სამხრეთ კავკასიის ამბები

მეღრის დერეფანი და სომხეთ-ირანისა და თურქეთ-რუსეთის ინტერესები

25 აგვისტო, 2022 •
მეღრის დერეფანი და სომხეთ-ირანისა და თურქეთ-რუსეთის ინტერესები

ავტორი: კონსტანტინე ღაზარიანი, პოლიტოლოგი


ბერძორი/ლაჩინი, 25 აგვისტო: ქალაქ ბერძორს, აგავნოს და ნერკინ სუსის სოფლებს უკანასკნელი ოჯახები ტოვებენ, სომხური მხარის წარმომადგენელი ვიტალი ბალასანიანი დასახლებულ პუნქტებს აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებს ოფიციალურად “გადასცემს”. 1990 წლებიდან ლაჩინის კორიდორი ყველაზე მნიშვნელოვანი და თითქმის ერთადერთი სახმელეთო დამაკავშირებელი იყო სომხეთსა და მთიან ყარაბაღს შორის. მას არა მხოლოდ სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ორივე მხარისთვის, ის პრაქტიკულად, მთიანი-ყარაბაღის გადარჩენისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ლაჩინის კორიდორის გარეშე მთიანი ყარაბაღი დე ფაქტო გარშემორტყმულია აზერბაიჯანის ჯარებით და მოწყვეტილია სომხეთს. რაც არა მხოლოდ მთიანი ყარაბაღის ფაქტიურ მომარაგებას ართულებს ახალი ომის შემთხვევაში, არამედ სომხეთსა და მთიან ყარაბაღს შორის ადამიანების გადაადგილებასაც.

იმის მიუხედავად, რომ ლაჩინის დერეფანი იმ შვიდი რაიონთაგან ერთ-ერთია, რომელიც უსაფრთხოების ზონად მიიჩნეოდა ყარაბაღის პირველი ომის დასრულების შემდეგ და აზერბაიჯანს უნდა გადაცემოდა მოლაპარაკებების [5+2] ფარგლებში, ის ასევე განსაკუთრებულ ადგილს იკავებდა გაეროს რეზოლუციებში და მთიანი ყარაბაღის გადარჩენისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად მიიჩნეოდა.

ლაჩინის კორიდორის გადაცემა 2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივი შეთანხმებით სამი წლის ვადაში იყო გათვალისწინებული. ამ სამი წლის განმავლობაში უნდა დასრულებულიყო სომხეთსა და მთიან ყარაბაღს შორის კიდევ ერთი სახმელეთო დამაკავშირებელი გზის მშენებლობა. თუმცა, მშენებლობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს, ლაჩინის კორიდორი კი უკვე გადაეცა აზერბაიჯანს.

მიუხედავად აზერბაიჯანის სამხედრო კონტროლისა, შეთანხმების თანახმად, ახალი გზის მშენებლობის დასრულებამდე, დერეფანი შეიძლება გამოყენებული იყოს სომხური მხარის მიერ. როგორ განხორციელდება ეს და ვინ უზრუნველყოფს უსაფრთხოებას, ჯერჯერობით, ცნობილი არაა.

მეღრის დერეფანი: რეგიონალური ინტერესების კვეთა

საერთო სურათში ლაჩინის დერეფანი პრობლემის მხოლოდ ნაწილს წარმოადგენს. არანაკლებმნიშვნელოვანია ე.წ.მეღრის [ქალაქი სომხეთის სამხრეთით, სიუნიქში. ახლოს ირანის საზღვართან] დერეფნის პრობლემა, რომელზეც პრეტენზია აქვს აზერბაიჯანს და თურქეთს. მეღრის დერეფანმა უნდა გაიაროს სომხეთის ტერიტორიაზე და დააკავშიროს აზერბაიჯანი ნახიჩევანის ექსკლავთან. მის შექმნას და ან არშექმნას არა მხოლოდ რეგიონალური, არამედ გლობალური მნიშვნელობა გააჩნია.

ამ შემთხვევაში ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ინტერესი იკვეთება. 2020 წლის 9 ნოემბრის შეთანხმებაში “საკომუნიკაციო არხების გახსნის” შესახებ მხოლოდ ერთი პუნქტი არსებობს. სომხური მხარე უარს არ ამბობს სატრანსპორტო არხების გახსნაზე, ე.წ. მეღრის დერეფანზე, თუმცა მოითხოვს სომხეთის ტერიტორიული სუვერენიტეტის პატივისცემას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ: სომხეთის პოზიციის შესაბამისად, აზერბაიჯანის სატრანსპორტო საშუალებებს უნდა მიეცეს მისი გაადაკვეთის ნებართვა, თუმცა ის სომეხი მესაზღვრეებისა და მებაჟეების მიერ უნდა გაკონტროლდეს.

აზერბაიჯანის და თურქეთის ხელისუფლებები კი, უსაფრთხოების უზრუნველყოფის საბაბით მოითხოვენ – დერფნის შექმნას, რომელიც გაკონტროლდება აზერბაიჯანის ან თავად თურქეთის მიერ. თავის მხრივ, რუსეთის ფედერაცია, დაინტერესებულია იმაში, რომ თავად მიეცეს დერეფნის კონტროლის მექანიზმი.

მეღრის დერეფნის შექმნას ან არ შექმნას გლობალური მნიშვნელობა ორი მიზეზით აქვს: ის სომხეთის ტერიტორიის გავლით უზრუნველყოფს სახმელეთო მიმოსვლას სტამბოლიდან ბაქომდე. თუ კორიდორი სომეხი მებაჟეების მიერ ვერ გაკონტროლდება, ორივე სახელმწიფო, ჰიპოტეტურად, საკუთარ ქვეყნებს შორის სამხედრო ტექნიკის გადატანას შეძლებს. ეს ნიშნავს იმას, რომ რეგიონში თურქეთის გავლენა გაიზრდება. მეორე და შესაძლოა, უფრო გლობალური მიზეზია ის, რომ ამ დერეფნის შექმნა სერიოზულად შეღზუდავს და დე ფაქტო დაბლოკავს სახმელეთო გზას ირანსა და სომხეთს შორის. ეს კი, თავის მხრივ შეზღუდავს კავშირს სპარსეთის ყურედან. უფრო ფართო გაგებით, კავშირს ინდოეთიდან, ირანის, სომხეთის, საქართველოს გავლით ევროპაში. მარშრუტი ირანი-სომხეთი-საქართველო კი, თავის მხრივ, უკანასკნელ პერიოდში დასავლელი და რუსი ექსპერტების გაზრდილი ყურადღების ცენტრშია.

ამგვარდ, მეღრის კორიდორის მშენებლობა აზერბაიჯანული, თურქული ან თუნდაც რუსული კონტროლით, პირველ რიგში, ეწინააღმდეგება ირანის, სომხეთისა და საქართველოს და უპირველეს ყოვლისა, დასავლეთის ინტერესებს.

ეს ერთ-ერთი გეოპოლიტიკური საკითხია იმ მცირე საკითხებს შორის, სადაც აშშ-ს და ირანის ინტერესები ემთხვევა. აზერბაიჯანი, თურქეთი და რუსეთი, ერთი მხრივ, სხვადასხვა მიზეზით კორიდორის შექმნის სასარგებლოდ აკეთებენ განაცხადს.

თურქეთისა და აზერბაიჯანისთვის სახმელეთო მიმოსვლა ერთმანეთთან გასაგები მიზეზია, რუსეთს კი ამის რამდენიმე ინტერესი გააჩნია: ერთი მხრივ, დერეფანი გადაფარავს პოტენციურ ახალ აბრეშუმის გზას ირანსა და ევროპას შორის, მეორე მხრივ, რუსების კონტროლის შემთხვევაში, რუსეთი შეძლებს აკონტროლს ყველა ტვირთგადაზიდვა სომხეთს და ირანს შორის, ასევე, თურქეთს და აზერბაიჯანს შორის.

იმის მიუხედავად, რომ მედიაში ხშირად ისმის მოსკოვი-თეირანის ღერძის შესახებ, ეს ურთიერთობები, განსაკუთრებით უკანასკნელ თვეში, მნიშვნელოვნად გაცივდა. ამაში კი მნიშვნელოვანი წილი მეღრის დერეფნის თემას უკავია. რაისის, ერდოღანისა და პუტინის შეხვედრაზე თეირანში, ასევე, სოჭში პუტინისა და ერდოღანის შეხვედრაზე მეღრის დერეფნის საკითხი უკრაინის თემების პარალელურად დომინირებდა. თეირანში სამმხრივ შეხვედრაზე ირანის პრეზიდენტმა მკაფიოდ გამოკვეთა ირანის პოზიცია: ირანმა მოსკოვს და ანკარას გასაგებად უთხრა უთხრა და გააგებინა, რომ ირანი ვერ შეეგუება სასაზღვრო ტერიტორიებზე ცვლილებებს. მეღრის კორიდორის შექმნა ირანის დამატებით იზოლაციას და რეგიონში თურქეთისა და რუსეთის გავლენების ზრდას გამოიწვევდა.

უკრაინაში კონფლიქტის ფონზე, დასავლეთი, პირველ რიგში, ევროკავშირი, რუსეთზე დამოკიდებულების შესამცირებლად რეგიონში ახალ პარტნიორებს ეძებს. მიუხედავად ირანსა და დასავლეთს შორის დაძაბული უერთიერთობებისა, მოსკოვი ყოველთვის უფრთხოდა თეირანის, ბრიუსელისა და ვაშინგტონის დაახლოებას. ირანსა და სულ მცირემ ევროკავშირს შორის დაახლოება შეცვლის გეოპოლიტიკურ სიტუაციას არა მხოლოდ რეგიონში, არამე მთელ მსოფლიოში. ორი მხარის დაახლოება იქნებოდა ახალი აბრეშუმის გზის შექმნისა და ინდოეთიდან, ირანის, სომხეთის და საქართველოს გავლით ევროკავშირში ახალი მარშრუტის საფუძველი.

გარდა ირანისა და ევროკავშირისა, ამ უერთიერთსასარგებლო სიტუაციის მთავარი ბენეფიციარები ტრანზიტული სახელმწიფოები – სომხეთი და საქართველო არიან. ეს თავის მხრივ, შეასუსტებს რუსეთის, თურქეთისა და აზერბაიჯანის პოზიციებს რეგიონში.

სომხური ელიტის პოლიტიკური უკმაყოფლება მთიან ყარაბაღში რუსეთის როლით და მეღრი

მეღრის კორიდორის მნიშვნელობის გათვალისწინებით, სომხეთში პოლიტიკური სიტუაცია დაძაბულია. რუსეთსა და სომხეთს შორის პოლიტიკური კლიმატი გარკვეულწილად გაცივდა. სომხეთის მოსახლეობაში, ისევე როგორც ხელისუფლებაში, იზრდება რუსეთის სამშვიდობოების მიმართ უკმაყოფილება.

თავის მხრივ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა მკვეთრი განცხადება გააკეთა მოსკოვის მისამართით, სადაც მან ღიად გააკრიტიკა რუსეთის სამშვიდობო ძალების უუნარობა ან სურვილის არქონა მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის დაცვის საკითხში – ბოლო ორი წლის განმავლობაში რამდენჯერმე იყო დარღვეული ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი, რა დროსაც რუსულ მხარეს საკმაოდ დაგვიანებული რეაქცია ჰქონდა.

მეტიც, რაისის-ერდოღანისა და პუტინის შეხვედრის შემდეგ რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ გაზრდის სამხედროების რაოდენობას სომხეთ-ირანის საზღვრებთან, ანუ მეღრის რაიონში. ამის მიზეზად კი რუსულმა მხარემ ნარკოტიკული საშუალებების გაზრდილი ბრუნვა, უკანონო საქმიანობა და ტერორისტების მიერ საზღვრის კვეთა დაასახელა. ამავე დროს, სომხეთში განთავსებულმა რუსმა სამხედროებმა, რომლებიც მანდატით სარგებლობენ ზოგიერთ სასაზღვრო რაიონში, გააძლიერეს კონტროლი ქალაქ მეღრიში და მის გარშემო, რაც სომხეთის პოლიტიკურ წრეებში დიდი უკმაყოფლების მიზეზი გახდა იმ ფონზე, რომ უშუალოდ მთიან ყარაბაღში სამშვიდობო მისია უუნარო გამოდგა.

საგარეო პოლიტიკისა დ უსაფრთხოების პოლიტიკის კუთხით, სომხეთი დილემის წინაშე დგას და ორივე მხრიდან ზეწოლას განიცდის. ერთი მხრივ, აზერბაიჯანი უწყვეტად ახალ რეალიებს ქმნის და სომხეთზე ზეწოლას ცდილობს, მაგალითად, სომხეთისგან მთიანი ყარაბაღის იზოლირებით; მეორე მხრივ კი, რუსეთი ქვეყნის სამხრეთ ნაწილში ქმნის იმის ჩანასახებს, რომ რამდენიმე თვეში სომხეთის ტერიტორიაზე კორიდორი შექმნას.

მოწოდებები, რომ ირან-სომხეთის საზღვარს აკონტროლებდნენ სომეხი მესაზღვრეები და არა რუსი ჯარისკაცები, სომხეთში სულ უფრო ხმამაღლა ისმის, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სომხეთსა და ირანს შორის უერთიერთობები ღრმაა და ამ საკითხში ერთობლივი ინტერესები არსებობს.

ამ მოვლენებმა სომხეთში [მეღრის კორიდორი] და მთიან-ყარაბაღში [ლაჩინის კორიდორი] შესაძლოა, გრძელვადიანი შედეგები მოიტანოს რეგიონისთვის და თურქეთის, აზერბაიჯანის და რუსეთის ისედაც ძლიერი პოზიციები კიდევ უფრო გააძლიეროს. მეორე მხრივ, უკრაინის კონფლიქტი ევროკავშირს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, ერთი მხრივ, გააღრმავოს ურთიერთობები ირანთან და მეორე მხრივ – რეალურად გაამყაროს საკუთარი პოზიციები კავკასიაში. პოლიტიკური უმოქმედობის შემთხვევაში კი დასავლეთი კავკასიის მთლიანად დაკარგვის საფრთხის წინაშე დგას.

მასალების გადაბეჭდვის წესი