ეკონომიკა

გადამზიდავების პროტესტი ეკონომიკის სამინისტროსთან

1 მაისი, 2014 • • 1291
გადამზიდავების პროტესტი ეკონომიკის სამინისტროსთან

საპროტესტო აქციაში მონაწილე კომპანიების წარმომადგენლები “ნეტგაზეთთან” საუბარში აცხადებენ, რომ აღნიშნული კანონპროექტი “ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებასთან” წინააღმდეგობაში მოდის, გადამზიდავების საქმინობა ბაზარზე იზღუდება და “საქართველოს ფოსტის” მონოპოლიას უზრუნველყოფს. 


DHL–ის დირექტორის თანაშემწე თამთა პაპელაშვილის განცხადებით, აღნიშნული კანონპროექტი წინააღმდეგობაში მოდის “ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებასთან” და ეკონომიკის სამინისტროს მისი გადახედვა ევროკავშირთან ამ ხელშეკრულების ხელმოწერის  შემდეგ მაინც მოუწევს: 

 

ასოცორების ხელშეკრულებაში წერია, რომ ბაზარი გადაზიდვების კომპანიებისათვის უნდა იყოს თავისუფალი და არ უნდა იყოს შეზღუდვები. ასევე გამიჯნული უნდა იყოს საკურიერო და საფოსტო გზავნილები, რომელიც არ არის ამ კანონპროექტის მიხედვით გამიჯნული. უნივრსალური მომსახურების ქოლგის ქვეშ ექცევა ერთიც და მეორეც. ეკონომიკის სამინისტროსთან გვქონდა საუბარი ამ საკითხზე. იყო გაკეთებული უხეში კომანტარი, რომ ჩვენ ჯერ არ ვართ ევროპა და არ ვართ ვალდებულები გავითვალისწინოთ ყველაფერი. ეკონომიკის სამინისტროს მაინც მოუწევს გადახედვა. ჩვენ ვესაუბრეთ ევროკავშირის წარმომადგენლებს და მათი პოზიცია იყო, რომ მალე გამოგზავნიან ექსპეტრს, რომელიც დაამუშავებს კანონპროექქტს და მოახდენს შედარებას ასოცირების ხელშეკრულებასთან. ჩვენი ერთ–ერთი რეკომენდაცია იქნება, რომ დაველოდოთ ექსპერტის დასკვნას და არ შევიდეს კანონპროექტი პარლამენტში.”   

 

„სტარგრუპის“ დირექტორი და დამფუძნებელი თეა მაჭავარიანი ამბობს, რომ  თუ  DHL და TNT გავა ბაზრიდან, ეს იქნება ყველაზე დიდი სირცხვილი საქართველოსთვის:


“პირდაპირ ასოცირების ხელშეკრულებაში წერია, რომ გაიმიჯნოს საფოსტო და საკურიერო მომსახურება. საფოსტო გზავნილების ბაზარი ევროპაში არის ლიბერალური. იქ თავისუფალია ბაზარი. ეკონომიკის სამინისტრო დაგვპირდა, რომ კანონპროექტს ჩვენთან ერთად განიხილავდა. მაგრამ დღემდე არავინ დაგვკავშირებია.”

 

“ეს კანონპროექტი ემსახურება იმას, რომ შეიქმნას დიდი მონოპოლია, საუბარია “საქართველოს ფოსტაზე”. კანონპროექტი ყველა ამ სფეროში დასაქმებულ კომპანიას გვიკრძალავს საქმიანობას და გვართმევს 30 კილოგრამს ქვემოთ ნებისმიერი წერილის და ამანათის დატარების უფლებას. ეს ნიშნავს იმას, რომ ერთპიროვნულად ამ სერვისის მიმწოდებელი ქვეყანაში “საქართველოს ფოსტა” იქნება, რაც გამოიწვევს იმას, რომ ჩვენი კომპანიები ამ ბაზარზე აღარ იარსებებს. ეს, პირველ რიგში, ეწინააღმდეგება ლიბერალური ეკონომიკის პრინციპებს. რა თქმა უნდა, იქმნება მონოპოლია და ქვეყანაში ჯანსაღი კონკურენციის განვითარებისთვის საზიანოა” – ამბობს კომპანია TNT–ის დირექტორი ნინო მენთეშაშვილი.

გადამზიდავების აქცია ეკონომიკის სამინისტროსთან  1.05.2014
გადამზიდავების აქცია ეკონომიკის სამინისტროსთან 1.05.2014

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გადამზიდავების პროტესტს დღეს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამოეხმაურა:


“საფოსტო კანონმდებლობის საბოლოო ვერსია ჯერ არ არის მზად და მასზე მუშაობა მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, გარკვეული არგუმენტები გათვალისწინებული იქნება, თუმცა არის ასევე არაარგუმენტირებული მოთხოვნებიც. ფოსტა ძალიან ბევრ ქვეყანაში სარგებლობს გარკვეული მონოპოლიებით, რომელიც გამომდინარეობს იმ მომსახურებებიდან, რომელიც კომერციულად არ არის მიმზიდველი და სახელმწიფო ფოსტა ახორციელებს. რაც შეხება ამანათის წონას და ამაზე მსჯელობა მიდის, ჩვენ მზად ვართ, შემხვედრი ნაბიჯები გადავდგათ”.


საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ შეიმუშავა კანონპროექტი “საფოსტო კავშირის შესახებ“, რომელიც საფოსტო კავშირის სფეროში საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლების ახლებურად მოწესრიგებას, კერძოდ, ბაზრის ამ სეგმენტზე სახელმწიფო რეგულირების შემოღებას ითვალისწინებს.


“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” უფროსი ანალიტიკოსი ნათია კუტივაძე “ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობს, რომ ბაზარზე შემოდის რეგულირების ახალი წესი, რომელიც DHL, TNT, UPS, FEDEX  –ს ბაზრის  დატოვებას აიძულებს.


ნათია კუტივაძის განცხადებით, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” კანონპროექტი „საფოსტო კავშირის შესახებ“ დეტალურად შეისწავლა და დაასკვნა, რომ  ახალი კანონპროექტი  „საქართველოს ფოსტის“ მიერ ბაზრის მონოპოლიას უზრუნველყოფს: 

 

გადამზიდავების აქცია ეკონომიკის სამინისტროსთან  1.05.2014
გადამზიდავების აქცია ეკონომიკის სამინისტროსთან 1.05.2014

კანონპროექტით გათვალისწინებულია, რომ მას შემდეგ, რაც კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისია საფოსტო კავშირის სფეროში საქმიანობის მსურველი პირის ავტორიზაციას მოახდენს, სამინისტროს გადაწყვეტილებით, მხოლოდ ერთ ავტორიზებულ პირს მიენიჭება საფოსტო კავშირის ეროვნული (დანიშნული) ოპერატორის სტატუსი (მუხლი 38.2).  კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს (მუხლი 54.2), რომ სწორედ „საქართველოს ფოსტას“ უნდა მიენიჭოს ეროვნული (დანიშნული) ოპერატორის სტატუსი. აღნიშნული სტატუსის მინიჭება 20 წლის ვადით ხდება(მუხლი 44.1), ამ პრაქტიკის მსგავსი ანალოგი კი საერთაშორისო პრაქტიკაში არ იძებნება.  აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ სამინისტრო ან უგრძელებს ამ სტატუსს არსებულ ოპერატორს, ან ახალ ოპერატორს შეარჩევს.

 

გადამზიდავების აქცია ეკონომიკის სამინისტროსთან  1.05.2014
გადამზიდავების აქცია ეკონომიკის სამინისტროსთან 1.05.2014

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” შეფასებით,  საყურადღებოა ის გარემოება, რომ ეროვნულ (დანიშნულ) ოპერატორს სხვა საქმიანობაც არ ეზღუდება (მუხლი 24.10) და გათვალისწინებულია მომსახურების სხვა სახეობების ნუსხის სამინისტროს აქტით დამტკიცება (მუხლი 22).

 

ამდენად, კანონპროექტი შეიცავს რისკს, რომ განმეორდეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 25 იანვრის №30 ბრძანებით შემოღებული პრაქტიკა−სამინისტროს აქტით ეროვნულმა (დანიშნულმა) ოპერატორმა („საქართველოს ფოსტამ“) კვლავ განაგრძოს საქონლის გადაზიდვის მომსახურების (ე.წ. „კარგო“ გადაზიდვების) განხორციელება. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ კანონპროექტი ითვალისწინებდეს საფოსტო გზავნილის ან/და ამანათის ზომისა და წონის კონკრეტულ მახასიათებლებს და შეესაბამებოდეს საფოსტო კავშირის სფეროში საქმიანობის საერთაშორისო პრაქტიკას.

 

 

 


მასალების გადაბეჭდვის წესი