ახალი ამბები

თეა წულუკიანს დავით ჯანდიერი პირველი მოადგილის თანამდებობაზე არ წარუდგენია

24 ნოემბერი, 2013 • • 3393
თეა წულუკიანს დავით ჯანდიერი პირველი მოადგილის თანამდებობაზე არ წარუდგენია

იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელმა “ნეტგაზეთთან” საუბრისას განაცხადა, რომ თეა წულუკიანმა ახალ პრემიერ–მინისტრთან მისი მოადგილეები წარადგინა, თუმცა არის თუ არა ამ შემადგენლობაში დავით ჯანდიერი, პრესამსახურის წარმომადგენელმა შეკითხვას არ უპასუხა:

 

“ხვალ თავად მინისტრიც იქნება ამ თემაზე მთავრობის სხდომაზე, ახალი მოადგილეების საკითხიც განიხილება და მთავრობის სტრუქტურის ფორმირებაც, შეგიძლიათ იქ ჰკითხოთ”.

 

მისივე თქმით, ხვალ, 25 ნოემბერს იუსტიციის სამინისტროც გაავრცელებს განცხადებას მინისტრის მოადგილეებთან დაკავშირებით. 

 

დავით ჯანდიერი “ნეტგაზეთან” საუბრისას ამბობს, რომ ვერც ადასტურებს და ვერც უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ იგი თეა წულუკიანის პირველი მოადგილე აღარ იქნება. 

 

“გასულ წელს ჩემს წარდგენას იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობაზე საზოგადოება დადებითად შეხვდა, რის გამოც სავსებით ბუნებრივად მიმაჩნია ინტერესი, ასევე ბუნებრივად მიმაჩნია, რომ წარუდგენლობას შეიძლება მოჰყვეს შეკითხვების გაჩენა მათგან, ვინც მიცნობს, როგორც ადამიანს, მენეჯერს და იურისტს, ზოგადად შემიძლია ვთქვა, რომ განვლილი ერთი წელი იუსტიციის სამინისტროში მაფიქრებინებს, რომ ერთგულად, წესიერად ვემსახურე იმ საქმეს, რომელიც მე, როგორც საჯარო მოხელეს მევალებოდა”. – განაცხადა მან. 

 

შეგახსენებთ, რომ დავით ჯანდიერი თეა წულუკიანის პირველ მოადგილედ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაინიშნა. 

 

იუსტიციის სამინისტროს ვებ–გვერდზე განთავსებული ბიოგრაფიის მიხედვით, დავით ჯანდიერმა  ივანე ჯავახიშვილის სახელობის ბათუმის სამართლის ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა. 2005 წელს მან სწავლა განაგრძო  რობერტ შუმანის სახელობის სტრასბურგის  უნივერსიტეტის ევროპული სწავლების უმაღლესი სკოლაში, რომელიც 2007 წელს დაასრულა მაგისტრის ხარისხით ადამიანის უფლებათა ევროპულ სამართალში. 2007  წლის ოქტომბრიდან  დღემდე კი დავით ჯანდიერი არის  სტრასბურგის უნივერსიტეტის დოქტორანტი საერთაშორისო საჯარო სამართლის სპეციალობით.


რაც შეეხება მის სამუშო გამოცდილებას, დავით ჯანდიერი სხვადასხვა დროს მუშაობდა ქუთაისის  მერის თანაშემწედ, იმერეთში პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის პრესმდივნად, ტელეკომპანია “იბერიაში” სამართლებრივი საკითხების კორესპონდენტად. იყო  იურისტთა და ადვოკატთა კავშირის “პროცესის” ადვოკატი.


2008 წლის მაისსა და 2012 წლის ივნისში გაიარა  საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის  ტესტირება სამოქალაქო და სისხლის სამართლის სპეციალიზაციით. 2009 წლის სექტემბერ–დეკემბერში  სტაჟირებით იყო ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.


დავით ჯანდიერი იყო სანდრო გირგვლიანის ოჯახის ადვოკატი ევროსასამართლოში.  

 

მასალების გადაბეჭდვის წესი