ეკონომიკა

ვინ არის „მადნეულისა“ და „კვარციტის“ ახალი მფლობელი?

18 ივნისი, 2012 • 3088
ვინ არის „მადნეულისა“ და „კვარციტის“ ახალი მფლობელი?

„დანამდვილებით ვიცი, რომ კომპანია „მადნეული“ და „კვარციტი“ გაიყიდა. თუმცა მფლობელის შესახებ ინფორმაციას არ ვფლობ. გარიგება 14 ივნისს განხორციელდა, ახალი მყიდველის ვინაობა ოფიციალურად მალე გახდება ცნობილი,“ – ამბობს ჯონი შუბითიძე.

 

„ჯეოპრომაინინგის“  მიერ ქართული აქტივების – „მადნეულისა“ და „კვარციტის“  გაყიდვის შესახებ ინფორმაციას „ინტერფაქსი“ ავრცელებს. ინფორმაციაში ნათქვამია, რომ „ჯეოპრომაინინგმა“ ფინანსური გარიგება ქართული აქტივების შესახებ უკვე დახურა და „მადნეული“ და „კვარციტი“ 120 მილიონ დოლარად გაყიდა. „ინტერფაქსთან“ საუბარში „ჯეოპრომაინინგის“ მენეჯმენტის წარმომადგენლები მყიდველის ვინაობას არ ასახელებენ.

 

საჯარო რეესტრის მონაცეებით, სს „მადნეულში“ სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობა ვადაზე ადრე შეიცვალა. 2012 წლის 7 ივნისს, კომპანიის აქციების 99,19 034 პროცენტის განმკარგავი  „ჯი პი ემ ჯორჯია ბი. ვი.“–ის გადაწყვეტილებით, სამეთვალყურო საბჭოში ახალი პირები – რუსეთის მოქალაქე დიმიტრი ტროიცკი, ზურაბ ქუთელია და ვახტანგ ფარესიშვილი შევიდნენ.

 

ვახტანგ ფარესიშვილმა კომპანიის გენერალური დირექტორის თანამდებობა  2012 წლის 7 ივნისს დაიკავა.

 

კომპანია „ჯი პი ემ ჯორჯია ბი. ვი.“ ამსტერდამშია რეგისტრირებული და მას ოლეგ ბელიაევი წარმოადგენს. 2011 წლის 21 სექტემბერს კომპანია „ჯეო პრომაინინგთან“ გაფორმებული მინდობილობის საფუძველზე,  „ჯი პი ემ ჯორჯია ბი. ვი.“ „მადნეულის“ აქციების 99,19034 პროცენტს 2012 წლის 21 სექტემბრამდე განკარგავს.

 

საჯარო რეესტრის მონაცემებით, კომპანიის ახალი მფლობელების შესახებ ინფორმაცია არ არის მოცემული. გრაფაში– მფლობელები– ნაჩვენებია, რომ კომპანია რეორგანიზაციის რეჟიმშია.

 

„მადნეულის“ და „კვარციტის“ ვებგვერდებზე მითითებულ ტელეფონის ნომრებზე არ პასუხობენ.

 

„მადნეულის“  და „კვარციტის“ საბადოებზე  ლიცენზია  „ჯეოპრომაინინგმა“ 2005 წელს ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გამართულ აუქციონზე 51,1 მილიონ დოლარად იყიდა. ლიცენზიის ვადა 2014 წლის მაისში იწურებოდა. ამ ობიექტების დამუშავების ლიცენზიაზე ტენდერი საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ 2012 წლის იანვარში გამოაცხადა.   

 

ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ინფორმაციით, ლიცენზია 29 თებერვალს 110.5 მილიონ ლარად გაყიდა.

27–წლიანი ლიცენზია კომპანია Mining Investments LLC –მა მოიპოვა, რომელიც აუქციონის ერთადერთი მონაწილე იყო.

 

კომპანია საქართველოში 2012 წლის 13 თებერვალს დარეგისტრირდა – დაახლოებით ერთ თვეში, მას შემდეგ, რაც ბუნებრივი რესურსების სააგენტომ 19 იანვარს წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია აუქციონზე გაიტანა.

 

Mining Investments LLC –ის 100%-იანი წილის მფლობელი ალვიდას ბრუსოკასია, ლიტვის მოქალაქე, რომელიც სანკტ–პეტერბურგში ცხოვრობს.

 

„ჯეოპრომაინინგის“ მენეჯმენტში ტენდერის დასრულების შემდეგ განაცხადეს, რიმ კომპანიამ ლიცენზიის ტენდერში მონაწილეობა არ მიიღო, რადგან ფასი კომერციულად არ იყო მომგებიანი.   

 

სასარგებლო წიაღისაულის მოპოვების ბაზარზე „კავკასიის სამთო ჯგუფი“  „ჯეოპრომაინინგის“ ერთადერთი კონკურენტია.

 

“კავკასიის სამთო ჯგუფი” 2011 წლის 30 აგვისტოს დარეგისტრირდა და კვიპროსში 2011 წლის 6 ივნისს დარეგისტრირებული Pamtilon Holdings Limited–ის შვილობილ კომპანიას წარმოადგენს.

 

სააქციო საზოგადოება “მადნეულზე” საქართველოს ენერგეტიკისა და  ბუნებრივი რესურსების სამინიტროს მიერ (სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო)  2011 წლის ზაფხულში  ჩამორთმეული  სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის ორი ლიცენზიიდან ერთ-ერთი  კომპანია „კავკასიის სამთო ჯგუფმა“ ოქტომბერში 93,5 მილიონ ლარად იყიდა.

სს „მადნეული“ მმართველი გუნდის წევრ, პარლამენტარ კობა ნაყოფიას სახელს უკავშირდება. საჯარო რეესტრის მონაცემებით, კობა ნაყოფია სს”მადნეულის” აქციონერია. მისი სახელი კომპანიაში 2008 წელს გამართულ აქციონერთა კრების ოქმშია შეტანილი, სადაც ნაყოფია კომპანიის საკონტროლო პაკეტის მფლობელს სამეთვალყურეო საბჭოში ახალი წევრების შეყვანას სთხოვს.

გავრცელებული ინფორმაციით, ნაყოფიამ “მადნეულში” წილი 2011 წლის შემოდგომაზე დათმო. სწორედ ამ დროს ჩამოართვა საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ კომპანიას ლიცენზია 37 საბადოზე, რომელსაც ფლობდა, თუმცა არ ამუშავებდა. ნაყოფია ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებს. 

კობა ნაყოფიას ბიზნესბიოგრაფია რუსეთში იწყება. 1996-2004 წლის ოქტომბრამდე ის რუსეთში სხვადასხვა კომპანიის გენერალური დირექტორი და ვიცე–პრეზიდენტი იყო. 2004 წლის ოქტომბერში კი საქართველოში ჩამოვიდა და სს “მადნეულის” გენერალური დირექტორი გახდა. შემდეგ  შპს “კვარციტის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და  შპს “ზარაფხანა დეველოპმენტის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. 2008 წლიდან ნაყოფია საქართველოს მე–7 მოწვევის პარლამენტში აირჩიეს  “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარ დეპუტატადად.

2010 წელს ნაყოფიამ პატრიოტიზმისა და ბიზნესში ახალი სტანდარტების დანერგვისთვის ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი მიიღო.

კოფა ნაყოფიამ დააფინანსა რენი ჰარლინის ფილმი “აგვისტოს ხუთი დღე”, რომელიც imdb.com-ის მონაცემებით, დაახლოებით 12 მილიონი დოლარი დაჯდა. ნაყოფია ფილმის ერთ-ერთი პროდიუსერიცაა. საზოგადოებას იგი განსაკუთრებით დაამახსოვრდა ფილმის პრემიერაზე ჩამოსულ შერონ სტოუნთან შეხვედრისას.

კობა ნაყოფია ამჟამინდელი მოწვევის პარლამენტში სამი კომიტეტის წევრობას (სპორტისა და ახალგაზრდულ კომიტეტის წევრი, განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის წევრი, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კომისიის წევრი) ითავსებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი