ეკონომიკა

ერთდღიანი ტურიზმი აჭარაში

20 ივლისი, 2012 • 2396
ერთდღიანი ტურიზმი აჭარაში

ივნისის თვის მონაცემებით, აჭარაში მიმდინარე წელს 470 458 ტურისტია შემოსული, აქედან ნახევარი შიდა ტურიზმზე მოდის. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, ბოლო ორი კვირის მანძილზე ტურისტების რაოდენობამ იმატა და 600 ათასს მიაღწია.

 

იმ აუცილებელ მარშრუტებს შორის, რომელსაც აჭარაში ჩამოსული ტურისტები ათვალიერებენ, ძველი ბათუმის ტერიტორია და გონიო-აფსაროსი შედის. ტურისტული კომპანია „ბათ ტურის“ ტურიზმის მენეჯერი თემურ შავაძე ამბობს, რომ ტურისტთა მარშრუტებში ასევე შედის ბოტანიკურ ბაღი, დელფინარიუმი და ერას მოედანი.
„მედეას ძეგლი და ოქროს საწმისის თემა აინტერესებთ განსაკუთრებით. დიდი რაოდენობით ტურისტი შემოდის თურქეთიდან, თუმცა იმის გამო, რომ სასტუმროები გადატვირთულია და ვერ რჩებიან, უმეტესობა იმ დღესვე ბრუნდება უკან. ბევრი ისეთი შემთხვევაც ყოფილა, ჰქონიათ სურვილი გაჩერების, მაგრამ ჩვენ ვერ დაგვიჯავშნავს სასტუმრო. ძირითადი მოთხოვნა არის სამვარსკვლავიან სასტუმროებზე. საშუალოდ 150-160-ლარიან სასტუმროებს ეძებენ,“ – ამბობს თემურ შავაძე.

 

ტურისტული კომპანია „ვონდერლანდი“ ტურისტებს ტურებს მთელი ქვეყნის მასშტაბით სთავაზობს. „დაუვიწყარი არდადეგები შავ ზღვაზე“ – ასე ჰქვია პაკეტს, რომელსაც კომპანია ტურისტებს აჭარაში, შავიზღვისპირა ზოლში სთავაზობს.

 

„მარტო ჩვენს კომპანიას 500 ტურისტი ჰყავს შემოყვანილი, ძირითადად ირანიდან, აზერბაიჯანიდან, უკრაინიდან, ბელორუსიიდან და სომხეთიდან. სამწუხაროდ, ევროპიდან ცოტა არის. ჯგუფებად შემოდიან, მინიმუმ 15 კაცი უნდა იყოს ჯგუფში. რჩებიან სამი დღიდან – ორ კვირამდე. მაგრამ ყველაზე ხშირად რჩებიან ერთი კვირით. რას ნახულობენ? არიან ტურისტები, რომლებსაც ბაზარი აინტერესებთ. მოთხოვნა იყო ერთხელ, პრიბალტიკიდან იყვნენ და ხოფის ბაზრობაზე წავიყვანე. ძირითადად რჩებიან სასტუმროში, ოღონდ საშუალო დონის სასტუმროში, 80-დან 120 დოლარამდე რომ ღირდეს ორადგილიანი ნომერი. რედისონს, შერატონსა და ინტურისტს ძალიან მაღალი ფასი აქვთ. იაფი სასტუმროს შოვნა ძნელია. არ გვყოფნის ადგილები, ამიტომ წინასწარ ვცდილობთ დავჯავშნოთ. ან წინასწარ ვყიდულობთ სასტუმროს ნომრებს და ვცდილობთ, იგივე ფასად გავყიდოთ. არ ვამატებთ. მერე სასტუმროსგან ვიღებთ ჩვენ პროცენტს,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ საუბარში ტურისტული კომპანია „ვონდერლანდის“ აღმასრულებელი დირექტორი ნიკა ნიკოგოსიანი.

 

ბათუმის ტურისტული სააგენტო ერთ-ერთია იმ ორგანიზაციებიდან, რომელიც ტურისტებს მომსახურებას სთავაზობს:  „ვატარებთ სხვადასხვა სახის ტურებს, მაჭახელას ხეობაში გვყავდა ტურისტები. ქობულეთში, ისპანის ჭაობში მიგვყავს ხოლმე და ჩაის ქარხანაში, ბობოყვათში. მერე მიგვყავს ადგილობრივ მოსახლესთან, სადაც ადგილობრივ ცხოვრებას ეცნობიან, ეზო-კარს ათვალიერებენ, ბიოპროდუქტს მიირთმევენ. უფრო ახლოს ეცნობიან ადგილობრივ კულტურას და ყოფა-ცხოვრებას. ასევე ახლა გავაკეთეთ ჯორჯიან ნაითი სპეციალურად ტურისტებისათვის. ანუ შეჯიბრებებია ხინკლის მოხვევაში, ხაჭაპურის გაკეთებაში, სადღეგრძელოს თქმაში, თევზჭერაში. კონკურსის შემდეგ ვანიჭებთ სერტიფიკატებს ”საუკეთესო თამადა”, “საუკეთესო ხაჭაპურის მკეთებელი” და “საუკეთესო ხინკლის მკეთებელი”. პარალელურად ვაკეთებთ ფოლკლორულ შოუებს. ტურისტებს ეს ყველაფერი ძალიან მოსწონთ და ნასიამოვნები რჩებიან,“ – ამბობს ბათუმის ტურისტული სააგენტოს დირექტორი ეკა ჭანიშვილი.

 

ჭანიშვილის თქმით, ტურისტების განსაკუთრებით დიდი ნაკადი თურქეთიდან შემოდის. ტურისტთა ეს ჯგუფი სპეციფიკურია და ქვეყნის ტერიტორიაზე მხოლოდ რამდენიმე დღეს რჩება.

 

„ზოგადად ტურისტების დარჩენის სტატისტიკა ასეთია, მინიმუმ რჩებიან ერთი კვირა, მაქსიმუმ – ორი კვირა. რაც შეეხება თურქებს, ისინი ძირითადად ჩამოდიან პარასკევი-შაბათი-კვირა. თუმცა არიან სხვა დღეებშიც. ბევრი ჩამოდის ერთდღიან ტურებზე. არის შემთხვევები, როცა თბილისში მიდიან და აქაც რჩებიან,“ – ამბობს ეკა ჭანიშვილი.

 

 2012 წელს რეგიონში 120 ათასზე მეტი ტურისტი შემოვიდა თურქეთიდან.  სტატისტიკით, მეორე ადგილზე არიან ირანელები. ივნისის მონაცემებით, მათმა რიცხვმა 26 ათასს მიაღწია. 

სხვა ქვეყნების სტატისტიკა კი ასე გამოიყურება: აზერბაიჯანი – 14 299 კაცი, სომხეთი – 9026, უკრაინა – 9918, ისრაელი – 7 689, პოლონეთი – 5701, რუსეთი – 8955, ბელორუსი – 2895, რაც შეეხება სხვა ქვეყნებიდან შემოსულ ტურისტებს, მათი საერთო რაოდენობა 15 196-ია.

 

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, წელს აჭარაში 2 მილიონ ტურისტს ელოდებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი