ეკონომიკა

სასჯელი საბანკო ანგარიშის დაყადაღების შესახებ ინფორმაციის გახმაურებისთვის

27 ივნისი, 2012 • 1690
სასჯელი საბანკო ანგარიშის დაყადაღების შესახებ ინფორმაციის გახმაურებისთვის

საქართველოს პარლამენტმა 2012 წლის 12 ივნისს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში უკვე დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილება, რომლის თანახმადაც, საბანკო ანგარიშზე ყადაღის დადებასთან დაკავშირებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ მონაცემების გახმაურება ჯარიმით, ან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

 

თსუ–ს პროფესორის, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის ნოდარ ხადურის  შეფასებით, საქართველო პოლიციურ სახელმწიფოს ემსგავსება. 

 

„როცა მომხმარებელს არ აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მისი ანგარიში დაყადაღდა, ირღვევა მისი  უფლება, რადგან მას შეიძლება ჰქონდეს მძიმე ვალდებულებები ბიზნესების წინაშე. შესაძლოა, მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდეს ის კომპანია, ვისთანაც აქვს ურთიერთობა იმ მომხმარებელს, ვისი ანგარიშიც დაყადაღდა. თუმცა დღეს ხელისუფლებას ნაკლებად აინტერესებს საბანკო სექტორი და მისი მომხმარებელი. მთავარია, ყველა ინფორმაცია და ბიზნესი ერთ რკინის ხელში იყოს,“– ამბობს ნოდარ ხადური.  

 

“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” იურისტის სოფო ვერძეულის შეფასებით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილება ბუნდოვანია:

 

„ეს არის სპეციფიკური მუხლი და ბუნდოვანი ნორმა, რადგან არ ჩანს, კონკრეტულად ვინ არ უნდა გაახმაუროს ანგარიშების დაყადაღების შესახებ არსებული ინფორმაცია. წესით, პასუხისგება უნდა დაეკისროს იმ პირს, ვინც შესაბამისი დადგენილი წესით  გაფრთხილებული იყო ამის შესახებ. ახალ ნორმაში ეს არ არის მითთებული. აქ მთავარი პრობლემაა ის, რომ არ ჩანს ეს ნორმა ვისზე უნდა გავრცელდეს“.   

 

სოფო ვერძეულის განმარტებით, საბანკო ანგარიშების დაყადაღების შესახებ ინფორამციის გახმაურება დასჯადია მანამდე, ვიდრე მესაკუთრე არ მოითხოვს ამ ინფორმაციას.

 

„ახალი კანონის ამოქმედების შედეგად გამოწვეული შეზღუდვა მოქმედებს ყველაზე, მიუხედავად იმისა, მიიღეს თუ არა მათ შესაბამისი გაფრთხილება ინფორმაციის დაფარვის შესახებ. კანონის ბუნდოვანი ნორმის გამო, შესაძლოა, თვით ანგარიშის მფლობელიც კი დაისაჯოს“.  

 

„ახალი მემარჯვენეების“ ეკონომიკური მიმართულების ექსპერტის ლევან კალანდაძის აზრით, ამ საკანონმდებლო ცვლილებით,  ხელისუფლება სრულად იწყებს იმ ადამიანების კონტროლს, ვის მიმართაც ხორციელდება იძულებითი გადახდების ღონისძიებები:

 

„ხელისუფლებას არ აწყობს ამ ადამიანების მიერ საგადასახადო აღსრულებასთან დაკავშირებული ინფორმაციის გასაჯაროება“.

 

კალანდაძე აღნიშნავს, რომ ინფორმაციის გასაჯაროება საბანკო ანგარიშების დაყადაღების შესახებ ავტომატურად ნიშნავს საზოგადოებრივი მონიტორინგის და კონტროლის მექანიზმების ჩართვას, ეს კი ხელისუფლებას გარკვეულ პრობლემებს და დისკომფორტს უქმნის.

 

„საზოგადოებრივი ადვოკატირების ინტიტუტი აიძულებს ხელისუფლებას, ხშირ შემთხვევაში, მისი სუბიექტური შეხედულებებიდან გამომდინარე, გარკვეულ ინიციატივებზე და ქმედებებზე უკან დაიხიოს,” –ამბობს ლევან კალანდაძე.  

 

ილიას უნივერსიტეტის პროფესორი, ირაკლი ლექვინაძე არ გამორიცხავს, რომ ხელისუფლებამ მსხვილი კომპანიების ანგარიშები დააყადაღოს და სწორედ ამ ინფორმაციის გასაჯაროება არ მოხდეს. 

 

„შეიძლება, ეს საკანონმდებლო ცვლილება ამით არის გამოწვეული, რომ რომელიმე საბანკო ანგარიშზე დადებული ყადაღის შესახებ ინფორმაცია არ გახმაურდეს. ხშირად კომპანიები ღიად აცხადებენ, რომ მათი ქონება დაყადაღებულია, რასაც შესაბამისი საინფორამაციო ნაკადიც მიჰყვება.“

 

ლექვინაძის აზრით,  შეიძლება მოახლოებული არჩევნების ფონზე პოლიტიკოსებთან დაახლოებული ბიზნესების საბანკო ანგარიშები დაყადაღდეს:

 

„ხელისუფლება შეეცდება, რომ ეს ზედმეტი ხმაურის გარეშე მოხდეს. ამ საკანონმდებლო ცვლილების შედეგად ხელისუფლება არასასურველი ინფორაციის გავრცელების საფრთხეს თავიდან აიცილებს“.

 

კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტის (CIESR) აღმასრულებელი დირექტორი დათო ნარმანია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში განხორციელებულ ცვლილებებს მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს უკავშირებს:  

 

„ეს რეგულაცია და არჩევნები დროში ემთხვევა. წმინდა ეკონომიკური თვალსაზრისით, საკანონმდებლო ცვლილებას ეკონომიკური ეფექტი არ აქვს. ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. თუ ვინმე დააფინანსებს პოლიტიკურ პროცესებს, მისი ანგარიშები ისე დაყადაღდება, რომ ინფორმაცია საჭიროების შემთხვევაში ადრსატამდე ვერ მივა“.  

 

საბანკო ანგარიშებზე კონტროლი ხელისუფლებამ გასული წლის შემოდგომაზე გაამკაცრა.

 

საბანკო ანგარიშებზე მონიტორინგის  რეგულაცია 2011 წლის ნოემბრიდან მოქმედებს. კანონის ავტორი პარლამენტარი კახა ანჯაფარიძეა.

 

რეგულაციის თანახმად, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ პირი დანაშაულებრივ ქმედებას ახორციელებს საბანკო ანგარიშის თუ ანგარიშების გამოყენებით, ან/და ჩამორთმევისადმი დაქვემდებარებული ქონების მოძიების თუ იდენტიფიცირების მიზნით, პროკურორი უფლებამოსილია, საქართველოს მთავარი პროკურორის ან მისი მოადგილის თანხმობით, გამოძიების ადგილის მიხედვით სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით საბანკო ანგარიშების მონიტორინგის შესახებ განჩინების გაცემის თაობაზე.

 

ბანკი ვალდებულია, ითანამშრომლოს გამოძიებასთან და მიმდინარე რეჟიმში მიაწოდოს ინფორმაცია ერთ ან რამდენიმე საბანკო ანგარიშზე განხორციელებული ოპერაციების შესახებ.

 

საბანკო ანგარიშების მონიტორინგის ვადა სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების მოპოვებისათვის აუცილებელ ვადას არ აღემატება.

 

საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი ზურაბ გვასალია „ნეტგაზეთთან” საუბარში განმარტავს, რომ „სამართალდამცავ ორგანოებს მანამდეც ჰქონდათ უფლება, სასამართლოს გადაწყვეტილებით ნებისმიერი ანგარიში გაეხსნათ. ახლა მოხდა უბრალოდ დაკონკრეტება, დადასტურებული ეჭვი თუ ექნება პროკურატურას, მას უნდა ჰქონდეს იმის უფლება, რომ განახორციელოს მონიტორინგი და ფინანსური ოპერაციები შეაჩეროს, მაგრამ რამდენად კეთილსინდისიერი იქნება მოსამართლე, პროკურორი, ეს არის ცალკე თემა. საკანონმდებლო ცვლილებები, ბანკისა და კლიენტის ურთიერთობაზე არ აისახება“.

მასალების გადაბეჭდვის წესი