ახალი ამბები

დიმიტროვი: პარაფირების შემდეგაც ბევრი იქნება გასაკეთებელი, თუმცა ჩვენ გვჯერა საქართველოსი

20 ნოემბერი, 2013 • • 990
დიმიტროვი: პარაფირების შემდეგაც ბევრი იქნება გასაკეთებელი, თუმცა ჩვენ გვჯერა საქართველოსი

ფილიპ დიმიტროვი
ფილიპ დიმიტროვი

ევროკავშირის ელჩმა საქართველოს ევროატლანტიკურ განვითარებაზე, აღმოსავლეთ პარტნიორობის პროექტზე, ვილნიუსის სამიტსა და ასოცირების შესახებ შეთანხმების შემდგომი პროცესების მნიშვნელობაზე ისაუბრა:

 

“ღრმა და ყოვლისმომცეველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე (DCFTA), რაც საქონლის თავისუფალ მიმოქცევას გულისხმობს საქართველოსა და ევროკავშირს შორის, ძალიან მნიშვნელოვანია. ეს სივრცე ხელშესახებ შედეგებს მოგვცემს. ვილნიუსის სამიტი იქნება იმის საჯარო დეკლარირება, რომ საქართველომ მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია. ბევრი იქნება გასაკეთებელი ვალდებულებების აღების თვალსაზრისით სამიტის შემდეგაც, თუმცა ეს ყველაფერი გაკეთებადია და ჩვენ გვჯერა საქრთველოსი. ასოცირების შეთანხმება არის მკაფიო გზავნილი, რომ საქართველო ევროპულ ოჯახს მიეკუთვნება. წინა ათი წლის განმავლობაში საქართველოს უზარმაზარი მიღწევები ჰქონდა დემოკრატიულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მყოფი ინსტიტუციების შექმნის თვალსაზრისით, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა მზადაა პარაფირებისთვის”, – განაცხადა ელჩმა და ევროინტეგრაციის კუთხით მოქმედი და წინა ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. თუმცა, მისივე თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ევროინტეგრაცია საქართველოს მოსახლეობის სურვილით არის განპირობებული და ხელისუფალნი ხალხის ნებას ასრულებენ.

 

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი 29–29 ნოემბერს ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის ლიტვის დედაქალაქ ვილნიუსში გაიმართება. სამიტზე საქართველო და მოლდოვა ასოცირების შესახებ შეთანხმების დამოწმებას, იგივე პარაფირებას ელოდებიან, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს წარმომადგენელი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი ევროპელ კოლეგასთან ერთად 1000–გვერდიან ხელშეკრულებას დაამოწმებს, ანუ მის ყველა გვერდს ხელს მოაწერს. საქართველოს ხელისუფლება ფიქრობს, რომ ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერა 2014 წლის სექტემბრის თვეში მოხდება, რა დროსაც ამოქმედდება DCFTA, ხოლო ასოცირების ბოლო ეტაფი დოკუმენტის რატიფიცირება იქნება, რაც ევროპარლამენტის, საქართველოს პარლამენტის და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საკანონმდებლო ორგანოების მხრიდან ზემოხსენებული დოკუმენტის დამტკიცებას გულისხმობს. ჯერჯერობით უცნობია, რა დრო დასჭირდება დოკუმენტის რატიფიცირებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი