ტექნოლოგიები

GNCC: 2013 წელს მობილური ინტერნეტის აბონენტების რაოდენობამ 1 მილიონს გადააჭარბა

2 ივნისი, 2014 • • 1663
GNCC: 2013 წელს მობილური ინტერნეტის აბონენტების რაოდენობამ 1 მილიონს გადააჭარბა

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მონაცემით, სადენიანი ფართოზოლოვანი მომსახურების აბონენტების რაოდენობამ 2013 წლის ბოლოს 579 ათასი აბონენტს მიაღწია. 2012 წლის ბოლოსთან შედარებით, აბონენტების რაოდენობა 26.0%-ით (120 ათასი აბონენტით) გაიზარდა.

 

კომისიის ცნობით, გაიზარდა ფიქსირებული ფართოზოლოვანი მომსახურებიდან მიღებული საცალო შემოსავალიც. 2013 წელს საცალო შემოსავალმა 140.2 მლნ ლარი შეადგინა, რაც 2012 წლის მაჩვენებელზე 16.7%-ით (20.1 მლნ. ლარით) მეტია.

 

საქართველოში ფიქსირებული ფართოზოლოვანი მომსახურების აბონენტების უმეტესი ნაწილი 2013 წელს ოპტიკურ-ბოჭკოვან ტექნოლოგიას იყენებდა (42.5%). შემდეგ ადგილზე არის DSL მომსახურება – 38.1%, HSPA/EVDO მოდემები – 9.2%, WiFi – 7.8% და WiMax – 1.9%.

 

კომისიის მონაცემებით, ყველა დანარჩენი სახის ტექნოლოგიებს (Canopy, Ethernet, გამოყოფილი ხაზი, თანამგზავრი,) ჯამში, ფართოზოლოვანი აბონენტების საერთო რაოდენობის 0.5% ეკავათ.

ფიქსირებული ფართოზოლიანი აბონენტების რაოდენობა. 2013 წლის კომუნიკაციების კომისიის მონაცემებით
ფიქსირებული ფართოზოლიანი აბონენტების რაოდენობა. 2013 წლის კომუნიკაციების კომისიის მონაცემებით

2013 წლის ბოლო კვარტლის მონაცემებით, ოპტიკურ-ბოჭკოვან მომსახურებას 17 ავტორიზებული პირი ეწეოდა, DSL მომსახურებასაც -17 პირი, HSPA/EVDO ტექნოლოგიებზე დაფუძნებული მოდემებით მომსახურებას – 2 პირი, WiMax – 4 პირი, WiFi – 112 პირი.

 

კომისიის ცნობით, WiFi აბონენტების რაოდენობა 2012 წლის მეოთხე კვარტლიდან 2013 წლის მეოთხე კვარტლამდე 162.9%-ით გაიზარდა. WiFi ტექნოლოგიას 2013 წლის მეოთხე კვარტალში 46.4 ათასი აბონენტი იყენებდა.

 

WiFi მომსახურება საქართველოში ყველაზე სწრაფად განვითარებადი ტექნოლოგიაა, აღნიშნულია კომისიის ყოველწლიურ ანგარიშში. WiFi ძირითადად რეგიონებში ვითარდება, იქ, სადაც სადენიანი ინტერნეტი ნაკლებად არის ხელმისაწვდომი.

 

კომისიის ანგარიშის მიხედვით, ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელი DSL ტექნოლოგიაზე უფრო პოპულარულია. DSL ტექნოლოგიით მომსახურების მიმღები აბონენტების რაოდენობა 2013 წლის ბოლოს 220 ათასი აბონენტი იყო. 2012 წლის ბოლოსთან შედარებით, აბონენტების რაოდენობა 4.1%-ით (8600 აბონენტით) გაიზარდა, ხოლო ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელით მომსახურების მიმღები აბონენტების რაოდენობა 2013 წლის ბოლოს 246 ათასი იყო, ხოლო მისი ზრდის ტემპი 2012 წელთან შედარებით 35.9%-ით (65 ათასით) მეტია.

WiFi აბონენტების რაოდენობის განაწილება გეოგრაფიის მიხედვით 2013 წლის მონაცემებით. კომუნიკაციების ეროვნული კომისია
WiFi აბონენტების რაოდენობის განაწილება გეოგრაფიის მიხედვით 2013 წლის მონაცემებით. კომუნიკაციების ეროვნული კომისია

რაც შეეხება უსადენო ფართოზოლოვან მომსახურებას, EVDO და/ან HSPA ტექნოლოგიით აღჭურვილი USB მოდემების რაოდენობამ 2013 წლის ბოლოს 53 ათასი აბონენტი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 33.3%-ით (13 ათასით) მეტია.

 

ზრდის ტენდენციით ხასიათდება WiMax ტექნოლოგია. აბონენტების რაოდენობამ 2013 წლის ბოლოს 10.9 ათასი აბონენტი შეადგინა და 2012 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით 25.3%-ით მოიმატა.

 

საქართველოს 10 უდიდეს ქალაქში (თბილისი, ხაშური, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, ფოთი, გორი, სენაკი, სამტრედია და ზუგდიდი) WiFi აბონენტების წილი 27%-ს შეადგენს. სხვა ტექნოლოგიებისგან განსხვავებით, WiFi ბაზარზე მნიშვნელოვანი საბაზრო წილის მქონე გამოკვეთილი ოპერატორი არ არის. ბაზარზე 112 მცირე კომპანია ოპერირებს, რომელთაგან ყველაზე დიდის საბაზრო წილი 10.6%-ს შეადგენს (გლობალკომი).

რაც შეეხება რეგიონების მიხედვით ინტერნეტის მოხმარებას,  2013 წლის მეოთხე კვარტლის მდგომარეობით, საქართველოში სულ 220 ათასი DSL აბონენტი იყო. აბონენტების 41.2% (91 ათასი აბონენტი) თბილისშია თავმოყრილი, ქუთაისში – 11.7% (26 ათასი), ბათუმში – 11.0% (24 ათასი აბონენტი), რუსთავში – 1.9% (4.1 ათასი), ფოთში – 2.8% (6.3 ათასი აბონენტი), დანარჩენ საქართველოში კი, სულ 31.4% (69 ათასი აბონენტი).

 

2013 წლის მეოთხე კვარტლის მონაცემებით, საქართველოში სულ 246 ათასი ოპტიკურ-ბოჭკოვანი აბონენტი იყო. მათი 80.8% (198 ათასი აბონენტი) თბილისში იყო თავმოყრილი, რუსთავში – 10.3% (25 ათასი), ბათუმში – 4.4% (11 ათასი აბონენტი), სხვა დასახლებულ პუნქტებში კი იგი ნაკლებად არის გავრცელებული – 4.4% (სულ 11 ათასი აბონენტი).

 

კომისიის ცნობით, მობილური ინტერნეტის აბონენტების რაოდენობამ 2013 წლის ბოლოს  1 059 000 აბონენტი შეადგინა.

მობილური ინტერნეტის მომხმარებლების რაოდენობა  2013 წლის მონაცემებით. კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მონაცემებით
მობილური ინტერნეტის მომხმარებლების რაოდენობა 2013 წლის მონაცემებით. კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მონაცემებით

2013 წლის ბოლოს მდგომარეობით, საქართველოში სულ 53 ათასი EVDO/HSPA (EVDO და/ან HSPA ტექნოლოგიით აღჭურვილი მოდემის მქონე) აბონენტი ფიქსირდებოდა. ამ აბონენტებს პრაქტიკულად მხოლოდ მაგთიკომი ფლობს.

რაც შეეხება WiMax მომსახურებას, 2013 წლის მეოთხე კვარტლის მდგომარეობით, საქართველოში სულ 10.9 ათასი WiMax აბონენტი იყო. WiMax მომსახურების ბაზარზე ყველაზე მეტი აბონენტი ვიტელ-ჯორჯიას ჰყავს – 88.6% (9.6 ათასი აბონენტი), სერვისლაინს – 11.2% (1213 აბონენტი), Black Sea Telecom-ს – 30 აბონენტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი