ნეტგაზეთი | საქართველოში 4G მობილური ინტერნეტით სარგებლობას სავარაუდოდ რამდენიმე თვეში შეძლებთ საქართველოში 4G მობილური ინტერნეტით სარგებლობას სავარაუდოდ რამდენიმე თვეში შეძლებთ – Netgazeti
RU | GE  

საქართველოში 4G მობილური ინტერნეტით სარგებლობას სავარაუდოდ რამდენიმე თვეში შეძლებთ

მე-4 თაობის უსადენო ინტერნეტით სარგებლობას საქართველოს მოქალაქეები, სავარაუდოდ, ახალ წლამდე შეძლებენ, თუმცა ამ დრომდე უცნობია, რა ეღირება მომსახურება.

მობილური ტექნოლოგიებით ინტერნეტის გამოყენება საქართველოში საკმაოდ პოპულარულია. ფეისბუკის სარეკლამო სერვისის მიხედვით, რომელსაც სხვადასხვა გვერდის ადმინისტრატორებს სთავაზობს, საქართველოში 940 000 მომხარებელი ფიქსირდება, რომელიც სოციალურ ქსელს სმარტფონით ან ტაბლეტით უკავშირდება. ეს ადამიანები აქამდე მხოლოდ WIFI-ის ან მე-3 თაობის მობილური ინტერნეტის იმედად იყვნენ. მართალია დაგვიანებით, მაგრამ 4G მობილური ინტერნეტი საქართველოშიც შემოდის.

3G VS 4G – რა არის განსხვავება?

4G – ეს არის მეოთხე თაობის საკომუნიკაცო სისტემა, რომელიც თეორიულად მის წინამორბედ 3G-ზე გაცილებით სწრაფია. 3G-ი 2000-იანი წლების პირველ ნახევარში გამოჩნდა. თავდაპირველად მისი სიჩქარე წამში 200 კილობიტი იყო, თუმცა ეტაპობრივად გაიზარდა და დღეს, მაგალითად, ჯეოსელის მტკიცებით, ის მომხმარებლებს მონაცემთა გადაცემისათვის წამში 21 მეგაბიტის სიჩქარის ინტერნეტს სთავაზობს. რაც შეეხება 4G-ის, ეს სისტემა სამ ძირითად ტექნოლოგიად იყოფა, რომელსაც ოპერატორები მომხმარებლებს სთავაზობენ: LTE, WiMAX და HSPA+-ი. დღეისათვის ევროპასა და შეერთებულ შტატებაში ყველაზე აპრობირებული და პოპულარული სისტემა LTE (long term evolution) იგივე გრძელვადიანი ევოლუციაა. სწორედ LTE-ზე გააკეთებენ არჩევენს საქართველოში მომუშავე ოპერატორებიც. თეორიულად მისი საშუალებით, თუ თქვენ მანქანით, მატარებლით, ან სხვა სახმელეთო სატრანსპორტო  საშუალებით გადაადგილდებით, ინტერნეტის სიჩქარე 100 მეგაბიტი/წამს მიაღწევს, ხოლო სტატიკურ სიტუაციაში (ასევე ფეხით სიარულისას) ფაილის გადმოწერა 1 გიგაბაიტის სიჩქარით უნდა შეძლოთ, ხოლო ატვირთვა – 500 მეგაბიტის. მსგავსი სიჩქარე 4G-ის საშუალებას აძლევს, რომ შესაბამისი ტექნოლოგიური მხარდამჭერის მქონე სმარტფონების მომხმარებლებს ვიდეოკონფერენციის მოწყობა, HD მობილური ტელევიზია და სხვა ახალი შესაძლებლობები შესთავაზოს. მომხმარებელი მაღალი ხარისხის ფილმის გადმოწერას ორიოდე წუთში მოახერხებს. თუმცა ეს ყველაფერი მხოლოდ თეორიული ინფორმაციაა და ინტერნეტის სიჩქარე მაინც დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ აითვისებენ ოპერატორები მეოთხე თაობის შესაძლებლობებს პრაქტიკაში და რა მომსახურებას შემოგთავაზებენ კონკრეტულ ტერიტორიულ ერთეულში. იმისათვის, რომ მომხმარებელმა 4G-ით სარგებლობა შეძლოს, მის მოწყობილობას LTE მხარდაჭერა უნდა გააჩნდეს. შესაბამისი მოწყობილობების სიას შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.


3G VS 4G diffen.com-ის მიხედვით
3G VS 4G diffen.com-ის მიხედვით

როდის შეძლებთ მეოთხე თაობის მობილური ინტერნეტით სარგებლობას?

 

საქართველომ მეოთხე თაობის მობილური ინტერნეტის დანერგვა რეგიონში ყველაზე მეტად დააგვიანა. ამ დროისთვის  LTE ტექნოლოგია უკვე ხელმისაწვდომია სომხეთში, აზერბაიჯანსა და რუსეთში. ამ შესაძლებლობით აფხაზეთშიც სარგებლობენ. იმისათვის, რომ კომპანიებმა მეოთხე თაობის ინტერნეტის გაყიდვა შესძლონ, მათ შესაბამისი ლიცენზია სჭირდებათ. მიუხედავად იმისა, რომ კომპანია ბილაინმა 4G-ის აუცილებლობაზე საუბარი ჯერ კიდევ 2011 წელს დაიწყო და ტექნოლოგიის სატესტო პრეზენტაციაც გამართა ბაკურიანში, შესაბამისი საკნონმდებლო ცვლილებები მხოლოდ მიმდინარე წლის ზაფხულში განხორციელდა. როგორც ნეტგაზეთს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში განუცხადეს, სწორედ აგვისტოში კომუნიკაციების შესახებ კანონში შესული ცვლილების შემდეგ დაიწყო პროცესი, რაც, საბოლოო ჯამში, რამდენიმე თვეში დასრულდება. კომუნიკაციების ეროვნული კომიის პრესსპიკერმა ხატია ყურაშვილმა ნეტგაზეთს უთხრა, რომ 4G ტექნოლოგიისთვის საჭირო რესურსი აუქციონზე ოქტომბრის თვის ბოლოს ან ნოემბრის დასაწყისში გამოვა. გარდა ამისა, იმ ოპერატორებს, რომლებსაც შესაბამისი სიხშირეები უკვე გააჩნიათ (მაგთი, ჯეოსელი) და ახალი ლიცენზიის შესყიდვას არ საჭიროებენ,  შესაძლებლობა ექნებათ, რომ რესურსის მოდიფიკაცია განახორციელონ. მოდიფიკაციის პროცესი მაქსიმუმ 3 თვის, ხოლო მინიმუმ 20 დღის განმავლობაში გრძელდება, ანუ კომისიის განმარტებით, შესაძლოა, პროცესი ახალ წლამდეც დასრულდეს.

რა ეღირება ახალი, უფრო სწრაფი მობილური ინტერნეტი?

ამ კითხვაზე პასუხი ჯერჯერობით უცნობია. მაგთიკომმა და ჯეოსელმა ნეტგაზეთის შეკითხვებს ამ დრომდე არ უპასუხეს, ხოლო ბილაინში განაცხადეს, რომ ამ დროისთვის ამ კითხვაზე პასუხი არ აქვთ, რადგან არ იციან რა ეღირება თვითონ სახელმწიფოს მიერ აუქციონზე გამოტანილი რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის ლიცენზია. კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ ეს საკითხი უახლოეს დღეებში გაირკვევა, მას შემდეგ, რაც კომპანია PricewaterhouseCoopers მუშაობას დაასრულებს. LTE ქსელის მოწყობა საკმაოდ ძვირი ჯდება, დაახლოებით რამდენიმე ასეული მილიონი დოლარი, პლუს ამას დაემატება ლიცენზიის ღიებულებაც:

 

“საკანონდმბელო ცვლილებების თანახმად, კომისიამ ერთი მეგაჰერცის ღირებულების გამოთვლის ახალი მეთოდოლოგია უნდა შეიმუშავოს. სწორედ ამისთვის აგვისტოშივე გამოცხაადა საერთაშორისო ტენდერი. ამ ტენდერთან დაკვშირებით ინფორმაცია კომისიის ვებგვერდზეც გამოქვეყნდა. კონკურსში მონაწილეობდა 5 კომპანია და, საბოლოო ჯამში, გაიმარჯვა pricewaterhousecoopers-ის ფილიალმა საქართველოში. აღნიშნული კომპანია უკვე ასრულებს მუშაობას, ჩვენ 15 ოქტომბერს უკვე ველოდებით საბოლოო შედეგებს. კვლევის შედგებში გათვალისწინებული იქნება ბიზნეს-მოდელირების მეთოდოლოგია. ანუ ევროპის ერთიან სივრცეში აღიარებული მეთოდოლოგიით 1 მეგაჰერცის ღირებულების გამოთვლის კვლევის შედეგები გვექნება. ამას ჩვენ წარვუდგინეთ ოპერატორებს და ამ მონაცემებით ვიხელმძღვანელებთ”, – ამბობს ხატია ყურაშვილი.

 

ამა წლის აგვისტომდე მოქმედი კანონმდებლობით, სიხშირული რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელი, რომელიც ელექტრონულ საკომუნიკაციო მომსახურებას ეწევა, ლიცენზიას აუქციონის წესით ერთხელ ყიდულობდა 10 წლის ვადით, შემდეგ, საწყისი საფასურის გადახდის შემთხვევაში, მისი  მოქმედების ვადას იგრძელებდა. ხატია ყურაშვილის განმარტებით, ეს წესი იცვლება:

“ბაზარზე ფაქტობრივად ერთი და იგივე კომპანიები გვყავდა იმიტომ, რომ 1990-იან წლებში მათ აიღეს ლიცენზიები, 10 წლის შემდეგ იხდიდნენ საწყის საფასურს და მომდევნო 10 წელი კვლავ მათ სარგებლობაში იყო. ეს რეჟიმი შეიცვალა. ჩვენ ვითვალისიწინებთ ევროპაში არსებულ პრაქტიკას, იქ აპრობირებულ მეთოდოლოგიას. ევროპამ შეცვალა რადიოსიხშირულ სპექტრთან დაკავშირებით მიდგომა, რადგანაც ეს  სახელმწიფოს კუთვნილი ამოწურვადი რესურსია, რომელიც თავის თავში დიდ სარგებელს მოიაზრებს.  ევროპაში ლიცენზიების გაცემა ხდება ყოველწლიურად აუქციონის წესით. ჩვენ შემთხვევაში საკანონმდბელო ცვლილებებმა ასეთი რაღაც გაითვალისწინა, რომ ახლა ყველა მოქმედ კომპანიაში არსებული რადიოსიხშირული სპექტრის ლიცენზიების მოდიფიცირება მოხდება. ერთჯერადად ყველა კომპანიას გაუგრძელდება ლიცენზიის მოქმედების ვადა მომდევნო 15 წლით, ანუ ყველა კომპანია დგება ერთნაირ სასტარტო პირობებში და 15 წლის შემდეგ მათ შეუძლიათ გათვალონ თავისი ბიზნესი და უკვე ყველა ლიცენზია აუქციონის წესით გაცემას დაექვემდებარება”.

 

ნეტგაზეთის შეკითხვას, რატომ იღებს აუქციონის წესთან დაკავშირებით სახელმწიფო 15-წლიან პაუზას, თუკი ევროპაში ოპერატორებს ლიცენზიის მოპოვება ყოველწლიურად უწევთ, ყურაშვილი ასე პასუხობს:

 

“ოპერატორებს ხომ უნდა მისცე გარკვეული ვადა, რომ თავისი ბიზნეს-გეგმა საკანონმდებლო ცვლილებებს მოარგოს. პირდაპირ რომ გვეთქვა, მომდევნო წლიდან ლიცენზიები არც ერთს აღარ გექნებათ და აუცქიონზე უნდა გახვიდეთო… გარკვეულ ხარჯს ხომ გასწევენ ისინი და უნდა მოემზადონ ამ ყველაფრისთვის. მყისიერად არც ევროპაში განვითარებულა ეს პროცესი. იქაც გარკვეული პერიოდი აიღეს, დააანონსეს და შემდეგ გადავიდნენ ახალ რეგულაციაზე”.

რაც შეეხება იმას, ექნება თუ არა ისეთ კომპანიას იმის საშუალება, რომ ლიცენზია არა ოქტომბერში გამოცხადებულ აუქციონზე, არამედ რამდენიმე წლის შემდეგ შეიძინოს და არ ჩავარდეს ბილაინის მდგომარეობაში, რომელმაც 3G-ის დანერგვა ვერ მოახერხა, რადგან ბაზარზე შემოსვლისას ლიცენზიები უკვე გაყიდული იყო, ყურაშვილი აცხადებს, რომ ექნება, თუ შესაბამისი სიხშირული რესურსი იარსებებს:

“დღეისათვის ზოგიერთ კომპანიას ბევრად უფრო მეტი რადიოსიხშირული რესურსი აქვს, ვიდრე რეალურად ამ მომსახურების დასანერგად სჭირდება. რადიოსიხშირული სპექტრი, რაც უკვე გაცემულია, ჩვენ ვფიქრობთ, რომ სრულად ამ სიხშირის საფასურის გადახდას კომპანიები არ უზრუნველყოფენ და გარვეულ ნაწილს დათმობენ. ანუ რეალურად რაც სჭირდებათ, ამ მომსახურების შეთავაზებისთვის მხოლოდ იმ რადიოსიხშირულ სპექტრს დაიტოვებენ. ასევე შესაძლებლობა არის, რომ გარკვეულ სპექტრზე აუქციონი გამოცხადდეს”.

 

რაც შეეხება იმას, თუ რა ბერკეტი აქვს სახელმწიფოს იმისათვის, რომ ამ ბაზარზე მონოპოლია არ დაუშვას, რაც იმ შემთხვევაში მოხდება, თუ რომელიმე კომპანია საჭიროზე მეტ სიხშირეს დაისაკუთრებს და კონკურენტებს ოპერირების საშუალებას არ მისცემს, კომუნიკაციების ეროვნული კომისია ამ კითხვას ასე პასუხობს:

 

“კანონმა გაითვალისწინა მაქსიმლაური ზედა ზღვარი, რაზე მეტ რესურსსაც ერთ ოპერატორი არ შეიძლება რომ ფლობდეს, შესაბამისად, ისე ვერ მოხდება, რომ მონოპოლისტი კომპანიები გვყავდეს, ანუ ყველას ექნება თანაბრად.

როგორ ემზადებიან კომპანიები მეოთხე თაობის ტექნოლოგიების დასანერგად

 

“კომპანია ბილაინი იყო პირველი კომპანია საქართველოში, ვინც ელტეის სატესტო ზონა შექმნა ბაკურიანის ტერიტორიაზე, 2010 წელს, ამ პერიოდის შემდეგ, ჩვენ ღრმად ვიყავით დარწმუნებული, რომ სატელეკომუნიკაციო ბიზნესის მომავალი მეოთხე თაობის ინტერნეტია. მოხარულები ვართ, რომ დღეს აქტიურად საუბრობენ და ქმედით ნაბიჯებს დგამენ ამ სფეროს განვითარების მიმართჲლებით, როგორც მარეგულირებელი კომისია, ასევე ჩვენი კოლეგა კომპანიები. ბილაინი ტექნიკურ და რესურსულ მზადყოფნაშია იმისთვის, რომ ლიცენზიიის მოპოვებიდან უმოკლეს დროში მომხმარებელს შესთავაზოს თვისობრივად ახალი შინაარსის სერვისები , სატარიფო პოლიტიკა და სამომხმარებლო გამოცდილება”, – უთხრა ნეტგაზეთს ბილაინის წარმომადგენელმა თეონა ბაღდავაძემ, თუმცა მან არ დააკონკრეტა, რა სახის სერვისების შეთავაზებაზეა საუბარი.

 

მაგთიკომმა და ჯეოსელმა ნეტგაზეთის შეკითხვებს ჯერჯერობით არ უპასუხეს. ჯერ უცნობია, აქვს თუ არა ინტერესი 4G-ის მიმართ სილქნეტს. კომპანია ამბობს, რომ ამ შეკითხვას მოგვაინებით უპასუხებს. ჩვენ ასევე დავინტერესდით,  ხომ არ გეგმავს მაგთი ან ჯეოსელი რაიმე სახის ახალი შეთავაზების გაკეთებას იმ აბონენტებისთვის (კორპორატიული თუ ფიზიკური პირები), რომლებსაც 3G-ის მოდემები (განვადებით) და გრძელვადიანი პაკეტები აქვთ ნაყიდი, თუმცა პასუხი ჯერ არ მიგვიღია.

4g საქართველოში
4g საქართველოში

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
დათო ქოქოშვილი