ხელოვნება

ცარიელი სავარძელი ბერლინალეზე

1 თებერვალი, 2011 • 1127
ცარიელი სავარძელი ბერლინალეზე

ირანელი რეჟისორის ჯაფარ ფანახის სავარძელი ბერლინალეს კინოფესტივალზე ცარიელი იქნება, –ავრცელებს ინფორმაციას სააგენტო რია–ნოვოსტი.

რეჟისორი, რომელიც ბერლინალეს 61–ე ფესტივალის ჟიურის შემადგენლობაში შევიდა, ექვსი წლით დააპატიმრეს.  

„ერთი სავარძელი ცარიელი იქნება“, –თქვა კინოფესტივალის ხელმღვანელმა, დიტერ კოსლიკმა დღეს გერმანიის დედაქალაქში ბერლინალეს პროგრამასთან დაკავშირებულ პრესკონფერენციაზე.

2010 წლის დეკემბერში ირანის სასამართლომ ირანელ რეჟისორს ჯაფარ ფანახს პატიმრობასთან ერთად 20 წლის განმავლობაში ფილმების გადაღება, პრესასთან ურთიერთობა და საერთაშორისო კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება აუკრძალა. რეჟისორს სასამართლომ ბრალი სისტემის წინააღმდეგ მიმართული პროპაგანდული მოღვაწეობისთვის წაუყენა.

წელს ბერლინალეს ჟიურის მსახიობი და რეჟისორი იზაბელა როსელინი თავმჯდომარეობს. ჟიურის შემადგენლობაში, ასევე, 2007 წელს ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის „ვერცხლის დათვის“ მფლობელი გერმანელი მსახიობი ნინა ჰოსი, ავსტრალიელი პროდუსერი იენ ჩეპენი, კანადელი რეჟსორი გაი მედინი, ბოლივუდის ვარსკვლავი აამირ ქხანი და ლონდონელი კოსტიუმების დიზაინერი სენდი პაუელი არიან.

ირანელი რეჟისორის, ფანახის სოლიდარობის მიზნით კინოფესტივალზე მის ფილმს „ოფსაიდს“ აჩვენებენ. მრავალი საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებული ფანახი ოპოზიცის აქტიური მხარდამჭერია. რეჟისორი ირანის პრეზიდენტის, მაჰმუდ აჰმადინეჯადის კრიტიკით არის ცნობილი. ფანახმა ირანის პრეზიდენტი „ირანელი ხალხის დამცირებასა და მათთვის საკუთარი ძალაუფლების თავსმოხვევისთვის“ დაადანაშაულა.

ბერლინის კინოფესტივალი 10 თებერვლიდან 20 თებერვლამდე გაგრძელდება. ფესტივალის ძირითად პროგრამაში 16 ფილმია შესული. მათ შორის, როგორც რია–ნოვოსტი წერს, რუსი რეჟისორის, ალექსანდრე მინდაძის ფილმი „შაბათს“.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი