ხელოვნება

“პრესკაფემ” ელენე დარიანის შესახებ დისკუსიას უმასპინძლა

23 ივლისი, 2013 • 1546
“პრესკაფემ” ელენე დარიანის შესახებ დისკუსიას უმასპინძლა

დისკუსია “პრესკაფეში” 22 ივლისს, 6 საათზე დაიწყო. ელენე დარიანის ისტორიასთან ერთად დისკუსიის სტუმრებმა ჰაინრიხ ბიოლის ფონდის პროექტის ფარგლებში “50 ქალი საქართველოდან” დაბეჭდილი ღია ბარათები იხილეს. ბარათებზე საქართველოში მცხოვრები და მოღვაწე 50 ქალის ისტორიაა მოთხრობილი.

 

დასახელებულ 50 ქალს შორის ელენე ბაქრაძე ერთ-ერთია. ზურაბ ალხანიშვილის აზრით, ელენე ბაქრაძე და ელენე დარიანი ერთი და იგივე პიროვნებები არიან. ალხანიშვილი მიიჩნევს, რომ ელენე დარიანი ელენე ბაქრაძის ფსევდონიმია, რომელიც დაირქვა, რათა მისი იმ  დროისათვის თამამი ლექსებისგან გამოწვეული აგრესია აეცილებინა.

 

ლიტერატურულ წრეებში გავრცელებულია მოსაზრება, რომ “დარიანული ლექსები” პაოლო იაშვილს ეკუთვნის. ალხანიშვილის მოსაზრებიიკთ,  ელენეს დაწერილ ლექსებს პაოლო არედაქტირებდა და აქვეყნებდა ელენე დარიანის ფსევდონიმით, ამიტომ ლექსების ავტორად პაოლო იაშვილია მიჩნეული.  

 

ზურაბ ალხანიშვილის თქმით, ელენე ბაქრაძის პირად არქივში დაცულია დოკუმენტები, რომლის მიხედვითაც შეიძლება ითქვას, რომ  ელენე დარიანი და ელენე ბაქრაძე ერთი და იგივე პიროვნებაა, თუმცა, მისივე თქმით, ელენე დარიანის ფენომენი პაოლო იაშვილის გარეშე არ იარსებებდა.  ეს არგუმენტები გაუზიარა მან “პრესკაფეში” შეკრებილ აუდიტორიას. ზურაბ ალხანიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ეს საკითხი ლიტერატურული კვლევის საგანია. 

 

პრეზენტაციის შემდეგ დისკუსიის მონაწილეებმა კითხვები დასვეს.

 

ელენე ბაქრაძის შესახებ მოძიებული მასალის მიხედვით პუბლიკაცია შეიქმნა, რომელიც პრესკაფეში დისკუსიის შემდეგ გაიყიდა.

 

ზურაბ ალხანიშვილმა, სამეცნიერო კვლევითი ცენტრის “რადიქსი” პრეზიდენტმა, ნეტგაზეთს უთხრა, რომ ეს პირველი დისკუსიაა, როემლიც საქართველოს რეგიონებში გამოფენის შემდეგ გაიმართა. მისი თქმით, დიდ გამოფენებს ადამიანები ათვალიერებენ, უჩნდებათ კითხვები, რომლებზე პასუხის გაცემაც საჭიროა. ასეთ შემთხვევაში დისკუსიების როლი იზრდება:

“ასეთი შეხვდრები უფრო პროდუქტიულია. კონკრეტული ადამიანების კონკრეტული ინტერესი დისკუსიებზე უფრო დაკმაყოფილდება,”- განაცხადა ზურაბ ალხანიშვილმა.

 

ელენე ბაქრაძის შესახებ პროექტს სამეცნიერო კვლევითი ცენტრი “რადიქსი”, ლიტერატურის მუზეუმთან ერთად, “ქალთა ფონდის საქართველოში” ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებდა. პროექტის დასრულების შემდეგ ლიტერატურის მუზეუმში გამოფენა გაიმართა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი