სამხრეთ კავკასიის ამბები

სომხური მხარის ცნობით, აზერბაიჯანმა საბრძოლო მოქმედებებში ტანკი გამოიყენა

9 დეკემბერი, 2015 • 1317
სომხური მხარის ცნობით, აზერბაიჯანმა საბრძოლო მოქმედებებში ტანკი გამოიყენა

სომხეთის თავდაცვის მინისტრი, სეირან ოგანიანი აცხადებს, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარებამ დაძაბულობის პიკს მიაღწია.

მინისტრის თქმით, მოწინააღმდეგემ წინა ღამით, საბრძოლო მოქმედებების დროს ტანკიც გამოიყენა.

8-9 დეკემბრის ღამეს ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ერთი ჯარისკაცი დაიღუპა.

“მოწინააღმდეგე არა მხოლოდ უარს აცხადებს ინციდენტების გამოძიების მექანიზმების შექმნაზე, ეწინააღმდეგება საერთაშორისო გამოძიებასაც, რომელსაც შეუძლია დამნაშავე მხარის გამოვლენა და შეფასების მიცემა. დადგა დრო, საერთაშორისო სტრუქტურები სერიოზულად დაფიქრდნენ მსგავს მექანიზმებზე”, – განაცხადა სეირან ოგანიანმა.

ოფიციალური განცხადება ტანკის გამოყენებასთან დაკავშირებით ბაქოს ჯერ არ გაუკეთებია.

აზერბაიჯანსა და სომხეთის შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო. აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღი და შვიდი მიმდებარე რაიონი, აზერბაიჯანის 20%, სომხეთის შეიარაღებული ძალების ოკუპაციაშია, რასაც კატეგორიულად უარყოფს სომხეთი.

1994 წელს მხარეებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, მაგრამ დღემდე წარუმატებელად მიიჩნევა საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით წარმოებული მოლაპარაკებები ამ ორ ქვეყანას შორის.

ორივე მხარე გამუდმებით ერთმანეთს ადანაშაულებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეჟიმის დარღვევაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი