ახალი ამბები

ირაკლი სესიაშვილის აზრით, სააკაშვილის დაკითხვის საკითხზე რეაქციები გადამეტებულია

24 მარტი, 2014 • • 997
ირაკლი სესიაშვილის აზრით, სააკაშვილის დაკითხვის საკითხზე რეაქციები გადამეტებულია

 

“მე ვფიქრობ, გადატებულია ყველა ეს რეაქცია. მესმის, რომ ნაცმოძრაობა ისტერიკაშია და ცდილობს საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან მკვეთრი რეაქცია მოითხოვს, რათა საკუთარი ტყავი გადაარჩინოს, მაგრამ აქ საგანგაშო არაფერია. თუ ვინმეს ეშინია, ეს სხვა პრობლემაა, მაგრამ ჩვენი სახელმწიფო ნებისმიერი მოქალაქის მიმართ იქნება ადეკვატური და კანონის ფარგლებში იმოქმედებს. თუ ვინმეს დანაშაული აქვს ჩადენილი, ამაზე, რა თქმა უნდა, პასუხი უნდა აგოს, იქნება ეს ყოფილი, თუ დღეს მოქმედი, [თანამდებობის პირი] ამას მნიშვნელობა არ აქვს. მსოფლიოში არსებობს ათობით და ასობით მაგალითი, როდესაც პირველი პირი დაკითხეს”, – განაცხადა სესიაშვილმა და ამ თვალსაზრისით ჟურნალისტებს საფრნაგეთის იტალიიის და აშშ–ის მაგალითები დაუსახელა.

 

მისივე თქმით, პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალე იქნება, რაც კითხვის ნიშნებს მოხსნის.

 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პროკურატურაში დაბარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “ნეტგაზეთი” უცვლელად გთავაზობთ: 

 

“ამერიკის შეერთებული შტატები შეშფოთებულია საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, დაკითხვაზე დაიბაროს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე. არავინ არ დგას კანონზე მაღლა, მაგრამ ერთდროულად რამდენიმე გამოძიებაში ყოფილი პრეზიდენტის ჩართვა ბადებს ლეგიტიმურ შეშფოთებას პოლიტიკურ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებით, მით უფრო, როცა სამართლებრივი და სასამართლო ინსტიტუტები ჯერ კიდევ მყიფეა. როგორც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ვაშინგტონში, თებერვალში გამართულ უმაღლეს შეხვედრაზე ითქვა, ამერიკის შეერთებული შტატები მოუწოდებს საქართველოს ლიდერებს, ქართველი ერის ენერგია მომავალს, ძლიერ ეკონომიკას, მართლმსაჯულების სექტორის შემდგომ რეფორმებს და ევროატლანტიკურ ინტეგრაციის სწრაფ პროგრესს მოახმაროს”.-ნათქვამია განცხადებაში.  

 

შეგახსენებთ, რომ პროკურატურა სააკაშვილს მოწმის სახით დაკითხვაზე რამდენიმე სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით იბარებს, თუმცა იგი ამ დროისთვის საქრთველოში არ იმყოფება. სააკაშვილი პროკურატურაში 27 მარტს უნდა გამოცხადეს 13:00 საათზე. პროკურატურის ცნობით, უწყება გიული ალასანიას  ჩაბარდა. მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ იგი საქართველოში დაკითხვის გამო ჩამოსვლას არ აპირებს.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი