სამხრეთ კავკასიის ამბები

თბილისი დუმს ბიჭვინთის ნაწილის რუსეთისთვის გადაცემის პერსპექტივაზე

20 ივლისი, 2022 •
თბილისი დუმს ბიჭვინთის ნაწილის რუსეთისთვის გადაცემის პერსპექტივაზე

თბილისი ამ დრომდე არ გამოხმაურებია რუსეთის მიერ ბიჭვინთის ნაწილის მიტაცების განზრახვას.

აფხაზურ საზოგადოებაში რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს დისკუსია ბიჭვინთაში ყოფილი სახელმწიფო აგარაკების მიმდებარე სანაპირო ზოლისა და საზღვაო აკვატორიის რუსეთისთვის 49 წლით გადაცემის საკითხზე. საუბარია შეთანხმებზე, რომელსაც ხელი მოეწერა მოსკოვში 2022 წლის 19 იანვარს. ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის შესახებ შეთანხმების პროექტით, 186 ჰექტარი მიწა და საზღვაო სივრცის 115 ჰექტარი რუსეთის ფედერაციის მფლობელობაში გადადის. ყველა შენობა-ნაგებობა ფედერალური დაცვის სამსახურის საკუთრება ხდება, ხოლო შავი ზღვის აკვატორია მიმდებარე მიწებით რუსეთს 49- წლიანი იჯარით გადაეცემა. აღნიშნული შეთანხმებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება საზოგადოებისთვის მარტამდე ცნობილი არ ყოფილა. ამამად საკითხი აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტში განიხილება.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ისევე როგორც სხვა სამთავრობო უწყებები, არ გამოხმაურებია რუსეთის მიერ ბიჭვინთის ტერიტორიის ნახევარი საუკუნით მიტაცების პერსპექტივას. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში „ნეტგაზეთს“ უთხრეს, რომ რუსეთთან დაკავშირებული საკითხები ძირითადად საგარეო საქმეთა სამინისტროს კომპეტენციაა. საგარეო უწყებისგან პასუხს „ნეტგაზეთი“ დღის განმავლობაში ელოდა, თუმცა არ მიუღია.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა თეონა აქუბარდიამ დღეს, 20 აპრილს, გამართული ბრიფინგით მოუწოდა „ქართული ოცნების“ ხელისულებას, გააკეთონ განცხადება ბიჭვინთის ფაქტობრივი ანექსიის ფაქტთან დაკავშირებით და მიმართონ პარტნიორებს ამ საკითხზე.

„აფხაზეთში მიმდინარეობს საკმაოდ მძიმე პოლემიკა და პროტესტი იმ ე.წ. ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, რომელიც ითვალისწინებს ბიჭვინთის რუსეთისთვის გადაცემას. ეს არის რიგით მეორე შემდგარი ანექსიის ფაქტი. ამაზე „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მხრიდან არცერთი განცხადება არ მოგვისმენია, მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთი არის საქართველო, რუსეთი არის ოკუპანტი ქვეყანა და რუსეთი არათუ აჩერებს, არამედ აძლიერებს როგორც ოკუპაციის, ასევე უკვე ანექსიურ პროცესებს. მინდა მოვუწოდო მმართველ პოლიტიკურ ელიტას, საგარეო საქმეთა სამინისტროს, პრემიერ-მინისტრს — როდესაც თქვენ თავს ესხმით დასავლეთს, რომელიც არის ერთადერთი ფარი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის და სუვერენიტეტისთვის, როდესაც აცხადებთ, რომ რაღაცას არ გაუტარებთ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს და ღიად ატარებთ რუსულ ოკუპაციას და უკვე შემდგარ ანექსიას და ამაზე დუმილს ამჯობინეთ, ეს ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ დიდი გული დასავლეთის წინააღმდეგ და არ ეწინააღდმეგებით რუსეთის ანექსიურ პროცესებს. ასევე, არ მოუწოდებთ მათ შორის  დასავლეთს, რომელსაც თავს ესხმით, ხმა აიმაღლოს ანექსიურ პროცესებთან დაკავშირებით“, — განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

მისი თქმით, ხელისუფლების დამოკიდებულება მიმართულია ქვეყნის ინტერესების წინააღდმეგ და საქართველოს საფრთხეს უქმნის., რუსეთის პირისპირ სრულ იზოლაციაში დარჩეს.

ზემოხსენებულ საკითხზე ნეტგაზეთთან კომენტარი გააკეთა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ. მისი თქმით, ოფიციალური თბილისის დუმილი შეიძლება იმით აიხსნას, რომ ბიჭვინთასთან დაკავშირებით პროცესი ჯერ დასრულებული არ არის, სოხუმში კი თბილისში გაკეთებული განცხადებები მგრძნობიარედ აღიქმება ხოლმე.

“ეს ჯერ გადაწყვეტილი საკითხი არაა, ამას ძალიან დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა თვითონ აფხაზეთში. ჩვენთვის ეს, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი შეშფოთების საგანია და საჭიროა გარკვევა, თუ რას გულისხმობს ხელშეკრულებით სანატორიუმების გადაცემა, თუმცა ეს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ არის. როგორც ვიცი, დე ფაქტო ხელისუფლების წევრებიც არიან ამის წინააღმდეგი. ეს, ცხადია, ძალიან მძიმე მოცემულობაა და ეს იქნება ანექსიისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი”, – გვითხრა სამხარაძემ და დასძინა, რომ თუ ეს განზრახვა სისრულეში მოვა და ბიჭვინთაში მიწა რუსეთს გადაეცემა, ამაზე საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას გააკეთებს.

ამ თემაზე:

რატომ უნდა ბიჭვინთა რუსეთს – ხედვა აფხაზეთიდან

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი