ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რატომ უნდა ბიჭვინთა რუსეთს – ხედვა აფხაზეთიდან

29 ივნისი, 2022 • 4237
რატომ უნდა ბიჭვინთა რუსეთს – ხედვა აფხაზეთიდან

ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის შესახებ შეთანხმების პროექტით, 186 ჰექტარი მიწა და საზღვაო სივრცის 115 ჰექტარი რუსეთის ფედერაციის მფლობელობაში გადადის. ყველა შენობა-ნაგებობა ფედერალური დაცვის სამსახურის საკუთრება ხდება, ხოლო შავი ზღვის აკვატორია მიმდებარე მიწებით რუსეთს 49- წლიანი იჯარით გადაეცემა. ეს იმას ნიშნავს, რომ აფხაზეთის მოსახლეობის ერთი თაობა ბიჭვინთაში სწორედ რუსეთის ტერიტორიაზე იცხოვრებს. სწორედ ამიტომ, აფხაზეთის საზოგადოების ნაწილი, ოპოზიციურად განწყობილი და ნაკლებად პოლიტიზებული მოსახლეობაც კი აღნიშნული შეთანხმების წინააღმდეგია.

ყველაზე მეტად მოსახლეობისთვის შემაშფოთებელი იყო მოსკოვსა და სოხუმს შორის დოკუმენტის საიდუმლო ვითარებაში ხელმოწერა ბუნდოვანი გარიგებიდან მრავალი წლის შემდეგ.

რუსეთის დაცვის ფედერალური სამსახურის სურვილი, ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკს დაუფლებოდნენ, სიახლე არავისთვისაა აფხაზეთში. ეს იყო 1995 წლიდან დაწყებული პროცესი, როდესაც ვლადისლავ არძინბამ რუსეთს უვადო ექსპლუატაციით გადასცა.

ქართულ-აფხაზური ომის დასრულების შემდეგ, აფხაზეთში გამოცხადდა ყველა საბჭოთა მნიშვნელობის ობიექტის ნაციონალიზაცია. ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკიც ასეთ ობიექტებს შორის აღმოჩნდა. აქ ისვენებდნენ საბჭოთა კავშირის ნომენკლატურის პირველი პირები, ასევე, სტუმრები შორეული ქვეყნებიდან, მაგალითად, ფიდელ კასტრო.

1995 წელს არძინბას ესმოდა, რომ 186 ჰექტარი საპარკო ზონისა და რამდენიმე მრავალსართულიანი კორპუსების მოვლა-შენახვას აფხაზეთის ხელისუფლება დამოუკიდებლად ვერ შეძლებდა. ამიტომაც გააჩუქა ის რუსეთზე იმ სხვა სიკეთეების სანაცვლოდ, რომლის გაცემაც რუსეთს შეეძლო აფხაზეთის იზოლაციის დროს.

იმ პერიოდში რუსეთი ბიჭვინთის ტერიტორიას დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებდა. 90-ინ წლებში, თავად რუსეთში მიმდინარე პრივატიზაციისა და სხვა პოლიტიკური თუ ეკონომიკური პროცესების ფონზე, არაღიარებული ქვეყნის კურორტის განვითარებისთვის ხელსაყრელი დრო არ ყოფილა. თუმცა, წლების შემდეგ, 2010 წელს, ბიჭვინთის საკითხი კვლავ წამოიჭრა.

1995 წლის შეთანხმება, როგორც ჩანს, რუსეთის ხელისუფლებისთვის ბოლომდე მისაღები არ აღმოჩნდა და აფხაზურ მხრეს შესთავაზა ახალი შეთანხმების გაფორმება, სადაც რუსეთს გადაეცემოდა არა მხოლოდ შენობები, არამედ მიმდებარე ტერიტორიებიც – ნაკრძალის ნაწილი და საზღვაო აკვატორია, თითქმის, ნეიტრალურ წყლებამდე.

იმჟამად აფხაზეთის პრეზიდენტი იყო სერგეი ბაღაფში. სწორედ მას სთავაზობდა რუსეთი სოფელ აიბღას საკითხის გადაჭრასაც – მაღალმთიანი სოფლის, რომლის ოფიციალური შემოერთებაც უნდოდა რუსეთს თავის საზღვრებში. ბაღაფში ამ წინადადებას არ დათანხმდა [მოგვიანებით ბაღაბში ჯანმრთელობის გართულების შედეგად გარდაიცვალა].

პრეზიდენტ ალექსანდრ ანქვაბის წინაშე, სხვა საკითხებთან ერთად, ასევე დაისვა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის გასხვისების საკითხი, თუმცა მათ გადაჭრას ისიც არ ჩქარობდა, შემდეგ კი პოლიტიკური მღელვარების ფონზე გადადგა.

რაულ ხაჯიმბამ, რომელმაც ანქვაბი შეცვალა, ასევე ვერ დაასრულა ბიჭვინთის აგარაკის გასხვისების პროცესი. ხაჯიმბა საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე პოლიტიკური მღელვარების ფონზე გადადგა.

დღეს სახელმწიფო აგარაკის შესახებ გადაწყვეტილების მიღება ასლან ბჟანიას მოუწევს. როგორც ჩანს, ამ შემთხვევაში ყოყმანის გარეშე იქცევა, რასაც მოწმობს 2022 წლის 19 იანვარს მოსკოვში რუსეთთან ხელმოწერილი შეთანხმება, აფხაზეთის პარლამენტისგან საიდუმლოდ.

ხელმოწერილი შეთანხმების შესახებ აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს არ შეუტყობინებია ადგილობრივი დეპუტატებისთვის, თუმცა, პროცედურის თანახმად, საგარეო პოლიტიკური უწყება ვალდებულია, პარალამენტს შეატყობინოს მთავრობათაშორისი შეთანხმებების შესახებ.

აფხაზი დეპუტატებისთვის ეს დოკუმენტი 2022 წლის მარტში გახდა ხელმისაწვდომი. შეთანხმება მოიწონა საპარლამენტთაშორისი კავშირების კომიტეტმა. სწორედ ამის შემდეგ ინფორმაცია ბიჭვინთის აგარაკისა და ტერიტოროების გასხვისების მზადების შესახებ ცნობილი გახდა უკვე ფართო აფხაზური საზოგადოებისთვისაც.

პროცედურის თანახმადვე, შეთანხმება ასევე უნდა მოიწონოს ეკონომიკისა და განვითარების კომიტეტმა, რის შემდეგაც რატიფიცირებისთვის სესიაზე გაიტანენ.

გასხვისების მოწინააღმდეგები ამჟამად ძალისხმევას არ იშურებენ იმისთვის, რათა დოკუმენტს ხელი არ მოაწერონ. სიტუაციით სარგებლობს ოპოზიციაც, რომელიც ამ თემაზე პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობს.

წინა მოწვევის დეპუტატები, რომლებიც ვერ მოხვდნენ ახალ პარლამენტში, ასევე შეიკრიბნენ და ოფიცილუად მიმართეს დღევანდელ პარლამენტს რეკომენდაციით, უარი თქვან შეთანხმების რატიფიცრებაზე.

ყოფილი დეპუტატი ნატალი სმირი დარწმუნებულია, რომ ობიექტის საკუთრებაში გადაცემა აფხაზეთში რუსული ანკლავს წარმოქმნის და აფხაზეთი სუვერენიტეტს დაკარგავს. ასევე, მისი თქმით, ის ფლობს  დადასტურებულ ინფორმაციას კრემლიდან, რომ გასხვისების ინიციატივა აფხაზურ მხარეს ეკუთვნოდა და არა რუსეთს.

თუმცა, თუ გავიხსენებთ ასლან ბჟანიას შეხვედრას ბიჭვინთის მცხოვრებლებთან, სხვა შთაბეჭდლება იქმნება. ამ შეხვედრაზე პრეზიდენტი საუბრობდა იმის შესახებ, რომ “სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემა აფხაზეთის უსაფრთხოების გარანტიაა და ვინაიდან რუსეთი აფხაზეთის ტერიტორიების დაცვის გარანტიას იძლევა, ქვეყნის ხელისუფლება უბრალოდ ვალდებულია, კეთილი ნების აქტი ჩაიდინოს და თითქმის ნახევარი საუკუნით საკუთრებაში გადასცეს შენობები, მიწები და საზღვაო აკვატორია.

მოქმედი ხელისუფლების მომხრეები პრეზიდენტს იცავენ და წარსულში სხვა რუსი ჩინოვნიკებისთვის [ლუჟკოვისთვის, ტკაჩოვისთვის და ა.შ.] უძრავი ქონების გადაცემის ფაქტებს იხსენებენ.

“ყველაფერი საუკეთესო დაურიგეს ოლიგარქებს, აგარაკი კი, რომელიც 30 წელია მავთულხლართით  არის შემოსაზვრული, პუტინისთვის ენანებათ”, – წერენ ხელისუფლების დამცველები ფეისბუკზე ანონიმური ანგარიშებიდან. ამ ინფორმაციაში სიმართლის წილიც არის. ბიჭვინთაში სახელმწიფო აგარაკის ტერიტორია შემოღობილია მავთულხლართით, დაკეტილია მასთან არსებული პლაჟიც. შესაბამისად, იქ ვერც ერთი აფხაზი ვერ მოხვდება. თუმცა გვერდით ტერიტორია თავისუფალია მნახველებისთვის, და თუკი მაინც იქნება მიღებული გადაწყვეტილება და ტერიტორიებს გადასცემენ რუსეთს, გარშემო ბუფერული ზონა წარმოიქმნება.  მოსახლეობას კი, დიდი ალბათობით, მოუწევს გადასახლება ან, თუკი ნებას დართავენ – შლაგბაუმს მიღმა დასახლება. ამიტომაც ბიჭვინთელების უმრავლესობა მათ ქალაქაში რაიმე სახის ტერიტორიული რეფორმების წინააღმდეგია.

საკითხის ირგვლივ მსჯელობა სოხუმელი დეპუტატებისთვისაც არ არის მარტივი. დეპუტატ ლაშა აშუბას  მისი ამომრჩევლები მიმართავენ მოთხოვნით, გაახმიანოსს საკუთარი პოზიცია ტერიტორიების გასხვისების საკითხზე.

“როდესაც ხმები გჭირდებოდა, გეხმარებოდით, ახლა ჩვენ უნდა აგვიხსნა, რას ფიქრობ ამ საკითხზე”, – დაახლოებით ამგვარი საუბარი იყო მასსა და ადგილობრივებს შორის თვითმხილვლეთა მონაყოლით. დეპუტატებს ჯერჯერობით არ აქვთ პასუხები და ეს გასაგებიცაა, რადგან ლაშა აშუბა, რომელიც “ბჟანიას კაცად” მოიაზრება, საჯაროდ საკუთარი პოზიციის გაცხადებას “უფროსებთან” შეთანხმების გარეშე ვერ  შეძლებს.

არსებობს ორი ვერსია, რატომ გააქტიურდა გასხვისების საკითხი სწორედ ახლა. პირველი – სახელმწიფო აგარაკი იქნება კრასნოდარის ოლქში არსებული სირიუსის დასახლების გაგრძელება – ფედერალური ტერიტორია მოსკოვის იურისდიქციის ქვეშ. არსებობს თეორია, რომ გაგრისა და ბიჭვინთის მიტაცებით სირიუსის გაფართოება იგეგმება. ამ თეორიის შესახებ სოჭში ყველა ტაქსის მძღოლმაც კი იცის, თუმცა ამის შესხებ “არაფერი სმენიათ” აფხაზ ჩინოვნიკებს.

მეორე ვერსია – რუსეთის მნიშვნელოვანი სამხედრო ბაზის განლაგება. ბიჭვინთა კონცხია სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობით. აკვატორია კი საჭიროა წყალქვეშა ნავების დისლოკაციისთვის, თავად  სახელმწიფო აგარაკი კი –  მისი მართვის პუნქტად.

ამჟამად არცერთი ვერსიის გამორიცხვა ან დადასტურება არ შეიძლება. ამავე დროს, არცერთი ვერსია არაა პოპულარული თავად აფხაზურ საზოგადოებაში. სწორედ ამიტომ, შესაძლოა, აფხაზი ჩინოვნიკები ცდილობენ ამ თემის სხვაგვარად წარმოჩენას იმ იმედით, რომ ემოციური საზოგადოება სხვა ვერსიით უფრო დამყოლი იქნება. საკუთარ გამოსვლებში ამიტომაც საუბრობენ ისინი საზოგადოებისთვის მოწყვლად თემებზე – აფხაზეთის უსაფრთხოებასა და მადლიერების საჭიროებაზე.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარტია “ედინაია აფხაზიას” თავმდჯომარე სერგეი შემბა ეხმაურება ბიჭვინთის ტერიტორიებისა და სახელმწიფო აგარაკების რუსეთისთვის 49 წლით გადაცემის საკითხზე საზოგადოებაში არსებულ დისკუსიას და აცხადებს, რომ ეს აქტი, პირველ რიგში, აფხაზეთის ინტერესში შედის:

“რუსეთის ფედერაციის საკუთრებაში ობიექტების გადაცემის მზადება, რა თქმა უნდა, არის არა მხოლოდ უდიდესი მადლიერების გამოხატვა ჩვენი მოკავშირის, მეზობლის მიმართ, არამედ არის ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავებისა და ჩვენი უსაფრთხოების გაძლიერების უზრუნველყოფა. ჩვენს ტერიტორიაზე ობიექტის არსებობა, რომელზეც რუსეთის თანამდებობის პირები ისვენებენ, გარანტიას იძლევა, რომ ნებისმიერი აგრესორი [აქ შამბა ქართულ მხარეს გულისხმობს] ჩვენ მიმართ თავს შეიკავებს ავანტიურისგან. არა მგონია, ისეთი გიჟები მოიძებნონ, ვინც მზად იქნება, ჰაერში აწიოს საბრძოლო უპილოტო აპარატები, როდესაც ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკზე რუსეთის ფედერაციის რომელიმე მაღალჩინოსანი ისვენებს. ეს ხომ არა მხოლოდ აფხაზეთის, რუსეთის წინააღმდეგ აგრესიის აქტადაც ჩაითვლება”.

მასალების გადაბეჭდვის წესი