ახალი ამბები

ბაქრაძე: არ არსებობს ქვეყნის განვითარების არცერთი ეტაპი, სადაც მთავრობისგან არ ხდება შეცდომა ან დანაშაული

27 ივლისი, 2013 • • 1123
ბაქრაძე: არ არსებობს ქვეყნის განვითარების არცერთი ეტაპი, სადაც მთავრობისგან არ ხდება შეცდომა ან დანაშაული

“არ არსებობს ქვეყნის განვითარების არცერთი ეტაპი, სადაც მთავრობის მხრიდან, სახელმწიფო მოხელეების ან ზოგადად ხელისუფლების მხრიდან  არ ხდება შეცდომა ან დანაშაული და იქნებოდა აბსოლუტურად არაგულწრფელი მიდგომა ჩემი მხრიდან, რომ ჩვენს ხელისუფლებას შეცდომა არ დაუშვია და დანაშაული არ ჰქონია. კი, შეცდომებიც დავუშვით, დანაშაულიც იყო. პირველი, რაც თავში მომდის ასეთ დროს, შეგვიძლია გავიხსენოთ გირგვლიანის საქმე და რამდენიმე სხვა შემთხვევა, მაგრამ გულწრფელობის და ობიექტურობის მეორე ნაწილი არის ისიც, რომ არ ვაპირებ ვისაუბრო იმ ტონით, როგორითაც საუბრობენ სხვები, როდესაც ამბობენ, რომ 9 წელიწადში ქვეყანა დაინგრა. ქვეყანა არ დანგრეულა. პირიქით, აშენდა და ძალიან ბევრი რამ შეიცვალა უკეთესობისკენ, მაგრამ ძალიან ბევრი რამ ვერ შეიცვალა და ვერ მოვასწარით”– განაცხადა ბაქრაძემ. 


ჟურნალისტის შეკითხვაზე, ჰქონდა თუ არა სისტემური ხასიათი ისეთ დანაშაულს, რომელიც “სანდრო გირგვლიანის საქმეა”, დავით ბაქრაძემ უპასუხა, რომ სისტემურ პრობლემად მას პოლიტიკური ლიდერების სამართალდამცავი სტრუქუტრების ხელმძღვანელად დანიშვნა ესახება: 

 

“ეს, ერთი მხრივ, გასაგებია იმიტომ, რომ ჩვენ რომ არ გაგვეგზავნა ჩვენი ლიდერები და არ დაგვენიშნა ამ სტრუქტურებში, ვერ მოხდებოდა რეფორმა. გაიხსენეთ 10 წლის წინანდელი პოლიცია, პროკურატურა და სხვა სისტემები, უზარმაზარი რეფორმა ჩატარდა და ამ რეფორმას ჭირდებოდა პოლიტიკური ლიდერების იქ ყოფნა. მაგრამ ნაკლი იყო ის, რომ როდესაც პოლიტიკურ ლიდერს ნიშნავ კონკრეტული სისტემის ხელმძღვანელად, ეს სისტემა იხურება გარეშე კონტროლისთვის. როდესაც პოლიტიკურ ლიდერს ნიშნავ მინისტრად, ეს ნიშნავს, რომ ის სამინისტრო ავტომატურად იხურება გარეშე კონტროლისთვის. ამიტომ, თუ ვსაუბრობთ რაიმე ტიპის სისტემურ პრობლემაზე, რომელიც იყო წინა წლებში, ჩემთვის ეს პრობლემა არის ის, რომ ძალიან ბევრი სისტემა, განსაკუთრებით სამართალდამცავი სტრუქტურები, ჩაიკეტა გარეშე კონტროლისთვის და ამ ჩაკეტილ სისტემაში გაჩნდნენ ადამიანთა ჯგუფები, რომლებმაც გააკეთეს ის, რაზე საუბარსაც არ გავურბივარ და შემიძლია გულწრფელად ვისაუბრო”.– განაცხადა ბაქრაძემ 

 

დღეს, 27 ივლისს, თბილისში  “ნაციონალური მოძრაობის” პრაიმერის დასკვნითი ტური გაიმართა, რომელზეც ცნობილი გახდა, რომ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი საპარლამენტო უმცირესობის წევრი, დავით ბაქრაძე იქნება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი