საზოგადოება

სათამაშოები – სტერეოტიპები ბავშვობიდან

4 აპრილი, 2014 • • 5546
სათამაშოები – სტერეოტიპები ბავშვობიდან

სათამაშოების მაღაზიებში გოგონებისა და ბიჭების სექციას ადვილად გაარჩევთ ერთმანეთისგან. თუ ბიჭის სათამაშოები ძირითადად სუპერგმირები, პოლიციელები, მეხანძრეები და ასაწყობი კონსტრუქციები არის, გოგონების სათამაშოები შოპინგზე მოსიარულე ლამაზი დიასახლისებია, რომელთაც არც სამსახური აქვთ და არც პროფესია, სანაცვლოდ თან მოჰყვება ვარდისფერ კოლოფში ჩატანებული სამზარეულოს ინვენტარი, საცურაო კოსტუმები და პატარა ფინიები.

 

აისახება თუ არა სათამაშოების ბაზარზე დამკვიდრებული გენდერული სტერეოტიპები ბავშვის შემდგომ წარმოდგენებზე ქალისა და მამაკაცის საქმიანობისა და სოციალური როლის შესახებ? გენდერის სპეციალისტი, თათა ცოფურაშვილი ამბობს, რომ – კი. მისი თქმით, ეს საზოგადოების დაკვეთაა:

 

“ყველაფერი იმას ემსახურება, რომ გოგონას იმთავითვე ამზადებენ პასიური ცხოვრებისთვის, უსაზღვრავენ, თუ რა უნდა დაისახოს იდეალად, რომ მთავარი მის ცხოვრებაში არის ის, რომ უნდა გათხოვდეს, გახდეს დედა, დიასახლისი, მაშინ, როცა ბიჭს არავინ ეუბნება იმას, რომ მისი მთავარი ფუნქცია არის ის, რომ მოიყვანოს ცოლი და ჩასახოს ბავშვი, მიუხედავად იმისა, რომ ეს მის ცხოვრებაშიც იგულისხმება. ბიჭებს ეუბნებიან, რომ ის სხვანაირად ორიენტირებული უნდა იყოს, რომ მან რაღაცა უნდა შექმნას, რაღაც სარგებელი მოუტანოს საზოგადოებას. პრობლემა ის არის, რომ ერთ სქესს ამას უსახავ ცხოვრების უმთავრეს მიზნად, ხოლო მეორე სქესს – ამ შემთხვევაში ბიჭებს, ეუბნები, რომ მათ კიდევ სხვა რაღაცების გაკეთებაც შეუძლიათ”.

 

გენდერის სპეციალისტის თქმით, არსებითი პრობლემა ის მოლოდინებია, რომელიც უფროს თაობას აქვს იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს მათი შვილი.

 

ხშირად მშობლების შეშფოთებას იწვევს ის გარემოება, როცა ბიჭები ინტერესდებიან თოჯინებით და იმ ნივთებით, რომელიც ტრადიციულად გოგონების სათამაშოებად მიიჩნევა. ბავშვთა ფსიქოლოგის მაია ცირამუას თქმით, მშობლების უმრავლესობას არ აქვს გააზრებული, რომ გარკვეულ ასაკამდე ბავშვი ბისექსუალია – “მას ჯერ საბოლოოდ არ აქვს ჩამოყალიბებული სქესობრივი იდენტობა – ამიტომ, როცა ხედავენ, რომ გოგონა ბურთით და მანქანებით ინტერესდება, ხოლო ბიჭი – თოჯინით, “თავზარი” ეცემათ ხოლმე; ასეთი რეაქციები ხშირად ლამის მთელი ოჯახის პრობლემად გადაიქცევა და ჩნდება აკრძალული სათამაშოების მთელი ნუსხა… და ის, რაც ჩვეულებრივია, არსებითია ბავშვისთვის, მას პრობლემის სახით უბრუნდება. ჩნდება იარლიყები “ბიჭი ხომ არ ხარ?!”, “რა გოგოსავით თამაშობ”, რაც ძალაუნებურად აფიქსირებს ბავშვის ყურადღებას იმაზე, რაც დიდებისთვის მიუღებელია, მისთვის კი აბსოლუტურად გაუგებარი და ბუნდოვანი. ეს ხშირად ბრალეულობის განცდაში, შიშსა და სხვადასხვა ემოციურ პრობლემებში გადადის”.

 

“ეს სტერეოტიპები არის იმ უფროსი თაობის მიერ ნაკარნახევი, რომლებიც ბიჭებს ეუბნებიან, რომ მან არ უნდა იტიროს იმიტომ, რომ ემოციების ჩვენება ბიჭის შესაფერისი საქციელი არ არის. როცა ბიჭს უშლიან გოგოს სათამაშოებით თამაშს, აჩვენებენ, რომ ქალის საქმე თავისი მნიშვნელობით არის მეორეხარისხოვანი საქციელი, რომელიც კაცს არ შეეფერება. ეს ხდება იმის მიზეზი, რომ შემდგომში ზრდასრულ მამაკაცსაც ეთაკილება საკუთარი შვილის გასეირნება ეზოში და საკუთარი თეფშის გარეცხვა სამზარეულოში. ამ კოდს ბავშვობიდანვე უნერგავენ ბიჭებს, იმიტომ, რომ ის საქმე, რასაც ქალი აკეთებს, არსობრივად უფრო დაკნინებულია, ვიდრე ის, რისი გაკეთებაც მამაკაცს შეუძლია”, – ამბობს თათა ცოფურაშვილი.

 

თათა ცოფურაშვილის თქმით, გენდერული როლების დამახინჯებული მოდელის პოპულარიზაციაში დიდწილად მედიაც არის დამნაშავე: “საგულისხმოა, რომ ის იმიჯი, რომელიც ადრე იყო გავრცელებული საბავშვო ფილმებში, რომ გოგონასთვის იდეალური სახე არის პრინცესა, რომელმაც თითში ქინძისთავი იჩხვლიტა, ამის გამო სძინავს და მხსნელს ელოდება, ნელ-ნელა იცვლება და ამ იმიჯების ჩანაცვლება ხდება (მართალია, ისევ პრინცესა, მაგრამ მაინც) აქტიური ქალის იმიჯებით. ოღონდ ჩვენს საზოგადოებაში, რომელიც უფრო კონსერვატიულია და რომელიც წარსულის იმიჯებზეა კონცენტრირებული, მაინც უფრო პასიური ქალის როლი არის დომინანტური. ლიდერი გოგონები გამოჩნდა საზღვარგარეთულ მულტფილმებსა და არა ქართულ მედიაში, რომელიც აბსოლუტურად პატრიარქალურ სტერეოტიპებს სთავაზობს საზოგადოებას”, – ამბობს თათა.

 

როგორ აკეთებენ არჩევანს სათამაშოების შერჩევისას თავად ბავშვები? – მაღაზიებში ამბობენ, რომ სათამაშოების შერჩევისას მშობლებს უკვე გადაწყვეტილება მიღებული აქვთ, თოჯინებს ძირითადად გოგონებისთვის ყიდულობენ, მანქანებსა და სუპერგმირებს – ბიჭებისთვის. ბათუმში, მაღაზია “ბანანას” მენეჯერის, მედეა ბერიძის თქმით, ძალიან იშვიათად ხდება, როცა ბიჭები თოჯინებს ითხოვენ და პირიქით – “თუმცა მაინც არიან ისეთი ბავშვები – ბიჭებს გოგონების სათამაშოები რომ მოსწონთ და გოგონებს ბიჭების”.

 

იგივე სიტუაციაა მაღაზია “სათამაშოები XS”-ში: “ხდება, როცა გოგონა ბიჭის სათამაშოებით ინტერესდება, მაგრამ უმეტესად მაინც თოჯინებისკენ მიჰყავს მშობელს”, – ამბობს გივი თალაკვაძე, კონსულტანტი.

 

სულ ახლახან ბრიტანულმა “ინდეპენდენტ”-მა, შვიდი წლის შარლოტას წერილი გამოაქვეყნა, რომელიც გოგონამ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარული სათამაშოების კომპანია “ლეგოს” მისწერა:

 

“ძვირფასო კომპანია ლეგო. მე მქვია შარლოტა. მე 7 წლის ვარ და მე მიყვარს ლეგო, მაგრამ არ მომწონს, რომ ლეგო-ბიჭები უფრო ბევრია, ვიდრე ლეგო-გოგონები. დღეს მე მაღაზიაში ვიყავი და დავინახე ლეგო ორ განყოფილებაში – ვარდისფერში გოგონებისთვის და ცისფერში ბიჭებისთვის. ყველაფერი, რასაც გოგონები აკეთებდნენ, ეს სახლში ჯდომა, პლაჟზე და მაღაზიაში სიარულია, მათ არ ჰქონდათ სამსახური. ბიჭებს კი თავგადასავლები ჰქონდათ, მუშაობდნენ, ხალხს ეხმარებოდნენ და ზვიგენებთან ერთადაც ცურავდნენ. გთხოვთ, გააკეთეთ მეტი ლეგო-გოგონები და მათ ჰქონდეთ თავგადასავლები და მხიარულება, კარგით?!

 

შარლოტა ბენჟამინი, 7 წლის”.

მასალების გადაბეჭდვის წესი