ახალი ამბები

კბილაშვილი მთავარი პროკურორის თანამდებობას ტოვებს

7 ნოემბერი, 2013 • • 1553
კბილაშვილი მთავარი პროკურორის თანამდებობას ტოვებს

 

“შემიძლია ვთქვა, რომ ირაკლი ღირსებითა და წესიერებით სავსე ადამიანია. რასაკვირველია, ჩვენ გვქონდა და გვაქვს განსხვავებული შეხედულებებიც პრიორიტეტებთან, გამოწვევებთან და სამართალდაცვით სფეროში გასატარებელ რეფორმებთან დაკავშირებით, მაგრამ აღნიშნული ერთ გუნდში მყოფი საერთო მიზნის მქონე თანამებრძოლების განსხვავებული შეხედულებებია, რაც ყოველთვის არსებობდა და მომავალშიც იარსებებს ბიძინა ივანიშვილის რეფორმატორთა გუნდში. მე წარმატებები მინდა  ვუსურვო მას ახალ ასპარეზზე”, – განაცხადა არჩილ კბილაშვილმა.

 

მისივე თქმით, მას ბიძინა ივანიშვილმა მისცა შესაძლებლობა, რომ პირველად მის ცხოვრებაში ემსახურა საჯარო სამსახურში. მისივე განცხადებით, მას ე.წ. ორხელისუფლებიანობის, კოჰაბიტაციის პირობებში მოუხდა საქმიანობა, რის გამო, როგორც მთავარმა პროკურორმა, დაიმსახურა საზოგადოების გარკვეული ნაწილის გულისწყრომა.

 

“ბუნებრივია ისიც, რომ ვარ კოაბიტაციით განაწყენებულ მოქალაქეთა წყრომის ადრესატიც, თუმცა ვთვლი, რომ პრემიერ ივანიშვილის მთავრობის პოლიტიკა, რომელიც სისხლის სამართლის სფეროში ზომიერებითა და დაბალანსებულობით გამოირჩეოდა, ერთადერთი სწორი პოლიტიკა იყო”, – განაცხადა კბილაშვილმა.

 

მისივე თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ ვერ ამჩნევდა იმ ნაკლოვანებებს, რაც თან ახლდა პროკურატურის ფუნქციონირებას:

 

“მტკიცედ მჯერა, რომ ახალი პრეზიდენტისა და ახალი პრემიერის უფლებამოსილების დადასტურებისთანავე ნაკლოვანებათა აღმოფხვრის მიზნით უნდა დაიწყოს სისტემური რეფორმა საქართველოს მთავარ პროკურატურაში, უნდა მოხდეს ფუნქციათა გამიჯვნა, შიდა კონტროლის მექანიზმების ჩამოყალიბება, გამოძიებაზე პროკურატურის საზედამხედველო როლის გაძლიერება. პროკურატურის რეპრესიული მანქანა უნდა შეიცვალოს ინსტიტუციონალურად ახალი ევროპული მოდელის პროკურატურით.  განსახორციელებელი რეფორმის უვერტიურად მესახება ახალი პოლიტიკის შემუშავება თეთრი საყელოს დანაშაულების გამოძიებისას, რომლის განხორციელებისათვის მუშა ჯგუფი უკვე   შეუდგა თავის საქმიანობას. დადგა დრო მკაფიო პასუხი გაეცეს ქონებაჩამორთმეულთა და უკანონო განაჩენებით მსჯავრდებული ადამიანების პრეტენზიებს.” 

 

არჩილ კბილაშვილი
არჩილ კბილაშვილი

არჩილ კბილაშვილმა განმარტა, თუ რატომ ტოვებს თანამდებობას. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლა გადაწყვიტა, მას არაერთხელ უსაუბრია ივანიშვილთან, რომ ისიც გადასულიყო მასთან ერთად სამოქალაქო სექტორში, რათა “მხარში ამოვდგომოდი აწ უკვე საზოგადო მოღვაწე ბიძინა ივანიშვილს”, – განაცხადა კბილაშვილმა.

 

მისი თქმით, ზნეობრივი ნაბიჯია ივანიშვილისგან პოლიტიკიდან წასვლა:

 

“მისი თანამდებობიდან წასვლა ადასტურებს, რომ მისი ბრძოლა ზნეობრივ იდეალს და არა ხელისუფლებაში მოსვლას ემსახურებოდა”, – განაცხადა კბილაშვილმა.

 

მისივე თქმით, ივანიშვილი ნაადრევად მიიჩნევდა არჩილ კბილაშვილის თანამდებობიდან გადადგომას:

 

“მე კი ვფიქრობ, რომ თანამდებობაზე ჩემი მოსვლა მოხდა ნაადრევად, რადგან წინა რეჟიმს რომ მართლმსაჯულების კარი უხეშად არ ამოეგმანა, არც პოლიტიკისაკენ და არც თანამდებობისაკენ გამხედავი არ ვიყავი, ყოველ შემთხვევაში 41 წლის ასაკში, როგორც ეს ჩემს სინამდვილეში მოხდა. თანამდებობაზე ყოფნა უდავოდ პრესტიჟია, თუმცა იგი ჩემთვის ღირებულებას არ წარმოადგენს”, – განაცხადა კბილაშვილმა.

 

მისივე თქმით, გარკვეული შეუთანხმებლობა პრემიერ-ივანიშვილთანაც ჰქონდა:

 

“არც იმას უარვყოფ, რომ პროკურატურის გარდაქმნისა და არსებულ ნაკლოვანებათა აღმოფხვრის დროსთან დაკავშირებით ჩემი და პრემიერის მოსაზრებები ერთმანეთს არ ემთხვევა, მაგრამ ეს შეეხება დროს და არა პრინციპს. პრემიერი, ისევე როგორც მე, ფიქრობს, რომ საქართველოში ევროპული ტიპის პროკურატურა უნდა შევქმნათ, ოღონდ მე შედარებით სწრაფი მოქმედებების მომხრე ვარ. ვნახოთ, დრო აჩვენებს, რამდენად ვცდებოდი. იმის გამო, რომ პროკურატურა აღმასრულებელი ხელისუფლების ნაწილია, მთავარ პროკურორს ევალება, პრემიერის მიერ განსაზღვრულ პოლიტიკას მისდიოს.” 

 

კბილაშვილი აცხადებს, რომ არც ერთ სხვა სახელმწიფო სამსახურში არ აპირებს დასაქმებას და გააგრძელებს საქმიანობას სამოქალაქო სექტორში ბიძინა ივანიშვილთან ერთად.

 

კბილაშვილმა არ დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მმართველი გუნდი მის კანდიდატურას გენერალური აუდიტორის თანადმებობაზე განიხილავს, რომელსაც ამჟამად ლაშა თორდია იკავებს. კბილაშვილის თქმით, მან არც ის იცის, განიხილება თუ არა მთავარი პროკურორის პოსტზე მისი მოადგილის, ლაშა ნაცვლიშვილის კანდიდატურა.

 

 

კბილაშვილის თქმით, ის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე შეინარჩუნებს თანამდებობას, ხოლო ამის შემდეგ, მომავალი პრემიერ-მინისტრი გადაწყვეტს, თუ ვინ გახდება მთავარი პროკურორი.


მასალების გადაბეჭდვის წესი