ხელოვნება

სტინგი და კრის ბოტი ჭუჭრუტანიდან

4 ივლისი, 2011 • • 2285
სტინგი და კრის ბოტი ჭუჭრუტანიდან

სტინგის კონცერტი ბათუმში
სტინგის კონცერტი ბათუმში

ბათუმში, კრის ბოტისა და სტინგის კონცერტს– როგორც  პიაცას  მოედანზე, ასევე მის გარეთ– ასობით ადამიანი ესწრებოდა.

მას, ვისაც ბილეთი არ ჰქონდა, ცდილობდა, პიაცას ღიად დარჩენილი ღრიჭოებიდან ედევნებინა თვალი კონცერტისთვის, რომელიც  ბათუმში  3 ივლისს, საღამოს 9 საათზე, გაიმართა.

კრის ბოტის კონცერტზე, რომელზეც სპეციალურ სტუმრად ბრიტანელი მუსიკოსი სტინგი იყო მოწვეული, რამდენიმე შესასვლელი იყო, მათ შორის ერთი – ე.წ. VIP.

VIP შესასვლელამდე ყველა გზა ყვითელი ლენტით იყო გადაკეტილი, რომელსაც დაცვის სამსახურის ათეულობით წარმომადგენელი იცავდა. ისინი ქუჩაზე შესვლის უფლებას არც რიგით გამვლელებსა და არც ჟურნალისტებს  არ აძლევდნენ. კონცერტზე სწორედ ამ VIP შესასვლელიდან შევიდა პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გოკა გაბაშვილი. საქართველოს პრეზიდენტი ბათუმის პიაცას აივანზე იჯდა. ის კონცერტის დასასრულს ფეხზე ადგა და მუსიკოსებს ტაში დაუკრა.

კრის ბოტიმ კონცერტი ”ავე მარიათი” გახსნა. When I fall in love , გია ყანჩელის ”ყვითელი ფოთლები” – ეს ის მუსიკალური თემები იყო, რაც კრის ბოტიმ შეასრულა.  სტინგმა შეასრულა Desert rose, every breath you take და კიდევ რამდენიმე სიმღერა. სტინგის ნამღერს დარბაზში განსაკუთრებული ოვაციები მოყვა.  ხალხი მის გამოსვლას ფეხზე ადგომითა და ოვაციებით შეხვდა.

მას შემდეგ, რაც სტინგმა ორი სიმღერა შეასრულა, ანტრაქტი დაიწყო. მცირე პაუზის  შემდეგ კონცერტი კრის ბოტიმ ლიზა ფიშერთან ერთად გააგრძელა.

კონცერტის ბოლო აკორდი სტინგისა და კრის ბოტის დუეტი იყო. მათ my funny valentine იმღერეს, რითაც კონცერტი დასრულდა კიდეც.

კონცერტს მომღერლები, ბიზნესმენები, ყოფილი და მოქმედი ჟურნალისტები დაესწრნენ, მათ შორის: მამუკა ხაზარაძე, გურამ დონაძე, ნინი ბადურაშვილი, ლიკა ქორქია, ეკა კახიანი, ანრი ჯოხაძე, მიშა მშვილდაძე და სხვები.

VIP-ის გარდა სხვა შესასვლელთან კონცერტის დაწყებამდე 15 წუთით ადრე რიგი იდგა, მათ შორის იყვნენ როგორც ბილეთიანი, ისე უბილეთო ადამიანები, რომლებიც კონცერტის ბოლომდე  პიაცაზე შესვლას ცდილობდნენ. ხოლო მათ, ვინც ხელი ჩაიქნიეს, სხვა მეთოდს მიმართეს – ისინი კონცერტის ფრაგმენტების დანახვის მიზნით, პატარა ჭუჭრუტანებიდან რიგრიგობით იხედებოდნენ.

პიაცას მოედანი კონცერტის დასრულებამდე ხალხით იყო სავსე. იქვე მცხოვრები ადამიანები აივნებზე იდგნენ, ან ფანჯრებიდან იყურებოდნენ და კონცერტს უსმენდნენ.

იქ ხმა მართლაც ისმოდა, თუმცა, თუ იმას  გამოვრიცხავთ, რომ რეალურად სტინგი მღეროდა და კრის ბოტი უკრავდა, ამ ხალხისთვის გაცილებით უკეთესი იქნებოდა, თუკი ისინი ამ მუსიკოსების შემოქმედებას სახლში, თუნდაც 90-ანი წლების დროინდელ კასეტებზე მოუსმენდნენ, რადგან ხმა და ჟღერადობა ნამდვილად უკეთესი იქნებოდა.

კითხვაზე, რატომ ხართ აქ,  კონცერტზე შესვლის შესაძლებლობა ხომ მაინც არ გაქვთ, ძირითადად, ერთსა და იმავე პასუხს ვიღებდით: „მიყვარს სტინგი და აქედან მაინც ვუსმენ, რომ მღერის,“ ,“მინდა, რომ ჩემი საყვარელი სიმღერა იმღეროს და მერე წავალ“, „ვსეირნობთ და აქეთ გამოვიარეთ“’,”ბილეთის ყიდვა მინდოდა, მაგრამ ვერ ვიყიდე, აღარ იყო, ამიტომ იძულებული ვარ, აქ ვიყო და ისე მოვუსმინო”.

 

ბათუმი,პიაცა,ნეტგაზეთ
ბათუმი,პიაცა,ნეტგაზეთ

სტინგის და კრის ბოტის კონცერტის შემდეგ, after party არის დაგეგმილი კლუბ take five -ში, სადაც შესვლა ასევე ლიმიტირებულია და იქ მოხვედრა მხოლოდ განსაკუთრებული სტუმრებისთვის არის შესაძლებელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი