კომენტარი

იაროსლავ ბრატკევიჩი: საქართველოს ევროინტეგრაციული პროცესის ჩემპიონად განვიხილავთ

9 მარტი, 2014 • • 1871
იაროსლავ ბრატკევიჩი: საქართველოს ევროინტეგრაციული პროცესის  ჩემპიონად განვიხილავთ

მათ თბილისში შეხვედრები გამართეს ოპოზიციის და ხელისუფლების წარმომადგენლებთან.  “ნეტგაზეთი” ესპანელ და პოლონელ მაღალჩინოსნებს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე, საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებსა და ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივაზე ესაუბრა:


ნეტგაზეთი: საუბარი დავიწყოთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებით. როგორ ფიქრობთ, უნდა ელოდოს თუ არა საქართველო მსგავს საფრთხეებს რუსეთისაგან, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის კონტექსტში?

 

იაროსლავ ბრატკევიჩი: მე არაფრის გამორიცხვა არ შემიძლია, მაგრამ  მჯერა, რომ ეს ნაკლებად არის მოსალოდნელი. პროცესების შემდგომი განვითარება ძალიან არის დამოკიდებული იმაზე, თუ რა მოხდება უკრაინაში. სამწუხაროდ, ეს საკითხი ბევრ ისეთ რაღაცას შეიცავს, რაც არაპროგნოზირებადია და მისი განჭვრეტა რთულია. ეს კრიზისი უკრაინაში საერთაშორისო სამართლის შესაბამისად უნდა გადაწყდეს და მე მჯერა, რომ თუ ეს სათანადოდ მოგვარდება, განსაკუთრებულ საფრთხეებსა და გამოწვევებს საქართველოსთვის ადგილი აღარ ექნება.


იაროსლავ ბრატკევიჩი
იაროსლავ ბრატკევიჩი

იგნასიო იბანიეს რუბიო: ჩემი აზრით, ის რეაქცია, რომელიც ამ პროცესს მოჰყვა, ადასტურებს იმას, რომ ეს ევროკავშირისთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ჩვენ გვქონდა ორი ექსტრაორდინარული საბჭო საგარეო საქმეთა მინისტრების. მესიჯი, რომელიც ევროპისგან მოდის, ძალიან მკაფიოა. ჩვენ გამოვხატავთ ძალიან ძლერ შეშფოთებას იმის გამო, რაც უკრაინაში ხდება, ევროკავშირის ლიდერებმა ეს ძალიან ნათლად თქვეს. უკვე არის რაღაც საკითხები, რაც ევროპელმა ლიდერებმა გადაწყვიტეს: მოსკოვთან სავიზო რეჟიმზე მიმდინარე მოლაპარაკების შეწყვეტა, ასევე არის მესიჯი რუსეთისთვის, რომ თუ მოვლენები არასწორი მიმართულებით განვითარდება, გარკვეული დროის შემდეგ სხვა შედეგებიც დადგება. ასევე მნიშვნელოვანი მესიჯი იყო დიალოგის შესახებ. ევროპელი ლიდერები ჯერ კიდევ ფიქრობენ, რომ დიალოგის შესაძლებლბა არსებობს და დაჟინებით მოითხოვენ რუსეთისგან იმ პირობების შესრულებას, რასაც საერთაშორისო თანამეგობრობა აყენებს. თუ რუსეთი ამ მოთხოვნებს შეასრულებს, პროცესები ნორმალურ ვითარებას დაუბრუნდება.

რაც შეეხება საქართველოს, როგორც ჩემმა პოლონელმა კოლეგამ აღნიშნა, ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ არსებობს კავშირი იმას შორის, რაც ხდება იქ და რა შეიძლება მოხდეს აქ. რა თქმა უნდა, ჩვენ გვესმის ის წუხილი, რაც საქართველოს აქვს ამ სიტუაციასთან დაკავშირებით. ჩვენ გვერდში ვუდგავართ საქართველოს ამ საკითხთან დაკავშირებით. ევროპის ლიდერებსაც სურდათ, გამოეხატათ ეს განცხადებაში. ევროკავშირის პოლიტიკური და ეკონომიკური მხარდაჭერა საქართველოსა და მოლდოვას მიმართ ძალიან ნათელია ასოცირების შეთანხმებით. ევროკავშირი ძალიან ახლოდან, ყურადღებით აკვირდება მოვლენებს და სათვალავში იღებს საქართველოს შეშფოთებას.

ნეტგაზეთი: არის თუ არა ევროკავშირი საკმარისად მკაცრი რუსეთის ქმედებების წინააღმდეგ. ბევრი საუბრობს იმის შესახებ, რომ ის სანქციები, რომელიც თქვენც ახსენეთ და რომელიც ევროკავშირმა რუსეთს დაუწესა, ასევე განცხადებები შეშფოთებების თაობაზე, უბრალოდ, ვერ შეაჩერებს კრემლს.

იგნასიო იბანიეს რუბიო: თუ თქვენ ნახავთ ევროკავშირის დასკვნას, თუ დააკვირდებით, როგორ არის შედგენილი ის, მიხვდებით, რომ ძალიან ძლიერი ტექსტია. რუსეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია ორივე მხარისთვის, რუსეთისთვისაც და ევროპელებისთვისაც. გუშინ ევროპელმა ლიდერებმა განაცხადეს, რომ წყვეტენ ახალ ხელშეკრულებებზე  და სავიზო რეჟიმზე მოლაპარაკებას, ეს არის ნიშანი რუსეთისთვის, რომ  ჩვენ არ მივიღებთ სიტუაციას ისე, როგორც არის ახლა. ჩვენ დაჟინებით მოვითხოვთ მათგან, რომ მიყვნენ საერთაშორისო ხაზს, რაც უკრიანის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემაზე გადის. ეს მესიჯი ძალიან ნათლადაა წარმოჩენილი ევროკავშირის დასკვნაში. ახლა დროა რუსეთისთვის, რომ ეს ყველაფერი რეალობაში ასახოს. რუსეთმა უნდა დაინახოს, რომ რეალურად არის იზოლირებული, იგივე [გაეროს] უშიშროების საბჭოში ყველა ერთ ხაზზეა რუსეთის გარდა. რუსეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობა მნიშვენლოვანია ორივე მხარისთვის და არა მხოლოდ ერთი მხარისთვის. ჩვენ გამოვხატეთ მზადყოფნა დიალოგისთვის, მაგრამ იმისათვის, რომ ეს დიალოგი შედგეს, რუსეთი უნდა მოიქცეს ისე, როგორც ამას საერთაშორისო თანამეგობრობა მოელის.

იაროსლავ ბრატკევიჩი: მე მხოლოდ დავამატებ იმას, რაც ჩემმა ესპანელმა კოლეგამ განაცხადა. ევროკავშირი საერთაშორისოდ მიღებული ნორმებით არწმუნებს რუსეთს და ეუბნება, რომ რუსეთი დაკარგავს ხელსაყრელ მოლაპარაკებებს, პერსპექტიულ პროექტებს, თუ ის გააგრძელებს ამ მკვეთრ პოლიტიკურ ხაზს. რუსეთთან პარტნიორობის ფორმატში ჩვენ ბევრი პროექტის იდეა გვაქვს. ჩემი აზრით, რუსეთისთვის უკეთესი იქნება, თუ კონცენტრირებას მოახდენს ამ ცენტრალურ საკითხებზე და არა რაღაც სათავგადასავლო ტერიტორიულ კონტექსტებზე. ჩვენ კვლავ ღია ვართ ჩვენი შეთავაზებისთვის. მე მჯერა, რომ ჯერ კიდევ არის შესაძლებელი რუსეთის დარწმუნება, რომ დიალოგი უკეთესია, ვიდრე ნებისმიერი პოლიტიკური და განსაკუთრებით სამხედრო დაპირისპირება.


ნეტგაზეთი: როდესაც საქართველოს მოქალაქეები უკრაინაში მიმდინარე რთულ მოვლენებს ადევნებენ თვალს, ზოგიერთი მათგანი სვამს კთხვას, ვინ დაგვეხმარება ჩვენ საკუთარი თავის დაცვაში, თუ იგივე პროცესები საქართველოშიც განვითარდება? ხომ არ ფიქრობთ, რომ საქართველოს ნატოში სწრაფად გაწევრიანება კარგი პასუხი იქნებოდა რუსეთის მიერ შექმნილ გამოწვევაზე?

იაროსლავ ბრატკევიჩი: მე არ დავაყანებდი საკითხს ასე დრამატულად. მე მჯერა, რომ ის გზა, რომლითაც უკრაინული კრიზისი გადაწყდება, რეგიონში პროცესების შემდგომი განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საყურადღებო იქნება. ამას მნიშვნელოვანი გავლენა საქართველოზეც ექნება. ჩემი აზრით, რაზეც კონცენტირირება უნდა გააკეთოს საქართველომ, არის ის, რომ… თქვენ უნდა აჩვენოთ, რომ მიუხედავად ზოგიერთი პრობლემისა, რაც ტერიტორიულ საკითხებს უკავშირდება, მაინც შეგიძლიათ შიდა ძალების მობილიზება, რათა გქონდეთ დასახული შიდა განვითარების ტრაექტორია. ეს ყოველთვის არის თავდაცვის საუკეთესო საშუალება. მეორე მხრივ, მე მჯერა, რომ არსებობს საერთო განწყობა: ევროკავშირი და დასავლეთი დაიცავენ ქვეყანებს, რომლებიც მიყვებიან დემოკრატიას, მოდერნაიზაციას და რომლებიც ლოიალურნი არიან ევროკავშირის პრინციპებისადმი. ეს სწორედ თქვენი და მოლდოვას საქმეა. თუ ადგილი ექნება რაიმე სახის მანევრებს, ეს გახდება ძალიან მყისიერი და მეგობრული დებატების საგანი თქვენს სასარგებლოდ.

ნეტგაზეთი: მე ნატოს თაობაზე გკითხეთ, არ ფიქრობთ, რომ საქართველომ დაიმსახურა გაწევრიანების სამოქმედო გეგმა (MAP) კარდიფის სამიტისთვის?


იაროსლავ ბრატკევიჩი: ჩემი აზრით, უსაფრთხოება ყოველთვის ღრმად არის გამაგრებული შიდა განვითარებით. [ნატოში] თქვენი სამომავლო გაწევრიანების გამორიცხვის გარეშე, მე, უბრალოდ, ვიტყოდი და ვურჩევდი საქართველოს, რომ დაუახლოვდეს ევროკავშირს, რომელსაც ასევე აქვს უსაფრთხოების  შესაძლებლობები თავის აქტივში. რაც თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, [ევროკავშირთან დაახლოება] ტრანსფორმაციის და სოლიდური საძირკვლის მშენებლობაა ქვეყნის შემდგომი აყვავებისთვის. ეს უფრო არა ახლო საფრთხეების საკითხია, არამედ თქვენი განვითარების ფილოსოფია, რომელიც ყველა პრობლემაზე მაღლა უნდა დადგეს. მოდენრიზაცია და განვითარება თქვენი აქტივობების ერთ-ერთი მთავარი საგანი უნდა იყოს.

იგნასიო იბანიეს რუბიო: დავიწყოთ პირველი საკითხით, ანუ როდესაც ვიღაც ამბობს, თუ როგორ შეიძლება, რომ ჩვენ დავეხმაროთ და მხარი დავუჭიროთ საქართველოს. მინდა გავაგრძელო ჩემი პოლონელი კოლეგის ხაზი – ძალიან ბევრ შემთხვევაში საუკეთესო დახმარება, რომელიც შენ შეიძლება მიიღო, არის ის, რომ თვითონ შეძლო საკუთარი თავის დახმარება, ანუ თვითონ გქონდეს მცდელობა. მგონია, რომ ამ თვალსაზრისით საქართველო ძალიან კარგად მოქმედებს, რადგან ასოცირების შეთანხმების მოლაპარაკების პროცესი ძალიან მნიშვნელოვანია ელემენტია და თქვენ ამას ძალიან კარგად გაართვით თავი… შესაძლებელი გახდა ტექსტზე შეთანხმება, ტექსტი უკვე პარაფირებულია, ახლა ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მისი ხელმოწერა სწრაფად მოხდება. ამის შემდეგ მოდის დრო, რომელიც რთული იქნება საქართველოსთვის: ამ მნიშვნელოვანი შეთანხმების ამოქმედება. ვფიქრობ, ეს არის პირველადი და უმთავრესი დამხარება საქართველოსთვის. მე დავეთანხმები ჩემს პოლონელ კოლეგას, რომ პროცესის შიდა ნაწილი და საქართველოს მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია. ევროკავშირმა არაერთხელ გამოხატა უკვე და მე დარწმუნებული ვარ, რომ მომავალშიც გამოხატავს მზადყოფნას საქართველოს დახმარების თაობაზე.


რაც შეეხება უსაფრთხოების საკითხს და ნატოს. ბევრი ინსიტუცია არსებობს, ნატო ერთ-ერთი მთაგანია, ევროკავშირიც ასევე. არსებობს წესები და პროცდურები, როგორ ხდება წევრი. ნატოს შემთხვევაში მას ძალიან მკაფიო პოლიტიკა აქვს, რომელსაც პოლონეთიც, ესპანეთიც და სხვა წევრებიც იცავენ, ეს არის ღია კარის პოლიტიკა. ჩვენ ამას მხარს ვუჭერთ. ღია კარის პოლიტიკა ნიშნავს იმას, რომ კარი ღიაა, მაგრამ შიგნით რომ შეხვიდე, უნდა აკმაყოფილებდე გარკვეულ სტანდარტებს. ჩვენ არ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება სწრაფად და ფორსირებულად, რადგან ეს დააზიანებს ორგანიზაციას და მის მუშაობას. ნატო აპირებს, რომ მოამზადოს ანგარიში იმ ქვეყნების მდგომაროების შესახებ, რომლებსაც ნატოს წევრობა სურთ და წევრმა ქვეყნებმა უნდა ვნახოთ ეს რეპორტი. არის ზოგიერთი ელემენტი, რომელიც საქართველოს სასარგებლოდ მეტყველებს: საქართველო აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო მისიებში ნატოს და ევროკავშირის ეგიდით. ეს ძალიან ღირებული ელემენტებია ჩვენი მხარისთვის. თქვენ კონტრიბუციას ეწევით ავღანეთში, სურვილი გამოთქვით აფრიკულ მისიებზეც. ეს ყველაფერი ძალიან პოზიტიური ელემენტებია, მაგრამ, მე ვფიქრობ, ჩვენ ვერ გავწევთ რისკს, რომ წავიდეთ სხვა გზით იმის მაგივარდ, რომ ვიაროთ ნორმალურ გზაზე, რაც ნიშნავს იმას, რომ თქვენ უნდა დააკმაყოფილოთ ყველა მოთხოვნა და შემდეგ, რა თქმა უნდა, კარიც გაიღება.


იგნასიო იბანეს რუბიო
იგნასიო იბანეს რუბიო

ნეტგაზეთი: საქართველოს ექს–პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე კვირის წინ განაცხადა, რომ უკრაინაში განვითარებული მოვლენების შემდეგ ევროპაში აღარავის სჯერა, რომ 2008 წლის რუსეთ–საქართველოს ომის დროს საქართველო იყო დამნაშავე. იზიარებთ ამ მოსაზრებას?


იგნასიო იბანიეს რუბიო: მე მგონი, უკვე ყველა ხედავს სიტუაციის რევოლუციას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოქმედებდნენ იმ დროს. ჩვენ ვსწავლობთ გამოცდილებიდან, იმისგან, რასაც კარგად ვაკეთებთ და ასევე შეცდომებისგანაც. მე არ ვფიქრობ, რომ წინსვლაში დაგევემხარება მხოლოდ იმის გააანალიზება, რა გავაკეთეთ 2008 წელს. მნიშვნელოვანია, რომ ის, რაც 2008 წელს მოხდა, ახლა გამოვიყენოთ იმისათვის, რომ უკეთ ვიყოთ მომზადებული. ახლა საერთაშორისო თანამეგობრობა ძალიან არის გაერთიანებული, ამას კი  ხშირად ვერ ნახავთ. უშიშროების საბჭოს ყველა წევრი, გარდა ერთისა, შეთანხმდა ერთ რაღაცაზე იმასთან დაკავშირებით, რაც რუსეთმა გააკეთა. ეს არის ის ხაზი, რომელსაც ჩვენ უნდა მივყვეთ. ყოველთვის მნიშვნელოვანია, რომ სცადო და ამას ევროკავშირი უკეთესად აკეთებს ხოლმე, – როდესაც საერთო პრობლემა გაქვს, უნდა ეცადო, რომ საერთო გამოსავალი მოძებნო. უკრაინის კრიზისის დროს სწორედ ამაზე აქცენტირებას ვცდილობთ. ჩვენ უკრაინას და რუსეთს შევთავაზეთ კონტაქტ-ჯგუფები, რომ დისკუსია იყოს შესაძლებელი. ჩემი აზრით, სწორედ ეს უნდა იყოს მთავარი ხაზი. როცა შენ მიდიხარ კონფრონტაციაზე, 2008 წელი მაგალითია, მაგრამ ჩვენ დღევანდელ დღესაც ვუყურებთ, იქმნება ისეთი სიტუაცია, რომლის გამოსწორებაც შემდეგ ძალიან რთულია. ჩვენ უნდა წავიდთ დიალოგის გზით და დაჟინებით მოვუწოდოთ ყველას, რომ თავიდან აიცილოს მსგავსი რაღაცები.


იაროსლავ ბრატკევიჩი: მე, უბრალოდ, შევაჯამებს იმას, რაც ჩემმა ესპანელმა კოლეგამ თქვა. სამწუხაროდ, ახალ მსოფლიოში ასეთი სასტიკი ლოგიკა არსებობს, რომ იმ მხარისკენ მიდის მთელი ბრალდებები, რომელიც წაგებულია. თუ ვინმე ისეთი მამაცია, რომ მზად არის სამხედრო კონფრონტაციაში ჩართვისთვის, მან უნდა გათვალოს და წინასწარ გაითვალისიწინოს ყველა სახის შესაძლო სცენარი, მათ შორის ყველაზე უარესიც. გეტყვით, რომ 2008 წლის აგვისტომდე ჩემმა მინისტრმა რამდენჯერმე გააფრთხილა ქართული მხარე, რომ ყოფილიყო ძალიან წინდახედული და ფრთხილი. ჩემი რჩევა არის, პირველი: სათანადო დასკვნების გამოტანა იმ ყველაფრიდან და მეორე, მე მჯერა, რომ პოლიტიკური დიალოგისათვის ყველა შესაძლებლობა უნდა იყოს გამოყენებული. ამ [დიალოგის] არეალში ევროკავშირს აქვს პოლიტიკური სიძლიერე. ეს ჩვენს არსენალშია.

ნეტგაზეთი: პოლონეთი აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამის ერთ–ერთი ინიციატორი იყო. როგორ ხედავთ ევროკავშირის სამეზებლო პოლიტიკის მომავალს აღმოსავლეთის პარტნიორობის შემდეგ?რამდენად შეუძლია საქართველოს ევროკავშირთან მიახლოება – შეუძლია თუ არა, რომ გახდეს წევრი?

იაროსლავ ბრატკევიჩი: მინდა გითხრათ, რომ ჩვენ განვიხილავთ საქართველოს მოლდოვასთან ერთად ამ ევროინტეგრაციული პროცესის პიონერებად და ჩემპიონებად. ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს თქვენი ლოიალურობა ევროკავშირთან მიმართებაში. მე ყურადღებას გავამახვილებ იმ დასკვნაზე, რომელიც მიღებულ იქნა თებერვალში, იქ ჩადებულია წინადადება, რომელიც უკრაინას ეხება, თუმცა ადვილად შეიძლება მისი ექსტრაპოლირება აღმოსავლეთის პარტნიორობის განზომილების სხვა ქვეყნებზე, რომ DCFTA არ აკეთებს ამ საერთო პროცესის (აღმოსავლეთ პარტნიორობის) საბოლოო ნიშნულის დემარკაციას. ჩვენ ევროკავშირთან ერთად ვფიქრობთ მომავალში აღმოსავლეთ პარტნიორობის საერთო ეკონომიკურ სივრცედ განვითარებაზე, რომელიც გარს შემოეხვევა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს და ჩამოაყალიბებს ისეთ ურთიერთობებს, როგორიც, მაგალითად, ევროკავშირს ნორვეგიასთან აქვს. აღმოსავლეთის პარტნიორობა, როგორც სამეზობლო პოლიტიკა გაფართოების შესახებ არ არის, მაგრამ, მეორე მხრივ, ევროკავშირის მიერ ნებადართულმა ქვეყნებმა თავი უნდა გამოაჩინონ და წარმოაჩინონ შიდა განვითარების მყარი ხარისხი. მათ უნდა ჰქონდეთ ეკონომიკის, სოციალური პოლიტიკის ის სტანდარტები და პარამეტრები, რაც ევროკავშირს შეესაბამება. თუ ეს ასე იქნება, ეს [ევროკავშირის] გაფართოებას დააჩქარებს. მე შემიძლია დაგისახელოთ სხვადასხვა ქვეყანა, რომლებიც ახლა ევროკავშირის წევრები არ არიან, მაგრამ ერთ ღამეში შეუძლიათ გაერთიანებაში შესვლა. მაგალითად: ნორვეგია და შვეიცარია. ისინი ევროკავშირის შიდა სტანდარტებთან ძალიან ახლოს არიან. მე მჯერა, რომ ამ პერსპექტივაში აღმოსავლეთის პარტნიორობამ თქვენი სტანდარტები უნდა აამაღლოს ევროკავშირის დონეზე. ეს ძალიან ხელისშემწყობია იმ იდეისა, რასაც [ევროკავშირის] სამომავლი გაფრთოება ჰქვია. პირველ რიგში, საჭიროა მუშაობა.

იგნასიო იბანიეს რუბიო:  ჩვენ ვაღიარებთ აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაში პოლონეთის ლიდერობას, სწორედ ამიტომ ვარ მე აქ ჩემს პოლონელ კოლეგასთან ერთად. სამეზობლო საკითხებზე მიმდინარე მსჯლობისას ევროკავშირის შიგნით ჩვენ ვართ ის ორი ქვეყანა [ესპანეთი, პოლონეთი], რომლებიც ყოველთვის მხარს უჭერდნენ სამეზობლო პოლიტიკას. პოლონეთის შემთხვევაში, ის დიდ ყურადღებას უთმობს აღმოსავლეთის პარტნიორობას, ხოლო ესპანეთის შემთხვევაში, ჩვენ დიდ ყურადღებას ვუთმობთ ხმელთაშუა ზვის მიმართულებას. ჩვენ ამ სამეზობლო პოლიტიკის განხორცილების დროს აღმოვაჩინეთ, რომ ეს მნიშნელოვანია არა მხოლოდ უახლოესი მეზობლებისთვის, არამედ იმ ქვეყნებისთვისაც, რომლებიც ერთმანეთისაგან მოშორებით მდებარეობენ. მაგალითად, ჩვენთვის, ესპანეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ურთიერთობა საქართველოსთან, უკრაინასთან, მოლდოვასთან, ხოლო პოლონეთისთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ურთიერთობები ტუნისთან, მაროკოსთან. ჩვენი სამეზობლო პოლიტიკა ძალიან წარმატებულია. ჩვენ ვუჭერთ მხარს აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკას.


მომავალთან დაკავშირებით ევროკავშირში ძალიან მნიშვნელოვანია პროცესი. ჩვენ უნდა ვიაროთ ნაბიჯ–ნაბიჯ. ახლა ჩვენ ორ მხარეს შორის გვაქვს შეთანხმება, რომელიც უკვე პარაფირებულია. ამაზე უნდა მოახდინოს საქართველომ კონცენტრირება. თქვენ უკვე განახორციელეთ ზოგიერთი რეფორმა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ რაც წინ არის, ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, ისიც ძალიან მნიშვენლოვანია. ჩემი რჩევა საქართველოს მიმართ არის ის, რომ კონცენტრირდეს ამ ხელშეკრულებაზე, რომელსაც ხელი უნდა მოეწეროს, შეასრულოს ის და შემდეგ ის… რაზეც ჩემი პოლონელი კოლეგა მიუთითებდა, რომ ეს არ იქნება ისტორიის დასასრული. როდესაც განხორციელდება ეს შეთანხმება, შემდეგ უკვე ვნახავთ, რა იქნება მომდევნო ნაბიჯი.


 

მასალების გადაბეჭდვის წესი