კვლევა:გამოკითხულთა 91% პოლიტიკის შესახებ ონლაინ დისკუსიებში არასდროს ერთვება

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, პოლიტიკური ინფორმაციის მოძიების პროცესში წყაროდ ინტერნეტს გამოკითხულთა მხოლოდ 25 პროცენტი ასახელებს. გამოკითხულების აბსოლუტური უმრავლესობა 97 პროცენტი, პოლიტიკური შინაარსის ინფორმაციას ტელევიზიით იღებს.

ამ თვალსაზრისით საგაზეთო სტატიები წყაროდ გამოკითხულთა მხოლოდ 25–მა პროცენტმა დაასახელა. 5 პროცენტი ამბოობს, რომ პოლიტიკის შესახებ ინფორმაციას ფეისბუკის მეშვეობით იღებს.

 

გამოკითხულთა 63 პროცენტი აცხადებს, რომ ინტერნეტზე წვდომა საერთოდ არ აქვს, დანარჩენი 27 პროცენტი სხვადასხვა პერიოდულობით ახერხებს გლობალური ქსელის გამოყენებას, მაგალითად, 23 პროცენტი აცხადებს, რომ ინტერნეტით ყოველდღიურად სარგებლობს. იმ ადამიანების 54 პროცენტი, ვისაც ინტერნეტზე წვდომა გააჩნია, აცხადებს, რომ ქსელში პოლიტიკური შინაარსის ახალ ამბავს არასდროს კითხულობს, 7 პროცენტი ახალ ამბებს ონლაინ ყოველდღე ეცნობა, 5 პროცენტი კვირაში 5–6–ჯერ, 10 პროცენტი კვირაში 3–4–ჯერ, 10 პროცენტი კვირაში 1–2–ჯერ და 12 პროცენტი უფრო ნაკლები ინტენსივობით. იმ ადამიანების 66 პროცენტი, ვისაც ინტერნეტის გამოყენების შესაძლებლობა აქვს, პოლიტიკის შესახებ ვიდეოს ონლაინ არასდროს უყურებს, 74 პროცენტი არასდროს კითხულობს, პოლიტიკურ ბლოგს, 85 პროცენტი არასდროს სტუმრობს რომელიმე პარტიის ვებსაიტს, ხოლო 91 პროცენტი აცხადებს, რომ არასდროს კავდება ონლაინ დისკუსიებით პოლიტიკის შესახებ.

 

ზემოხსენებული კვლევა IRI–ს დაკვეთით ბალტიკ სარვეიმ, გელაპმა და P&M-მა ჩაატარეს 17 მაისიდან – 2 ივნისამდე პერიოდში. სულ საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა 3998 ადამიანი. კვლევის ავტორების მტკიცებით, ცდომილების ზღვარი 1,5 პროცენტს არ აღემატება. კვლევის შედეგები IRI–ს არ გაუსაჯაროვებია, მონაცემები ჟურნალისტებისათვის სხვა წყაროებიდან გახდა ცნობილი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
netgazeti.ge