ტექნოლოგიები

პრეზიდენტი ”ტვიტერზე”

4 ოქტომბერი, 2011 • 1322
პრეზიდენტი ”ტვიტერზე”

ტვიტერზე გამოჩნდა საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, ოფიციალური ანგარიში. როგორც პრეზიდენტის პრესსამსახურში განაცხადეს, გვერდი სრული დატვირთვით ჯერ არ ამუშავებულა და მის აქტიურად ამუშავებას უახლოეს მომავალში გეგმავენ. სრული დატვირთვით ამ წუთას მუშაობს პრეზიდენტის ვებგვერდი, ”ფეისბუქის” გვერდი და ”იუთუბის”არხი. ყველა ინფორმაცია, რაც იდება ამ საიტებზე, არის ადმინისტრაციის მიერ დაპოსტილი.

ამ დროისთვის მიხეილ სააკაშვილის ტვიტერის გვერდზე სულ 6 ”ტვიტია”. შეტყობინებები, ძირითადად, პრეზიდენტის ოფიციალურ შეხვედრებს ეხება. მას 82 ”ფოლოუერი” ჰყავს.

ხელისუფლების წევრებიდან ტვიტერის შედარებით აქტიური მომხმარებელია პრემიერმინისტრი ნიკა გილაური, ასევე, თბილისის მერი, გიგი უგულავა,  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია. ვერა ქობალია ინგლისურ ენაზე ”ტვიტავს”. სხვა პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, მისი შეტყობინებები ნაკლებადაა ოფიციალური ტონის. მაგალითად, ერთ-ერთ ”ტვიტში” კონფერენციაზე ყოფნისას Wi-Fi-ს უქონლობას ჩივის: At the UN climate change conference. No wifi anywhere on site! but lots of smart minds.

ოპოზიციური პარტიის წევრების მოძიება ტვიტერზე რთულია.  ამ სოციალურ ქსელზე დარეგისტრირებული არიან: კონსერვატიული პარტიის წევრი კახა კუკავა, ქრისტიან-დემოკრატებიდან ზაზა გაბუნია, ასევე რესპუბლიკური პარტიის წევრი, დავით ზურაბიშვილი. მას სულ 2 ”ტვიტი” აქვს, რომელთაგან ბოლო ესაა: ” ჯერ ვერ დავამუღამე ეს ტვიტერი სათანადოდ, მაგრამ არა უშავს, სად წავა?”

ტვიტერს ასევე აქტიურად იყენებენ უცხოელი პოლიტიკოსები. ამის ყველაზე კარგი მაგალითია აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა, რომელიც განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა ტვიტერზე. ის 2007 წელს დარეგისტრირდა ამ ქსელზე. 2007 წლიდან დღემდე ობამამ 2 000-მდე შეტყობინება ”დატვიტა” და ჰყავს 10 მილიონამდე ”ფოლოუერი” (მიმდევარი).

მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელი მაინც ”ფეისბუქია”, მას ტოპ-საიტებს შორის მე-2 ადგილი უკავია. ტვიტერი კი მე-9 ადგილზეა. საქართველოში უცხოეთთან შედარებით ტვიტერი ნაკლებადაა ცნობილი. ტოპ-საიტებს შორის ჩვენთანაც პირველი ადგილზე ”ფეისბუქია”, ტვიტერს კი მხოლოდ მე-18 ადგილი უჭირავს. აშშ-ში პოპულარობის მიხედვით ტვიტერი მე-7 ადგილზეა, სომხეთში– 23-ზე, აზერბაიჯანში– მე-12-ზე, რუსეთში კი –მე-17 ადგილზე. (Alexa.com-ის სტატისტიკის მიხედვით).

 

მასალების გადაბეჭდვის წესი