ახალი ამბები

სააკაშვილი: ხელისუფლებამაც და ოპოზიციამაც თავი უნდა დაანებონ ბინძურ ინტრიგებს

20 მარტი, 2014 • • 964
სააკაშვილი: ხელისუფლებამაც და ოპოზიციამაც თავი უნდა დაანებონ ბინძურ ინტრიგებს

“სოციალურ ქსელებში კი არ გავრცელდა, გაავრცელა საქართველოს მთავრობამ, რომლის მოქმედებას მე არ ვაკრიტიკებ, არა მაქვს ჩვევა, რომ ვაკრიტიკო. საქართველოს მთავრობამ გაავრცელა და მსოფლიოს არც ერთ ცივილიზებულ ქვეყანაში მთავრობა და პროკურატურა სისხლის სამართლის საქმეებს კლიპებად არ ავრცელებს. ეს ვრცელდება გასაგები მიზეზების გამო, არაფერი ამ საქმეში ახალი არ არის, ყველაფერი გამოძიებულია, ყველამ ძალიან კარგად იცის ყველაფერი, მათ შორის სერიოზულმა საერთაშორისო გამომძიებლებმა. ყველაფერი გარკვეულია, მაგრამ, როგორც ჩანს, არის სერიოზული შიდა პროგრამა და ეს პროგრამა არის პოლიტიკური”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

ყოფილი პრეზიდენტი აცხადებს, რომ დღეს, როდესაც საქართველო საფრთხეშია, მთავრობა ასეთი ქმედებებით არ უნდა იყოს დაკავებული:

 

“მინდა ვუთხრა ყველას, დღეს საქართველო არის ძალიან დიდ საფრთხეში, ხალხო, რითი ხართ დაკავებული? ხვალ რომ რუსეთმა თქვას, რომ, მაგალითად, სომხეთთან უნდა დერეფანი და თბილისში რომ შემოიყვანოს ჯარები. იმ პირობებში, როცა საქართველოში დაკავებული ვართ არა იმით, რა ხდება უკრაინაში, არა იმით, რა ხდება რუსული საერთო შეტევის თვალსაზრისით ჩვენს ქვეყანაზე, ჩვენ ოკუპირებულ მიწებზე, რა გეგმები აქვს რუსეთს, არამედ დაკავებული ვართ ყველანი ერთად ისეთი წვრილმანი, ისეთი მდაბიო ძიძგილაობით, ჩვენ აღარ შეგვრჩება ქვეყანა, ასე თუ გავაგრძელეთ. ახლა ოპოზიციაც და მთავრობაც უნდა იჯდეს ერთად და მსჯელობდეს იმაზე, რომ რეალურად ამ გარემოებებში, რომელიც შექმნა დღეს პუტინმა, საქართველოსთვის ყოველი წუთი, ყოველი დღე მნიშვნელოვანია. ჩემ გარდა რატო არავინ ლაპარაკობს საერთაშორისო არხებზე, მე აღარ ვარ თანამდებობის პირი, სად არის საქართველოს პრემიერ–მინისტრი, სად არის საქართველოს პრეზიდენტი, მე უნდა ვლაპარაკობდე იმაზე, რომ საქართველო საფრთხეშია? მე უნდა ვლაპარაკობდე ოკუპაციაზე? მე უნდა ვლაპარაკობდე 2008 წელზე? მათი სამშობლო ეს არ არის? რითი არიან დაკავებული? ამ შემთხვევაში მე მარტო მთავრობას არ ვეხები, მთავრობაც და ოპოზიციაც უნდა დასხდნენ, დაანებონ თავი ინტრიგებს, ბინძურ ინტრიგებს.”, – განაცხადა სააკაშვილმა.

 

შეკითხვაზე, გამოცხადდება თუ არა ის დაკითხვაზე იმ შემთხვევაში, თუ პროკურატურამ დაიბარა, სააკაშვილი პასუხობს:

 

“მე არ ვმონაწილეობ ამ ბინძურ ინტრიგებში, რომელსაც აქვს ძალიან კონკრეტული სარჩული, მე მივიღე ეს გადაწყვეტილება, მაგრამ თუ ვინმე ამას დააპირებს, ყველა აგებს პასუხს შესაბამისად. ყველამ ძალიან კარგად იცის ყველაფერი, მათ შორის საერთაშორისო არენაზე, ტყუილად ჰგონია ვინმეს, რომ საერთაშორისო არენაზე, ან თუნდაც ქვეყნის შიგნით ბნელა”

 

სააკაშვილის თქმით, დღეს წყდება მსოფლიოს ბედი და ქართველი მაღალჩინოსნები ასეთ დროს პირად შურზე და ღვარძლზე მაღლა უნდა დადგნენ.

 

“დღეს რითია დაკავებული საქართველოს მთავრობა, 90% ტელეეთერის მაქვს მე დაკავებული მსოფლიოს ტელეარხებზე, ეს არ არის ყოფილი პრეზიდენტების საქმე და გადამდგარი პოლიტიკოსების საქმე. დღეს წყდება დღევანდელი საქართველოს ხალხის ბედი, დღევანდელი მთავრობის, დღევანდელი პოლიტიკური სპექტრის, დღევანდელი მოქმედი პირების გადასაწყვეტია ეს”, – აღნიშნა ყოფილმა პრეზიდენტმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი