ახალი ამბები

ლაშა აბაშიძე: მარგველაშვილთან ბოლო 8 წელია ნათესაური კავშირი არ მაქვს

1 ნოემბერი, 2013 • • 1711
ლაშა აბაშიძე: მარგველაშვილთან ბოლო 8 წელია ნათესაური კავშირი არ მაქვს

“ბოლო პერიოდში ჩვენი ნათესაური კავშირის შესახებ გარკვეული ინფორმაციები გავრცელდა, მაგრამ მინდა დავადასტურო, რომ ბოლო 8 წლის განმავლობაში ჩვენ არანაირი ნათესაური კავშირი არ გვაქვს. ჩემთვის ნდობის გამოცხადება განპირობებულია მხოლოდ საქმიანი და პროფესიული ურთიერთობებიდან გამომდინარე. ხოლო ის, რომ 8 წლის წინ ნათესაური კავშირი გვქონდა, ამას, რა თქმა უნდა, ვადასტურებ,” – განაცხადა ლაშა აბაშიძემ, რომელიც გიორგი მარგველაშვილის პირველი ცოლის, ხათუნა აბაშიძის ძმაა.

 

აბაშიძემ განმარტა, რომ გიორგი მარგველაშვილს სტუდენტობიდან იცნობს: 

 

“მე ვიყავი სტუდენტი, როცა ბატონი გიორგი იყო ჯიპას რექტორი. აქედან დაიწყო ჩვენი ურთიერთობა. მას შემდეგ მე ვმუშაობდი განათლების სამინისტროში აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელად, ბოლო პერიოდის განმავლობაში კი ვიყავი საარჩევნო შტაბში, კერძოდ, საარჩევნო კამპანიის ფონდის მმართველი, ასევე გახლდით ცესკო-ში მისი წარმომადგენელი, ასე რომ, ჩვენ გვაქვს პროფესიული და საქმიანი ურთიერთობები”. 

 

აბაშიძის თქმით, ახალი პრეზიდენტის უფლება-მოვალეობები განსხვავებულია და, შესაბამისად, ადმინისტრაციის ფორმირება მოხდება იმ ახალი გარემოების მიხედვით, რომელიც იქმნება ინაუგურაციის შემდეგ:

 

“ჩვენ ვაპირებთ გარკვეულ რესტრუქტურიზაციას, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია მოხდეს გარკვეული საკადრო ცვლილებები,” – განაცხადა ლაშა აბაშიძემ.

ლაშა აბაშიძე და გიორგი მარგველაშვილი
ლაშა აბაშიძე და გიორგი მარგველაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი