ეკონომიკა

რუსეთის ”გაზპრომისა” და ბულგარეთის ”ენერჯი ჰოლდინგის” ტენდერი

8 ნოემბერი, 2010 • • 1009
რუსეთის ”გაზპრომისა” და ბულგარეთის ”ენერჯი ჰოლდინგის” ტენდერი

8 ნოემბერს მოსკოვში რუსეთის გაზის გიგანტმა კომპანია ”გაზპრომმა” და ბულგარეთის კომპანია ”ენერჯი ჰოლდინგმა” გამოაცხადეს ტენდერი კომპანიაზე, რომელიც ბულგარეთის ტერიტორიაზე  ”სამხრეთის ნაკადების” გაზსადენს აამოქმედებს.  

მანამდე ”გაზპრომის” აღმასრულებელმა დირექტორმა ალექსეი მილერმა განაცხადა, რომ ბულგარეთი და რუსეთი ”სამხრეთის ნაკადის” პროექტზე მუშაობის დაჩქარებაზე უკვე შეთანხმდნენ.

”ჩვენ მნიშვნელოვან პროგრესს განვახორციელებთ სამხრეთ ნაკადის პროექტის მშენებლობაში”-განაცხადა მან. ბულგარეთის ეკონომიკის, ენერგეტიკისა და ტურიზმის მინისტრის, ტრაიჩო ტრაიკოვის თქმით, ბულგარეთიც დაინტერესებულია ამ პროექტზე მუშაობის დაჩქარებით.

ბულგარეთში გაზის ექსპორტს მხოლოდ ”გაზპრომი” ახორციელებს. აღნიშნული კომპანიის გაზი ბულგარეთის გავლით თურქეთში, საბერძნეთსა და მაკედონიაშიც გაედინება.

”სამხრეთის ნაკადი” რუსული ”გაზპრომის” და იტალიური ”ენი”-ს ერთობლივ პროექტს წარმოადგენს, რომელიც ითვალისწინებს რუსული და შესაძლოა, ცენტრალური აზიის გაზის ექსპორტს ევროპაში შავი ზღვის გავლით. გაზსადენი წლიურად  30-63 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს გაატარებს.

პროექტის  ღირებულება დაახლოებით  8.6 მილიარდი ევროა და გაზსადენის მშენებლობა  2015 წლის დეკემბრისთვის დასრულდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი