ეკონომიკა

Fitch–ის ახალი რეიტინგები საქართველოს ბანკებისთვის

22 ივნისი, 2012 • 1452
Fitch–ის ახალი რეიტინგები საქართველოს ბანკებისთვის

Fitch–ის პრესრელიზის თანახმად, „თიბისი ბანკისთვის“, „პროკრედიტ ბანკისთვის“ და „საქართველოს ბანკისთვის“ რეიტინგების აწევა კაპიტალიზაციის და ლიკვიდურობის მაღალმა მაჩვენებელმა განაპირობა. თუმცა სარეიტინგო სააგენტოს ანალიტიკოსები საქართველოს საბანკო სექტორის შეფასებისას რეფინანსირების რისკზე საუბრობენ. საქართველოში ბანკების დაფინანსების წყარო საერთაშორისო ფინანასური ინსტიტუტები არიან. 

 

Fitch–ი აქცენტს აკეთებს „პროკრედიტ ბანკის“ კარგ მენეჯმენტზე და ასევე აღნიშნავს, რომ  „საქართველოს ბანკის“ კორპორაციული მართვის მენეჯმენტის ხარისხი საკმაოდ მაღალია. „თიბისი ბანკში“ კი კარგად მუშაობს რისკ–მენეჯმენტი. ბანკმა 2008–2009 წლებში საკმაო ზარალი განიცადა.

 

Fitch–ის შეფასებით, ამ სამი ბანკის რეიტინგის ზრდას რისკ–მენეჯმენტის ხარიახიანი მართვა და კლიენტების კარგი ბაზა განაპირობებს. თანაც სამივე ბანკის მსხვილი აქციონერები უცხოური საფინანსო ინსტიტუტები არიან.

 

„თიბისი ბანკს“ და „საქართველოს ბანკს“ დომინანტის პოზიცია აქვთ საბანკო ბაზარზე, ხოლო „პროკრედიტ ბანკს“ საკმაოდ მძლავრი პოზიციები აქვს მცირე ბიზნესის დაკრედიტებაში.

 

Fitch–ის შეფასებით, საქართველოს სუვერენული რეიტინგი BB- ია, რაც სტაბილურ პროგნოზს  ნიშნავს. თუმცა სარეიტინგო სააგენტო გამოთქვამს შეშფოთებას, რომ ქვეყნის ეკონომიკური განვითრების მაჩვენებელი კვლავ დაბალია, ხოლო უცხოურ ვალუტაში დაკრედიტების მაჩვენებელი სამი ბანკის საკრედიტო პორტფელის განხილვისას 65–75 პროცენტია.   

 

ეს კი კაპიტალის მაღალ მგრძნობელობას განაპირობებს, იმ შემთხვევაში, თუ ლარი კიდევ უფრო გაუფასურდა. 

 

Fitch–ის მოსაზრებით, თუ ბანკებმა ეკონომიკის დაკრედიტება აქტიურად დაიწყეს, მაშინ მათი მდგრადობის ინდექსი საფრთხის ქვეშ დადგება. სააგენტოში აღნიშნავენ, რომ „თიბისი ბანკში”  55 პროცენტი უცხოურ ფინანსურ ინსტიტუტებს ეკუთვნით და უხვი დაკრედიტების შემთხვევაში ბანკის სტაბილურ რეიტინგს თავისი ფინანსური რესურსებით უზრუნველყოფს.

   

Fitch–ის ინფორმაციით, 2011 წლის ბოლოს „საქართველოს ბანკის“ აქტივების წილი ბაზარზე 36 პროცენტი, „თიბისი ბანკის“ წილი 27 პროცენტი, ხოლო „პროკრედიტის“ – 9 პროცენტი იყო.

 

2012 წლის თებერვალში „საქართველოს ბანკმა“ ლონდონის ბირჟაზე საკუთარი აქციების ლისტინგში განთავსების  უფლება მიიღო.

 

რაც შეეხება „თიბისი ბანკს“, მისი უცხოელი აქციონერები არიან: ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (20 პროცენტი), საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (20 პროცენტი), Deutsche Investitions- und Entwicklungsgesellschaft mbH (DEG, 11 პროცენტი) და FMO (3 პროცენტი).

მასალების გადაბეჭდვის წესი