ნეტგაზეთი | თავისუფალი დემოკრატები არ ასახელებენ წყაროს, ვისგანაც “ვიმპელკომის” გეგმის შესახებ მიიღეს ინფორმაცია თავისუფალი დემოკრატები არ ასახელებენ წყაროს, ვისგანაც “ვიმპელკომის” გეგმის შესახებ მიიღეს ინფორმაცია – Netgazeti
Batumelebi | RU

თავისუფალი დემოკრატები არ ასახელებენ წყაროს, ვისგანაც “ვიმპელკომის” გეგმის შესახებ მიიღეს ინფორმაცია

თავისუფალი დემოკრატები არ აკონკრეტებენ წყაროს, რომელმაც “ვიმპელკომის” მიერ ფოთი-ვარნის ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის შესაძლო შეძენის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, თუმცა ამტკიცებენ, რომ მოლაპარაკებები კავკასუსსა და რუსულ ჰოლდინგს შორის “აქტიურად მიმდინარეობდა”.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ალექსი პეტრიაშვილმა განაცხადა,  საბოლოო შეთანხმება საქართველო-ბულგარეთის დამაკავშირებელი ოტპიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის გასხვისების თაობაზე იგეგმებოდა თურქეთში, ქ.სტამბულში.

“ვიმპელკომი” თავისთავად ძალიან მსხვილი კომპანიაა და მისი დაინტერესებაც სწორედ მას შემდეგ მოხდა, რაც გაკეთდა შეთავაზება ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის შესაძლო გასხვისების თაობაზე”, – განაცხადა პეტრიაშვილმა.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „მობიტელის“ [ბილაინის სავაჭრო ნიშანი. თავის მხრივ ბილაინი შედის „ვიმპელკომ LTD”-ს კომპანიათა ჯგუფში] და შპს „კავკასუს ონლაინის“ ერთობლივი განცხადების საფუძველზე შპს „მობიტელისთვის“ შპს „კავკასუს ონლაინის“ საცალო მომსახურების სეგმენტის შეძენის თაობაზე ერთობლივი განცხადების განხილვის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოება მართლაც დაიწყო. თუმცა, როგორც კომისიის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ პრესრელიზშია ნათქვამი, შპს „კავკასუს ონლაინი“ გეგმავს კომპანიის ორ ნაწილად გაყოფას, საცალო მომსახურების სეგმენტის (მაუწყებლობის ტრანზიტის (IPTV), ციფრული სატელეფონო (VOIP) და ინტერნეტის საცალო მომსახურების) შპს „მობიტელისთვის“ გადაცემას, ხოლო საბითუმო ბაზრის სეგმენტზე, რაც გულისხმობს ქსელური ინფრასტრუქტურას და მაგისტრალებს, მათ შორის, საქართველო-ბულგარეთის (ფოთი-ვარნა) დამაკავშირებელ წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვან მაგისტრალს, ოპერირების გაგრძელებას.

თავისუფალი დემოკრატების კიდევ ერთი წევრი ირაკლი ჩიქოვანი ამასთან დაკავშირებით ამბობს, რომ მათი ინფორმაციით მოლაპარაკებები ისე მიმდინარეობდა, რომ მხარეებს კომუნიკაციების კომისიისათვის ინტერნეტმაგისტრალის საკითხის თაობაზე ჯერ მიმართული არ ჰქონდათ და განცხადებას მაშინ შეიტანდნენ, როდესაც შეთანხმდებოდნენ.

ალექსი პეტრიაშილის თქმით, კი ირაკლი ალასანიას საჯარო განცხადების შემდეგ ერთგვარი პრევენცია მოხდა და ახლა მოლაპარაკებები, სავარაუდოდ, ჩიხში შევა.

“აქვე საზოგადოების ყურადღება გვინდა მივაპყრო იმ გარემოებასაც, რომ ინტერნეტის საცალო ბაზარზეც კი შემოსვლა არის კერძო მომხმარებლების ანუ ჩვენი მოქალაქეების საინფორმაციო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული და ამასთან დაკავშირებითაც მარეგულირებელ კომისიას და შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს დაფიქრება მართებთ, ვიდრე იქნება რაიმე გადაწყვეტილება”, – განაცხადა პეტრიაშვილმა.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, ევროპასთან საქართველოს დამაკავშირებელი ფოთი-ვარნის ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური ხაზი რუსეთში დაფუძნებულ ჰოლდინგ “ვიმპელკომზე” არ გაიყიდება. როგორც ვატო აბაშიძემ ტელეკომპანია იმედის ეთერში სტუმრობისას განაცხადა, ეს საკითხი კომპანიას, რომელიც მაგისტრალზე ოპერირებს, [კავკასუს ონლაინი] დღის წესრიგში საერთოდ არ დაუყენებია.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ზემოხსენებული ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური ხაზი შესაძლოა კავკასუს ონლაინისაგან “ვიმპელკომაა” იყიდოს, თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა ირაკლი ალასანიამ გაავრცელა. მისი თქმით, თავისუფალი დემოკრატები ამ საკითხზე უფრო ვრცლად საუბარს ორშაბათს აპირებენ.

“ამ ეტაპზე [ალასანიას ინფორმაციას] საბედნიეროდ არანაირი საფუძველი არ აქვს. ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური კაბელი, რომელიც საქართველოს ევროპასთან ბულგარეთის გავლით აერთებს, არ იყიდება და ვერ გაიყიდება. ამისი შესაძლებლობა არ არსებობს, რადგან ნებისმიერ შემთხვევაში ამ მაგისტრალის გაყიდვისათვის მისმა მეპატორენეებმა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თანხმობა უნდა მიიღონ. ეს არც მომხდარა და ვერც მოხდება”, – თქვა აბაშიძემ.

რაც შეეხება არგუმენტს, თუ რატომ არ მისცემს კომისია კავკასუსს სურვილის შემთხვევაში ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის “ვიმპელკომისათვის” მიყიდვის უფლებას, აბაშიძე ამბობს:

“თანხმობა ვერ იქნება, რადგან ამ არხის მნიშვნელობიდან გამომდინარე (მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის საქართველოს ინტერნეტით მომარაგების ერთადერთი არხი)… მას აქვს თავისი დანიშნულება, თავისი დატვირთვა, ის მნიშნელოვანია ქვეყნის უსაფრთხოების, უშიშროების და ქვეყნის სატელეკომუნიკაციო ბაზრის კონკურენტულობის შენარჩუნების თვალსაზრისით, ამიტომ ასეთი გადაწყვეტილება ვერ მიიღება”, – განაცხადა აბაშიძემ.

კავკასუს ონლაინის წილის 36.2%-ს ფლობს უცხოური საწარმო International Online Networks LLC, რომელიც ვირჯინიის კუნძულებზეა რეგისტრირებული, 19.8%-ს ფლობს ნელგადო ლიმითედი (ვირჯინიის კუნძულები), ხოლო 44%-ს – გროუს მასთერ ჰოლდინგზ აი-სი (დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო).

რაც შეეხება მობიტელს (ბილაინი): წილის 51%-ს ფლობს „ვოთერთრაილ ინდასტრიზ“ (ვირჯინიის კუნძულები), 29%-ს – „ინვესტიკო ალიანსე“ (ვირჯინიის კუნძულები), 20%-ს მირენ ინვესტ, (ვირჯინიის კუნძულები (ბრიტ.).

კავკასუს ონლაინის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელი ხვიჩა მაქაცარიაა, იგი პარალელურად მობიტელის სამეთვალყურეო საბჭოს წევრიცაა. ასევე ერთდროულად ორივე კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრია თეიმურაზ არონიაც.

ვახტანგ აბაშიძის განცხადებით, კავკასუს ონლაინი იძლებულია, რომ თავისი საცალო მომსახურების სეგმენტი გაყიდოს, რადგან გარკვეული პრობლემები აქვს. მისი თქმით, საუბარია წლების განმავლობაში დაგროვილ ვალდებულებებზე, რომელთა გასტუმრება საკმაოდ მძიმე ტვირთად აწევს.

“მას ასეთი არჩევანი აქვს: ან კონკრეტული კომერციული ნაბიჯები გადადგას, ან გაკოტრება, თუ მისი კომერციული საქმიანობის შემცირება იქნება პერსპექტივაში. აქედან გამომდინარე, კომპანია არა მხოლოდ მობიტელს ესაუბრება, რომელიც საქართველოს რეზიდენტი კომპანიაა და რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელიც ვიმპელკომია (წილის 51%-ის, ხოლო 49 პროცენტის დამფუძნებელბი ქართველი პარტნიორები არიან, რომლებიც ნაწილობრივ ასევე არიან კავკასუს ონლაინის პარტნიორები და დამფუძნებლები). საცალო სეგმენტის ნაწილში შესაძლოა ჩემთვისაც უფრო მისაღები იყოს, რომ რომელიმე დასავლურმა დიდმა კომპანიამ შეიძინოს, მაგრამ მოლაპარაკებები მიდის მათ [მობიტელსა და კავკასუსს] შორის. [საცალო სეგმენტის ნაწილში] რაიმე საზიანო კიბერუსაფრთხოების ან კონკურენტული გარემოს თვალსაზრისით ნაკლებად იქნება, ვიდრე ოტპიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გაყიდვის შემთხვევაში. საცალო მომსახურების გაყიდვის ნაწილში სახელმწიფო მნიშვნელობის საფრთხეს დიდად ვერ ვხედავ. ვინმესთვის შესაძლოა საცალო სეგმენტის არა რუსული კომპანიის მიერ ყიდვა იყოს მისაღები, არამედ შვედეთის ან სხვა ქვეყნის კომპანიის, მაგრამ კავკასუს ონლაინს მოლაპარაკებები ჰქონდა მაგთისთანაც და ვერ შეთანხმდნენ, მოლაპარაკებები ჰქონდა სილქნეტთანაც და ვერ შეთანხმდნენ. საბოლოო ჯამში, არ გამოვრიცხავ, რომ შეთანხმდნენ მობიტელთან”, – განაცხადა აბაშიძემ.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com