სამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანის აგრესიის მიზანი – ხედვა სომხეთიდან

14 სექტემბერი, 2022 • 1409
აზერბაიჯანის აგრესიის მიზანი – ხედვა სომხეთიდან

ავტორი: კონსტანტინე ღაზარიანი


აზერბაიჯანის აგრესიის მიზანი და რუსეთის როლი

კითხვა, რომელსაც ბევრი სვამს ახალი სამხედრო შეტაკების კონტექსტში, მდგომარეობს იმაში, თუ რა მიზანი აქვს აზერბაიჯანს. უკანასკნელი ორი წლის, განსაკუთრებით კი, უკანასკნელი თვეების განმავლობაში მიმდინარე დაპირისპირება მთიანი ყარაბაღს ან მის მიმდებარე ტერიტორიებს აღარ ეხება. აზერბაიჯანისა და თურქეთის ყველა დიდი სამიზნე მეღრის დერეფნის შექმნაა. ამ ინტერესს რუსეთიც იზიარებს, თუმცა, საკუთარი ინტერესის გამო. თურქეთმა, აზერბაიჯანმა და რუსეთმა იციან, რომ საბოლოო ჯამში, უახლოეს წლებში ირანსა [შედეგად, ინდოეთისთვის] და ევროპას შორის აბრეშუმის ახალი გზისთვის სომხეთსა და საქართველოს განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნებათ.

გრძელვადიან პერსპექტივაში ეს, ერთი მხრივ, გაამყარებს ტრანზიტული სახელმწიფოების, ანუ სომხეთისა და საქართველოს ეკონომიკას, მეორე მხრივ კი, შეასუსტებს რეგიონში აზერბაიჯანის, თურქეთისა და რუსეთის პოზიციებს.

აზერბაიჯანი მთელი თავისი პოლიტიკური და სამხედრო საშუალებებით ცდილობს, რომ სომხეთმა სამი მიმართულებით დათმოს: მეღრის დერფნის შექმნა, რომელმაც თურქეთი და აზერბაიჯანი უნდა დააკავშიროს, აზერბაიჯანის ინტერესების გათვალისწინებით საზღვრის დემარკაციის პროცესი და მთიანი ყარაბაღის აზერბაიჯანის ტერიტორიად აღიარება. ყოველივე ეს ხელმოწერილი უნდა იყოს სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში.

აზერბაიჯანი კონფლიქტების ესკალაციის გზით ცდილობს, ერთი მხრივ, შექმნას ახალი პოლიტიკური რეალიები, მეორე მხრივ კი, დაარწმუნოს სომხეთი, ხელი მოაწეროს იმ სამშვიდობო შეთანხმებას, რომელიც ეწინააღმდგება სომხეთის ინტერესებს. იმის მიუხედავად, რომ ბაქო საერთაშორისო დონეზე ტერიტორიული მოთხოვნების პრეტენზიას არ გამოთქვამს, აზერბაიჯანი იმედოვნებს, ტერიტორიული “პრობლემები” საზღვრის დემარკაციის ფარგლებში გადაჭრას.

აღნიშნულ კონფლიქტში რუსეთი შუამავლად ვერ გამოდის, რადგანაც მას მეღრის დერეფნის შექმნაში საკუთარი ინტერესები გააჩნია. სომხეთში პრორუსული პოლიტიკური ბანაკი რუსულ სამხედრო ძალებს სომხეთში ყოველთვის ამართლებდა ამ ფორმულირებით: “რუსეთი ერთადერთი საშუალებაა ჩვენი არსებობისა”. საქმე ის არის, რომ რუსეთი არ არის დაინტერესებული საკუთარი ვალდებულებების შესრულებით. რუსეთის არსებობა სომხეთის ტერიტორიაზე უკვე პრობლემაა სომხეთისთვის ორი მიზეზით: ირანსაც რომ ჰქონოდა მსგავსი სურვული, ის ვერ შეძლებდა სომხეთში იარაღის მიწოდებას, ვინაიდან სასაზღვრო ტერიტორია დიდწილად რუსი სამხედროებით კონტროლდება.

ირანი დაინტერესებულია სომხეთის სამხედრო მხარდაჭერით, თუმცა, ამავე დროს, არ უნდა საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოხვედრა. მეორე მხრივ, დასავლეთის არცერთი ქვეყანა სომხეთს იარაღს არ მისცემს სომხეთში რუსეთის ფაქტორის გათვალისწინებით. ეს ერთ-ერთი მიზეზია, თუ რატომ დაიწყო უკრაინამ იარაღის მიღება მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ: უკრაინა იძულებული იყო გაეწმინდა საკუთარი სადაზვერვო აპარატი რუსული გავლენებისგან იქამდე, სანამ დასავლეთისგან იარაღის მიღებას შეძლებდა.

NATO-ს წევრ ქვეყანა თურქეთსაც კი უარი ეთქვა ამერიკული თვითმფრინავების ყიდვაზე, რადგანაც თურქეთმა რუსეთისგან საჰაერო თავდაცვის სისტემები S400 შეიძინა. სომხეთში რუსი სამხედროების ყოფნა ორმაგი მახრჩობელაა: ერთი მხრივ, ის არის უსაფრთხოების გარანტი და ამავე დროს ხელს უშლის შესაძლო სამხედრო დახმარებას ირანისგან და დასავლეთის ცალკეული ქვეყნებისგან, რაც გარკვეულ შემთხვევებში, სავსებით შესაძლებელი იქნებოდა.

აზერბაიჯანი გააგრძელებს სომხეთის დატერორებას ამ ფორმით მანამდე, სანამ არ მიაღწევს სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებას საკუთარი პირობებით, ან იქამდე, სანამ სხვა მოთამაშეები ჩაერევიან. თავად სომხეთში კი აუცილებელია, სერიოზულად დაფიქრდნენ უსაფრთხოების სტრატეგიაზე და სამხედრო კავშირზე, რადგან არსებული ალიანსები არათუ არ ეხმარებიან მას, მისი ინტერესების საწინააღმდეგოდ მუშაობენ.

13 სექტემბერს, ადგილობრივი დროით 00:05 საათზე, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა სომხეთის ტერიტორიის მიმართულებით ფართომასშტაბიანი საარტილერიო ცეცხლი გახსნეს. იმ დროს, როდესაც უკანასკნელი წლებისა და თვეების განმავლობაში, იშვიათი გამონაკლისის გარეშე, შეტაკებები საერთაშორისო სამართლის კუთხით სადავო მთიან ყარაბაღში მიმდინარეობდა, ახალი შეტაკების ობიექტი სომხეთის ტერიტორია გახდა.

აზერბაიჯანული მხარის თანახმად, სომხეთთან სასაზღვრო შეტაკებებში დაკარგეს 50 მოსამსახურე, მათ შორის 42 ჯარისკაცი და 8 მესაზღვრე. სომხური მხარის ცნობით, 13 სექტემბრის ბრძოლას, სულ მცირე, 49 სომეხი ჯარისკაცი შეეწირა.

სომხური წყაროების შესაბამისად, სხვადასხვა ტიპის არტილერიიდან ცეცხლი გაუხსნეს ქალაქ გორისს, კაპანს, სოთქს, ვარდენისსა და ჯერმუკს.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ოთხ მიმართულებაზე ისაუბრა, სადაც განსაკუთრებით სასტიკი ბრძოლები გაიმართა. დაზარალებული რაიონებიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. ოფიციალური ცნობით, სომხეთის მხრიდან, სულ მცირე, 49 სამხედრო დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა. ასევე დაშავდა სამი მშვიდობიანი მოქალაქე.

წინა შეტაკებებისგან განსხვავებით, საერთაშორისო რეაქცია ამ შემთხვევაში უფრო მკაფიო იყო. მაგალითად, აშშ-ის სენატის საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარემ მწვავე განცხადება გააკეთა და დაგმო აზერბიჯანის აგრესია. აშშ-ის ცალკეულმა სენატორებმა და კონგრესმენებმა, ევროკავშირის ფრანგმა დეპუტატებმა და ზოგადად, ფრანგმა დეპუტატებმა აზერბაიჯანს სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის დაცვა მოსთხოვეს.

ცნობილმა საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-მა ასევე შეშფოთება გამოთქვა სომხეთის ტერიტორიული სუვერენიტეტის დარღვევის გამო. მეორე მხრივ, როგორც მოსალოდნელი იყო, რუსეთმა და ევრაზიული კავშირის სხვა ქვეყნებმა ორივე მხარეს სიტუაციის ესკალაციისგან თავშეკავებისკენ მოუწოდეს.

თავის მხრივ, აზერბაიჯანი ცდილობს ანტისომხური განწყობები დანერგოს რუსეთის წინააღმდეგ განწყობილ ქვეყნებში და რუსეთი სომხეთის უსაფრთხოების გარანტად წარმოაჩინოს. თუმცა სომხეთსა და რუსეთს შორის არც სამოკავშირეო შეთანხმება, არც დსთ-ის ორგანიზაციები და არც ОДКБ [კოლექტიური შეთანხმების ორგანიზაცია] არ მუშაობს. მომხდართან დაკავშირებით თავად სომხეთის პრემიერ-მინისტრმა უკვე დაურეკა კოლეგებს საფრანგეთში, ირანში, რუსეთში, საქართველოში და ამერიკის სახელმწიფო მდივანს.

ОДКБ, რუსეთი, საფრანგეთი და გაეროს უშიშროების საბჭო

წინა თვეების ესკალაციისგან განსხვავებით, ამჯერად სომხეთმა ყველა დიპლომატიური ინსტრუმენტი გამოიყენა: სომხეთმა, ერთი მხრივ, უშუალოდ მიმართა რუსეთს, მეორე მხრივ კი, სამოკავშირეო შეთანხმების ფარგლებში ОДКБ-ს. გარდა ამისა, სომხეთის მთავრობამ მიმართვა გაუგზავნა გაეროს უშიშროების საბჭოს.

ეს კიდევ ერთხელ მოწმობს იმას, რომ რუსეთი უუნაროა და სურვილი არ აქვს, სომხეთს მხარი დაუჭიროს სამხედრო ან თუნდაც პოლიტიკური თვალსზრისით. ამ კონტექსტში, რუსეთზე, როგორც უსაფრთხოების გარანტზე, საუბარი სრული ცინიზმია.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, თავის მხრივ, ასევე მხარი დაუჭირა გაეროს უშიშროების საბჭოს სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის დღის წესრიგში ჩართვას. ჯერჯერობით უცნობია, განიხილება თუ არა რეზოლუციები, კონკრეტულად კი,  რომელი. სომხეთისთვის საკითხის გაეროს უშიშროების საბჭოზე განხილვა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ლეგიტიმური ინსტრუმენტია. თუმცა, ამ შემთხვევაში, უნდა ითქვას, რომ რომელიმე რეზოლუციის მიღება ან თუნდაც განცხადების მიღება გაეროს უშიშროების საბჭოს ამჟამინდელი შემადგენლობის პირობებში ნაკლებ სავარაუდოა. როგორც 2020 წელს, ნებისმიერი განცხადება ან რეზოლუცია ჩინეთის, და შესაძლოა, რუსეთის ხმების გამოც არ იყოს მიღებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი