილი დისტრიბუციის პრობლემაზე საუბრობს: მისი თქმით, ახალი წიგნების მოტანა მაღაზიაში, ძირითადად, მაღაზიისვე თანამშრომლებს უხდებათ ხოლმე კომპანიებიდან და გამომცემლობებიდან, რაც წიგნების მაღაზიებისთვის დამატებით ხარჯებს ქმნის.

ლომაშვილის აზრით, წიგნის მაღაზიებისთვის ძალიან დიდი პრობლემაა ბაზრობები, სადაც გამყიდველები გადასახადებს არ იხდიან და ამის ხარჯზე წიგნებს იაფად ყიდიან. „შესაბამისად, ჩვენ, გადასახადის გადამხდელები ვზარალდებით,“-ამბობს „ლატერნას“ ერთ–ერთი მენეჯერი.

ნატა ძველიშვილი წიგნის მაღაზიების აქტიური მომხმარებელია. ის თვეში 3-4 ახალ წიგნს ყიდულობს. მას აქვს მკითხველის ბლოგი, სადაც საკუთარ შეხედულებებს წაკითხულ წიგნებზე რეგულარულად აქვეყნებს.

„ზოგიერთ წიგნის მაღაზიაში დახლებზე ისე ალაგია წიგნები, ვერ გაიგებ, ეს რა პრინციპით ხდება. ერთადერთი, ქართული და უცხოენოვანი წიგნებია ერთმანეთისგან გამოყოფილი. წიგნების ასე არევა კოორდინაციას უძნელებს მყიდველს. მაგალითად, “წიგნის სახლში” ისეა გაფანტული წიგნები, თან კაფეს მაგიდებს შუა, რომ როცა ხალხი ზის და ყავას სვამს (ეს კი ხშირად ხდება), ვერ დავადგები თავზე და სამი საათი წიგნებს ვერ დავათვალიერებ. ერთხელ, მთელი ერთი საათი ვეძებე სპორტის შესახებ ლიტერატურა და ამელი ნოტომის წიგნების გვერდით აღმოვაჩინე,“ – უთხრა ნატა ძველიშვილმა „ნეტგაზეთს“.

მისი აზრით, წიგნის მაღაზიების მთავარი ხარვეზი არაკვალიფიციური კონსულტანტები არიან. „ფაქტობრივად, მათი დახმარების იმედი არ უნდა გქონდეს, შენ თვითონ უნდა აარჩიო წიგნი და დიდი დიდი თაროდან მის ჩამოღებაში დაგეხმარონ. ვერ ერკვევეიან მწერლებში, ერთი მწერლის რამდენიმე ნაწარმოებსაც ვერ დაგისახელებენ, საუბარი აღარ მაქვს ჟანრებზე. თუ გაურკვეველი და ჩამოუყალიბებელი მყიდველი შედის, საერთოდ, დაიბნევა. როცა წიგნზე ეკითხები, საერთოდ, ვერ გპასუხობენ რა ჟანრია. წიგნზე გეუბნებიან, კარგია და ვერ გიმარტავენ – რას ნიშნავს კარგი, რატომაა ეს კარგი, წიგნის კონსულტანტად რომ იყვან ადამიანს, იმას შესაბამისი განათლება და გარკვეული რაოდენობის წიგნი  უნდა ჰქონდეს წაკითხული,“-ამბობს „მკითხველის ბლოგის“ ავტორი.

ამჟამად თბილისში წიგნის მაღაზიათა ათამდე ქსელია. თითოეულ მათგანს თბილისის მასშტაბით მინიმუმ 2 მაღაზია აქვს. მათ უმრავლესობას არა აქვს ფილიალები საქართველოს სხვა დიდ თუ პატარა ქალაქში. რეგიონებში წიგნები გასაყიდად, ძირითადად, წვრილ მოვაჭრეებს ჩააქვთ.

საგამომცემლო სახლ „პალიტრის“ საკუთრებაში არსებული „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელი ორი წლის წინ დაარსდა და ფილიალები საქართველოს რეგიონებშიც გააჩნია. „ბიბლუსის“ შესყიდვების მენეჯერი ნინო მელაშვილი ამბობს, რომ საქართველოს რეგიონებში გაცილებით ნაკლები წიგნი იყიდება, თუმცა იქაც ის წიგნებია პოპულარული, რაც – თბილისში.

„ბოლო დროს  წიგნზე მოთხოვნა ეკონომიკური კრიზისის ფონზე ცოტა შემცირდა, მაგრამ მყიდველი მაინც არის. კარგად იყიდება დეტექტივები და ფანტასტიკა, ასევე, საბავშვო ლიტერატურა და ენციკლოპედიები,“ – ამბობს „წიგნის სახლის“ მენეჯერი ქეთი ტატიშვილი.

წიგნების მაღაზიების მენეჯერების თქმით, საქართველოს მასშტაბით ყველაზე კარგად საბავშვო ლიტერატურა იყიდება და მასზე მოთხოვნა ყოველთვის მაღალია.

თუკი ევროპასა და აშშ–ში ბესტსელერად მიიჩნევა წიგნი, რომლის გაყიდული ტირაჟი მილიონებს აჭარბებს, საქართველოში საუკეთესოდ გაყიდვადია წიგნი, რომლის 20 ეგზემპლარი მაინც გაიყიდება კვირაში, წელიწადში კი – 2000 ცალი.

„წიგნის სახლის“ მენეჯერის ქეთი ტატიშვილის თქმით, მათ მაღაზიებში გაყიდვების მაჩვენებლებით ერთ-ერთ პირველ ადგილზეა აკა მორჩილაძე.

„5 წლის წინ პოპულარობის პიკზე იყო აკა მორჩილაძე, ახლა კი ახალი ავტორებიც გამოჩდნენ, თუმცა მორჩილაძე მაინც იყიდება,“-ამბობს „ექსლიბრისისა და სანტა ესპერანსას“ ქსელის დირექტორი ნატო ცაავა.

თბილისში მოქმედი წიგნის მაღაზიების მენეჯერების თქმით, 2010 წლის ბესტსელერია დათო ტურაშვილის „ჯინსების თაობა“.  მათივე მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში ყველაზე გაყიდვადი წიგნების ჩამონათვალი ასეთია: 

„ამერიკული ზღაპრები“ (დათო ტურაშვილი), „პიტერ პენი“(ჯეიმს ბერი), „დაბნელება-ბინდის საგა“ (სტეფან მეიერი), “ოსკარი და ვარდისფერი ქალბატონი“ (ერიკ-ემანუელ შმიტი),  „მე წითელი მქვია“(ორჰან ფამუქი), „ვიმღეროთ ერთად“, „ჩემი პირველი ქართული ზღაპრები“, „მე, პრეზიდენტი და მსოფლიო ჩემპიონი“ (ლალი მოროშკინა), წიგნების სერია „50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ“.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი