ახალი ამბები

სტიქიის შედეგები

25 მარტი, 2013 • 1817
სტიქიის შედეგები

მხოლოდ აჭარაში შტორმისა და ძლიერი ქარის გამო მიყენებულმა ზიანმა 3 მილიონამდე ლარი შეადგინა, საქართველოს მასშტაბით კი ზარალის ზუსტი ოდენობის დათვლა კვლავ მიმდინარეობს. ამ საკითხზე პრემიერ–მინისტრის დავალებით შექმნილი საგანგებო შტაბი მუშაობს, რომლის შემადგენლობაშიც არიან: ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, რეგიონული განვითარების მინისტრი დავით ნარმანია, ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, შსს და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები.


ძლიერი შტორმი ბათუმში 23 მარტს, დილის 5 საათზე დაიწყო, ზღვიდან წამოსული ტალღები ბათუმის ბულვარამდე აღწევდა. დაახლოებით 9–10 საათისთვის აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოში შეტყობინება შევიდა, დაიკარგა 55 წლის მამაკაცი, სამძებრო სამუშაოების მიუხედავად, მისი პოვნა კვლავ ვერ ხერხდება.


ბათუმის გარდა, აჭარაში ქობულეთი და სარფი დაზარალდა. ქარის გამო სახურავი ნაწილობრივ ან სრულად აეხადა 150–ზე მეტ ნაგებობას, მათ შორის სკოლებს, ხოლო ზღვის ღელვის გამო ქობულეთში 150- მეტრიანი ნაპირსაცავი ჯებირი ჩამოინგრა.

 

ნაპირდაცვასთან დაკავშირებით შეიქმნა პრობლემები ურეკშიც.


ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებით, აღდგენთი სამუშაოების დასაწყებად ფინანსებთან დაკავშირებით პრობლემები არ შეიქმნება, შტაბის გადაწყვეტილებით გამოიყოფა თანხა, რომელიც აჭარასა და გურიაში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურებას, მათ შორის ნაპირსამაგრ სამუშაოებს მოხმარდება.


ჯერ აჭარა, შემდეგ კი ოზურგეთი მოინახულეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ და ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ. ოზურგეთში ძირითადი ზიანი ასევე შენობების სახურავებს მიადგა, 12 შენობა კი განსაკუთრებით მძიმედ დაზიანდა. დავით ნარმანიას განცხადებით, რეაბილიტაციისთვის საჭირო ხის მასალა და სახურავები სამტრედიასა და საჩხერეშია დასაწყობებული და მუნიციპალიტეტის გამოგეობას აღდგენითი სამუშაოების დაწყება უკვე შეუძლია.


გარდა აჭარისა, სხვადასხვა სახის დაზიანებები დაფიქსირდა მთელი ქვეყნის მასშტაბით. ძლიერმა ქარმა სახლების სახურავების გარდა ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა და ხეები და სარეკლამო ბილბორდები წააქცია.

 

კახი კალაძის განცხადებით, სარეაბილიტაციო თანხები ანაზღაურდება მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან და ადგილობრივი ბიუჯეტებიდან.

 

საქართველოს მასშტაბით დაზიანებულია 20 სკოლა, მათ დიდ ნაწილს ქარმა სახურავი ახადა და მინები ჩაუმსხვრია. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ყველაზე მეტი, 9 საჯარო სკოლა, ოზურგეთში დაზიანდა. სკოლები დაზიანდა რუსთავში, კასპში, გორში, თბილისში, ქობულეთსა და შუახევში. სამინისტროს ინფორმაციით, აღდგენითი სამუშაოები ორ ეტაპად ჩატარდება: პირველ რიგში, წვიმისაგან დამცავი აუცილებელი ღონისძიებები გატარდება; აღდგება დაზიანებული ფანჯრები და ელექტროგაყვანილობა, ხოლო შემდეგ სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება.

ამუშავებულია რამდენიმე ცხელი ხაზი, რომელიც 24 საათის განმავლობაში მუშაობს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცხელი ხაზის ნომერია 2 510 774 , ხოლო აჭარაში მცხოვრებლებმა უნდა დარეკონ ნომერზე 27 20 01.

 

თბილისში 300-მდე გამოძახება დაფიქსირდა, ამ სახლების შეკეთების პასუხისმგებლობას მერია იღებს.

 

მოსახლეობას შეუძლია შექმნილი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ცხელი ხაზის საშუალებით დატოვოს. რაც შეეხება ზარალს, მათ ადგილობრივ მუნიციპალიტეტს უნდა მიმართონ, სადაც შეფასების კომისიები ზიანს ჯამურად 2–3 დღის განმავლობაში დაითვლიან.


გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, არამდგრადი ამინდი მთელი საქართველოს მასშტაბით თვის ბოლომდე შენარჩუნდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი