ეკონომიკა

პრემიერის მხარდაჭერა ცეზარ ჩოჩელს ახალი ქარხნის აშენების საქმეში

19 აპრილი, 2016 • 2010
პრემიერის მხარდაჭერა ცეზარ ჩოჩელს ახალი ქარხნის აშენების საქმეში

“სენაკში სრული ციკლის, თანამედროვე, „ევრო 4″ სტანდარტის შესაბამისი ცემენტის მწარმოებელი ქარხანა აშენდება”, – საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, პროექტის დეტალები საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ბიზნესმენ ცეზარ ჩოჩელის შეხვედრაზე განიხილეს.

“როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, პროექტი ჩინურ კომპანიასთან ერთად ხორციელდება და მისი საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 100 მილიონი დოლარია. მშენებლობა მიმდინარე წლის ივნისის თვეში დაიწყება და მასზე 500 ადამიანი დასაქმდება. ცეზარ ჩოჩელის განმარტებით, ამავე რაოდენობის მუშახელი დასაქმდება ქარხანაში მისი ამოქმედების შემდეგ. სენაკში წარმოებული ცემენტი ორიენტირებული იქნება, როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე საექსპორტოდ.

გიორგი კვირიკაშვილისა და ბიზნესმენ ცეზარ ჩოჩელის შეხვედრა © მთავრობის პრესსამსახური

გიორგი კვირიკაშვილისა და ბიზნესმენ ცეზარ ჩოჩელის შეხვედრა © მთავრობის პრესსამსახური

პრემიერთან შეხვედრაზე ცეზარ ჩოჩელმა სხვა საინვესტიციო გეგმებზეც ისაუბრა. ბიზნესმენი ახლო მომავალში აპირებს ეთერზეთების გადამამუშავებელი და ექსტრაქტების დამამზადებელი ქარხნების მშენებლობას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიზნესმენს მთავრობის სახელით მხარდაჭერა აღუთქვა აღნიშნული პროექტების განხორციელებაში და ხაზი გაუსვა ინვესტიციების მნიშვნელობას ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და დასაქმების ხელშეწყობის კუთხით”, – ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.

ცეზარ ჩოჩელი 2002 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად დაბა ახალგორის საკრებულოს თავმჯდომარედ აირჩიეს. 2002 წლის 2 ივლისს ახალგორის რაიონის გამგებლად დაინიშნა.
2003 წლის 2 ნოემბერს ჩოჩელი საქართველოს პარლამენტის წევრი ახალგორის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქიდან გახდა.

2008 წლის თებერვლიდან, პრეზიდენტის ბრძანებულებით, ცეზარ ჩოჩელი მცხეთა-მთიანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულადად – გუბერნატორად დაინიშნა. ჩოჩელი დაკავებული თანამდებობიდან 2012 წლის 24 ნოემბერს გადადგა.

სახელისუფლებო ცვილების შემდეგ, 2013 წლის იანვარში ცეზარ ჩოჩელი დააკავეს. იგი 200 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. 2015 წლის მარტში გაზეთ ბანკები და ფინანსებისთვის მიცემულ ინტერვიუში ჩოჩელმა თქვა: “ჩვენს წინააღმდეგ დაწყებული ორი სისხლის სამართლის საქმე დასრულდა. ყადაღა მოხსნილი აქვს ყველა კომპანიას, დარჩენილია მხოლოდ ,,ბარამბო“. „ბარამბოზე“ აპელაცია მოვიგეთ და მაისში პროცესი ბოლო ინსტანციაში, უზენაეს სასამართლოში გადაინაცვლებს. შესაბამისად, გარკვეული სახის პრობლემები კვლავ გრძელდება და, შესაბამისად, „ბარამბოს“ განვითარების სტრატეგიაზე მუშაობა ფერხდება”.

იმავე ინტერვიუში ჩოჩელმა ხელისუფლების დამოკიდებულებაზეც ისაუბრა კონკრეტულად მათი ჯგუფის ბიზნესებთან დაკავშირებით: “შემიძლია ვთქვა, რომ ზეწოლა აღარ იგრძნობა, მხოლოდ „ბარამბოსთან“ დაკავშირებული პრობლემა რჩება მოუგვარებელი”.

მასალების გადაბეჭდვის წესი