სამხრეთ კავკასიის ამბები

„როგორ დაეცა გაგრა“ – სამხედრო და პოლიტიკური კრახი

6 ოქტომბერი, 2023 • 2253
„როგორ დაეცა გაგრა“ – სამხედრო და პოლიტიკური კრახი

ავტორი: გაბრიელ ჩუბინიძე, მკვლევარი, თბილისი


2023 წლის პირველ ოქტომბერს 31 წელი გავიდა აფხაზეთის ომის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ტრაგიკული დღიდან – აფხაზებმა ქალაქ გაგრაზე სრულმაშტაბიანი შეტევა განახორციელეს. სულ მოკლე ხანში მათ არა მხოლოდ აიღეს ქალაქი, არამედ დაიკავეს ტერიტორია რუსეთის საზღვრამდე. ბრძოლებს თან სდევდა ქართული მოსახლეობის ეთნიკური წმენდა და დევნილობა. ზოგად კონტექსტში კი ეს საქართველოს სრული პოლიტიკური და სამხედრო მარცხი იყო.

ხელისუფლებამ მხოლოდ ამის შემდგომ გააცნობიერა, რომ ის რეალურ ომში იმყოფებოდა, თანაც- მასზე ძლიერი მოწინააღმდეგის წინააღმდეგ. განსხვავებით ქართული მხარისგან, აფხაზებს ზურგს უმაგრებდნენ ჩრდილოკავკასიელი ბოევიკები და რუსეთი, რომელიც პირდაპირ დახმარებას უწევდა მათ. აღმოჩნდა, რომ საქართველო აბსოლუტურად მოუმზადებელი იყო: ერთი – გაგრის დაცვისთვის, მეორე კი, ზოგადად ომისთვის.

აფხაზეთის ომის მიმდინარეობის შესახებ დღემდე არ დაწერილა არცერთი სამეცნიერო სტატია თუ კვლევა. არადა, ომმა მრავალი ათწლეულით განსაზღვრა ქვეყნის მომავალი. გაგრის ბრძოლა კი რჩება ამ ომის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ეპიზოდად, რომლის დროსაც ქართულმა ხელისუფლებამ არათუ ვერ დაიცვა საკუთარი მოსახლეობა, არამედ სრული უუნარობა გამოავლინა ფრონტზე.

მიუხედავად უძმიმესი შედეგისა, არასოდეს არ დამდგარა პოლიტიკური თუ სამხედრო ფიგურების პასუხისმგებლობა.

1992 წელს საქართველოს პროკურატურის მიერ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე N:2292806 საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებული ჯარის ნაწილების მიერ გაგრის, ლესელიძისა და განთიადის დატოვების ფაქტთან დაკავშირებით. საგამოძიებო ჯგუფს სათავეში ჩაუდგა სამხედრო პროკურორი არჯევან ლომიძე. მუშავდებოდა შემდეგი ვერსიები: 1) ღალატი 2) ერთიანი ხელმძღვანელობის უქონლობა 3) პირად შემადგენლობაში მოშლილი სამხედრო დისციპლინა.

„კვლევას ისეთი გზით მივყავდით, ძაფები ისეთ პირებთან მიდიოდა, ისეთი ინფორმაციები შევკრიბეთ, რომ გამოძიების შედეგი სერიოზული და დამაფიქრებელი იქნებოდა. საჭირო იყო ფაქტების გადამოწმება, ინფორმაციის დაზუსტება და ვერსიების ბოლომდე დამუშავება, მაგრამ არ დაგვცალდა“, – ამბობს არჯევან ლომიძე.

1992 წლის 14 აგვისტოს, სარკინიგზო მაგისტრალის დაცვის საბაბით, სახელმწიფო საბჭოს შეიარაღებულმა ძალებმა და სხვა ქვედანაყოფებმა მდინარე ენგური გადალახეს და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე შევიდნენ. ოჩამჩირესთან აფხაზურმა გვარდიამ კოლონას ცეცხლი გაუხსნა, რითაც დაიწყო აფხაზეთის ომიც. 15 აგვისტოს ფოთიდან რამდენიმე კატარღითა და სადესანტო ნავებით (ნაწილი რუსეთმა თავად მოგვაწოდა) მოზრდილი ჯგუფი გაემგზავრა განთიადისკენ.

16 აგვისტოს, მცირე ბრძოლების შედეგად, დესანტირება წარმატებით განხორციელდა – ამავე დღეს საქართველო-რუსეთის საზღვარზე ქართული დროშა აფრიალდა. პარალელურად, ქართული ჯარი სოხუმის შესასვლელთან დგას – ქალაქში შესვლის პირველი მცდელობა, რომელიც ქაოსურად მიმდინარეობდა, წარუმატებელი აღმოჩნდა.

18 აგვისტოს სოხუმზეც ქართული დროშა აფრიალდა.

19 აგვისტოს, ადგილობრივი მხედრიონის დახმარებით, რომელსაც ბადრი ფიცხელიანი (შემდგომში ხდება ქალაქის კომენდანტი) მეთაურობდა, ქალაქი გაგრა ქართულმა შეიარაღებულმა ჯგუფებმა უბრძოლველად დაიკავეს. გაგრის მხედრიონი აფხაზეთში ომამდე პირველი და ერთადერთი ქართული შეიარაღებული ჯგუფი იყო. მართალია, ის რიცხოვნობით ბევრად მცირე იყო, ვიდრე აფხაზური გვარდია, მაგრამ მაინც, ადგილზე ის ქართველთა დამცველ ერთადერთ შეიარაღებულ ჯგუფსა და იმედს წარმოადგენდა.

აფხაზებისთვის ომი, მძიმედ დაიწყო, პირველივე დღეებში მათ თითქმის უბრძოლველად დათმეს სამი ქალაქი, ვერც შეიარაღებით ვერ დაიკვეხნიდნენ – მხოლოდ მსუბუქი შეიარაღება, ხშირად სანადირო თოფებიც კი.

ომის დაწყებიდან მალევე აფხაზებმა რუსებისგან პირველი პარტია მსუბუქი შეიარაღება მიიღეს – უფრო სწორად, როგორც რუსული და აფხაზური წყაროები იუწყებიან (რაც ყველაზე არარეალური სიზმრის სცენარია), აფხაზებმა, იარაღის გადაცემის მოთხოვნით, ალყაში მოაქციეს რუსი მედესანტეთა ბაზა (ДШБ). შეშინებულმა რუსებმა კი ათასობით სხვადასხვა ტიპის იარაღი „იძულებით“ გადასცეს აფხაზებს. ამის პარალელურად, კავკასიელ ხალხთა კონფედერაციამ, ფაქტობრივად, ომი გამოუცხადა საქართველოს და საკუთარი „ბოევიკების“ შეგზავნა დაიწყო აფხაზეთში. ამათგან ერთ-ერთი მთავარი სამთო მარშუტი ბზიფის ხეობაში – გაგრასა და გუდაუთას შორის გადიოდა.

გაგრაში მეტად ქაოსური სიტუაცია იყო შექმნილი, ქალაქში და მთლიანად ზონაში რამდენიმე შეიარაღებული ჯგუფი მოქმედებდა (მხედრიონი, გვარდია და მასში შემავალი ჯგუფები, ადგილობრივი ჯგუფები და ა.შ.), მათ შორის კი არ არსებობდა არანაირი კოორდინაცია, წესრიგი და ერთიანი მეთაურობა. ადგილობრივ მოსახლეობაზე ხშირი იყო მოროდიორობისა და ძალადობის ფაქტები. ქალაქის შტაბს ჯაბა იოსელიანი მეთაურობდა და დაჟინებით მოითხოვდა სამხედრო საქმეში ჩახედული ადამიანების გამოგზავნას გაგრაში.

ბოლოს და ბოლოს, თბილისიდან გამოიგზავნა პოლკოვნიკი მიხეილ მარინაშვილი, რომელიც გაგრის ზონის დაცვის უფროსი გახდა, და პოლკოვნიკი პაატა დათუაშვილი (სხვადასხვა დროს). ორივე მათგანი გამოცდილი და პროფესიონალი ჯარისკაცები იყვნენ – ორივენი თბილისის საარტილერიო სასწავლების აღზრდილნი გახლდნენ და მსახურობდნენ გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში, ამავდროულად, მონაწილეობდნენ ავღანეთის ომშიც.
მარინაშვილის მეთაურობით წარმატებული შეტევა იწარმოა იფნარის მიმართულებით – მოგვიანებით მიიღო მისი დატოვების ბრძანება. ამის შემდგომ აიღო მეფრინველეობის ფაბრიკა, მოგვიანებით ქართულმა ჯარმა აქაც უკან დახევის ბრძანება მიიღო.

მიუხედავად, კონკრეტული ღონისძიებებისა, გაგრაში საერთო ხელმძღვანელობის ჩამოყალიბება მაინც ვერ მოხერხდა, აღარაფერი ითქმის გამართულ ლოჯისტიკასა და მებრძოლთა როტაციაზე.

აფხაზეთში მიმდინარე ომის პარალელურად, სამშვიდობო მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. 3 სექტემბერს კი სოჭში შეხვედრა უნდა გამართული იყო. ორივე მხარე შეხვედრამდე ცდილობდა მაქსიმალურად მომგებიანი პოზიციების დაკავებას. სწორედ ამიტომაც, აგვისტოს მიწურულს აფხაზებმა შეტევა დაიწყეს გაგრაზე (სულ მოკლე ხანში ქართულმა მხარემ სოხუმის რაიონში შეტევა დაიწყო ეშერის სტრატეგიული სიმაღლეების მიმართულებით).

გაგრასა და ბზიფის ხეობას ორივე მხარისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა – თუკი ქართული მხარე მოახერხებდა და ხეობას აიღებდა, ამით, ფაქტობრივად, დაასრულებდა აფხაზეთში ჩრდილოკავკასიელი ბოევიკების შესვლას. თავის მხრივ, ეს აფხაზებისთვის ომის წაგების ტოლფასი იქნებოდა.

აგვისტოს მიწურულს დაწყებულ აფხაზურ შეტევას ქართული მხარე გაჭირვებით იგერიებდა, ჯაბა იოსელიანი იხსენებს: „ერთი სიტყვით, ომი გაჩაღდა. მის შეჩერებას დიდი ძალისხმევა დასჭირდება სამივე მხრიდან: ჩვენგან, აფხაზებისგან და რუსებისგან. ვკრებ მხედრიონს. შეიარაღება სუსტია: ავტომატები და რამდენიმე ყუმბარმტყორცნი. საშოვნელია ჭურვები და ტყვია-წამალი. ვისგან? ისევ რუსებისგან. ჩვენი ბიჭები თვითონ ჩალიჩობენ. კიტოვანი და სიგუა არაფერს იძლევიან. ის კი არა, ეჭვიანობენ, ზედმეტად არ გავძლიერდე.“

3 სექტემბერს სოჭში სამშვიდობო ხელშეკრულება გაფორმდა. ცეცხლის შეწყვეტასთან ერთად, აფხაზეთის ტერიტორია უნდა დაეტოვებინთა ჩრდილოკავკასიელ ბოევიკებს. თავის მხრივ, ორივე მხარეს უნდა დაეტოვებინა რიგი დაკავებული ტერიტორიები. დოკუმენტს ხელს აწერდნენ ელცინი და შევარდნაძე, ხოლო არძინბა, რომელიც ასევე მონაწილეობდა მოლაპარაკებებზე, მხარედაც კი არ იყო წარმოჩენილი. საქართველოსთვის შეთანხმება აღქმული იყო როგორც გამარჯვება და ომის დასასრული.

მიუხედავად შეთანხმებისა, გაგრაში ომი არცერთი დღით არ შეწყვეტილა. აფხაზები ძირითადად ცდილობდნენ ქალაქის გარშემო სტრატეგიული სიმაღლეების დაკავებას – თანაც წარმატებით.

პოლკოვნიკმა მარინაშვილმა, 1993 წლის 14 ივნისს, უეცარ გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე ინტერვიუში განაცხადა: „გაგრა-ლესელიძე ჯაბა იოსელიანი გავლენის სფერო იყო, ამიტომაც არ აგზავნიდა კიტოვანი გაგრაში რეზერვებს: ტყვია-წამალს, ტექნიკას, იარაღს; ამიტომ მოდიოდა მოშლილი ჭურვები, დასველებული ტყვია-წამალი, მწყობრიდან გამოსული მძიმე ტექნიკა; ამიტომაც არ ეკარებოდა თავად თავდაცვის მინისტრი სათოფეზე გაგრას; ჩემს ბრძანებებს და მითითებებს გაგრაში განლაგებული მხედრიონი არად აგდებდა, რადგან მე თავდაცვის სამინისტროს კადრად, კიტოვანის კაცად ვითვლებოდი.“

ჯაბა იოსელიანი იხსენებს: „სადაც კი გარღვევაა, მარინაშვილი ყველგან მათ [მხედრიონს] გზავნის. თავდაცვის სამინისტროს მოხსენებები სულ სხვა ხასიათისაა: გაგრაში ყველაფერი რიგზეა, გაიგზავნა ამდენი და ამდენი კაცი, არის ტექნიკა. მიდის პოზიციური ბრძოლები ჩვენს სასარგებლოდ. „ცრუობენ! იტყუებიან!“ – ვუყიჟინებ შევარდნაძეს. ვერ მიბედავენ, თორემ ზურგს უკან, ალბათ, პანიკიორად მნათლავენ, როცა გავყვირი: „გაგრა, გაგრა!“ თუ გვინდა, წარმატებას მივაღწიოთ, შეტევა მხოლოდ გაგრიდან უნდა დავიწყოთ.“

მარინაშვილი აგრძელებს: „გაგრის შეტაკებამდე ათასჯერ ავტეხეთ განგაში აფხაზეთიდან, თავდაცვის სამინისტროშიც, სახელმწიფო მეთაურთანაც, მეც, შტაბის სხვა წევრებიც, გენერალი ყარყარაშვილიც. დაპირება ყოველთვის შეუსრულებელი რჩებოდა […] მათგან მხოლოდ ერთი გვესმოდა, გამაგრდით, გამაგრდითო, მათგან გაყიდულსა და მიტოვებულ გაგრაში გამაგრება კი დაღუპვას ნიშნავდა. დაღუპულები კი ვერაფერს ვიტყოდით […] თენგიზ კიტოვანს  გაგრის ამბები სატელეფონო საუბრითაც რომ არ უკითხავს არასდროს.“

სექტემბრის ბოლოს, მანამ, სანამ გაგრაზე აფხაზები გენერალურ შეტევას დაიწყებდნენ, ქალაქში ქართული სამხედრო დაჯგუფება სრულ ქაოსში იყო – მოშლილი იყო შტაბი [ან როდის არსებობდა], კოორდინაცია, ჯარის როტაცია, არ იგზავნებოდა ტყვია-წამალი, მიტოვებული იყო საბრძოლო პოზიციები, არ სრულდებოდა საბრძოლო ამოცანები.

1993 წელს გაზეთ 7 დღეში დაიბეჭდა პროკურატურადან გამოჟონილი გაგრის დაცემის შესახებ დაწყებული გამოძიების მასალები – სტატიაში ვკითხულობთ – „აგზავნიან ორ ტანკს, ერთს ძრავა არ უმუშავებს, მეორე არ ისვრის. ახალციხიდან გაგრაში გაგზავნილი სამი ტანკი და ოთხი ბმპ, ზღვაში მიღებული საგანგებო ბრძანებით, გაგრის მისადგომებიდან სოხუმში ბრუნდება.“ „გაგრის სამხედრო ხელმძღვანელობის მონაცემებით, დანაღმული არ არის არცერთი ხიდი, არცერთი სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტი.“ „გაგრის N1 ბატალიონის მეთაურის ჩვენებით, 20 სექტემბერს შტაბიდან გაგზავნილი მენაღმეები სნაიპერების შიშით ვერ ახერხებენ ბატალიონის პოზიციების წინამდებარე ტერიტორიების დანაღმვას. მეორე დღეს, რატომღაც, ბატალიონის პოზიციების უკან მდებარე ადგილებს ნაღმავენ. შედაგად, უკან დასახევი გზა მოჭრილია.“

გაგრაზე აფხაზურ შეტევამდე რამდენიმე დღით ადრე, 30 სექტემბრის მონაცემებით, ტყვია- წამლის მარაგი ამოწურული იყო, ხოლო თავდაცვის სამინისტროს მიერ გაგზავნილი 40 ყუთი გაფუჭებული აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ გაგრაზე მოსალოდნელი შეტევის შესახებ უტყუარი ინფორმაცია არსებობდა (აღიარა ტყვედ ჩავარდნილმა მოწინააღმდეგის მებრძოლმა) მაინც არანაირი კონტრნაბიჯი არ გატარებულა. აფხაზური მხარე, ყველა სამხედრო ასპექტში ჯაბნიდა ქართულს, მათ შორის, სრულად ისმინებოდა ქართული სამხედრო რადიოსიხშირეები.

1992 წლის 29 სექტემბერს გაგრის სტადიონზე მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა, ისინი ითხოვდნენ სამხედრო ხელმძღვანელობისგან პასუხებს, მათ შორის იმასთან დაკავშირებითაც, იყვნენ თუ არა ისინი დაცულნი. გადმოცემის თანახმად, რომელიც რამდენიმე სხვადასხვა ზეპირი წყაროთი დასტურდება, მიხეილ მარინაშვილი ადგილზე ვერ მივიდა, მაგრამ იქ მყოფმა ერთ-ერთმა შტაბის წევრმა ხალხი დაამშვიდა და უთხრა, რომ გაგრაში „ჩიტიც ვერ შემოფრინდებაო“. ამ სიტყვების პარალელურად, აფხაზებს უკვე ყველა სტრატეგიული წერტილი ეკავათ და ელოდნენ ქალაქის აღების ბრძანებას. 30 სექტემბერს ქალაქი დაბომბეს ალაზნის ტიპის რაკეტებით, ხოლო პირველ ოქტომბერს, საღამოს,  შეტევაც დაიწყო. მეორე დღეს აფხაზები უკვე ქალაქს მიადგნენ.

აფხაზების ძირითად ბირთვს ჩრდილოკავკასიელი დაქირავებულები წარმოადგენდნენ შამილ ბასაევის მეთაურობით.  ქალაქს სამი მიმართულებით შეუტიეს, ქართულმა შეიარაღებულმა ჯგუფებმა კი თითქმის ვერანაირი წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს. დღის ბოლოს აფხაზები მთელ ქალაქს აკონტროლებდნენ. ქართული მხრიდან ლოკალური, ძლიერი წინააღმდეგობა გასწიეს მხედრიონელებმა, მილიციელებმა, ადგილობრივებმა და სხვა ჯგუფებმა, მაგრამ ბრძოლის ბედს ეს ვერანაირად ვერ შეცვლიდა.

ქალაქი, რომელშიც ჩიტიც ვერ უნდა შეფრენილიყო, ერთ დღეში დაეცა. ტყუილი აღმოჩნდა სექტემბრის ხელშეკრულებაც, რუსები პირდაპირ იყვნენ ჩართულნი ოპერაციის დაგეგმვასა და მის განხორციელებაში, ხოლო მოსახლეობა, რომელსაც დააჯერეს უსაფრთხოების შესახებ, ეთნიკური წმენდის მსხვერპლნი აღმოჩნდა – მხოლოდ გაგრაში მოკლეს 429 მშვიდობიანი მოსახლე.

გაგრის ბრძოლის შემდგომ, რომელიც უფრო სწორია ეწოდოს გაგრის სამხედრო-პოლიტიკური კრახი, ხელისუფლება თავს არიდებდა დამნაშავის პერსონიფიცირებას, მეორე მხრივ, ეს შეიძლება ბუნებრივიც იყო, რადგან კოლექტიურ ბრალეუობას წარმოადგენდა. როგორც არ უნდა იყოს, ყველამ ერთმანეთზე გადაბრალება დაიწყო – მარინაშვილი იოსელიანსა და კიტოვანს, იოსელიანი- კიტოვანს, ხოლო კიტოვანი -შევარდნაძეს. თენგიზ კიტოვანის თქმით, შევარდნაძემ სოჭში წამგებიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, რის გამოც მან შეხვედრაც კი დატოვა – მეორეს მხრივ, ის თავად მონაწილეობდა ამ შეხვედრაში და საკმარისი დრო ჰქონდა სიტუაციის გადარჩენისთვის – უარესი, ის თავად ხვდებოდა რუს მაღალჩინოსნებს, მათ შორის, გაგრის დაცემიდან ცოტახნით ადრე.

სამხედრო პროკურორი, არჯევან ლომიძე ამბობს: „ღალატია, როცა გაქვს უპირატესობა, შანსი, შესაძლებლობა და არ იყენებ. დანაშაულია არა მხოლოდ ქმედება, უმოქმედობაც.“

შვიდი პოლიტიკური პარტიის მოთხოვნით, სამხედრო პროკურორი არჯევან ლომიძე თანამდებობიდან გადააყენეს, დაშალეს საგამოძიებო ჯგუფი და შექმნეს ახალი, მაგრამ მალევე ისიც დაიხურა – პროკურატურამ უპერსპექტივოდ მიიჩნია. ლომიძის ადგილას პროკურორად დაინიშნა ალექსანდრე შუშანაშვილი, სწორედ მის ხელში აღმოჩნდა საქმეცა და საქმის მასალებიც, თუმც აშკარაა, რომ საქმეს გაგრძელება არ მოჰყოლია.

პ.ს. სოხუმის დაცემის შემდგომ, შეიქმნა მორიგი კომისია, რომელმაც დაიწყო აფხაზეთში ომის წაგების მიზეზების ძიება. გაგრის საქმეც სწორედ მასვე მიუერთეს. საინტერესო არის ის, რომ როგორც გაგრის ეპიზოდში, ისევე მოცემულ საქმეში, გამოძიების მასალებმა გამოჟონა და საჯარო გახდა.


მასალების გადაბეჭდვის წესი