სამხრეთ კავკასიის ამბები

“აბსურდული რეგულაცია” – რატომ არ ხსნის აზერბაიჯანი სახმელეთო საზღვრებს ორი წელი

29 მაისი, 2022 • 6550
“აბსურდული რეგულაცია” – რატომ არ ხსნის აზერბაიჯანი სახმელეთო საზღვრებს ორი წელი

ავტორი: ნიკა მუსავი


აზერბაიჯანის სახმელეთო  საზღვარი ორ წელზე მეტია დაკეტილია. თუ პირველი წელიწადნახევარი მოქალაქეებისთვის კორონავირუსით გამართლებული დროებითი უხერხულობა იყო, დღეს ჩაკეტილი საზღვარი მოქალაქეებისთვის უკიდურესად აბსურდულად და უსამართლოდ გამოიყურება. 

პანდემია წარსულში დარჩა და პრაქტიკულად ყველა საკარანტინო შეზღუდვა თითქმის ყველა ქვეყანაში მოიხსნა. ამ ფონზე აზერბაიჯანის მოქალაქეები სვამენ კითხვას, რატომ აღმოჩდნენ გამონაკლისებში და როდემდე გაგრძელდება ასე? ტურისტული სეზონის დაწყებასთან ერთად კი ეს საკითხი უფრო მეტ აქტუალობას იძენს. 

სამი საზღვარი

ფორმალურად, აზერბაიჯანს ოთხი “მოქმედი” სახმელეთო საზღვარი აქვს – საქართველოსთან, რუსეთთან, ირანთან და თურქეთთან [სომხეთთან საზღვარი გასაგები მიზეზების გამო “არ მოქმედებს”]. თუმცა, ფორმალური ოთხი საზღვრიდან მნიშვნელოვანი მხოლოდ სამია – საქართველოს, რუსეთისა და ირანის.

თურქეთის საზღვარი ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას “ესაზღვრება” და გარდა ადგილობრივი მცხოვრებლებისა ამ საზღვრით არასოდეს არავის უსარგებლია. აზერბაიჯანის ამ რეგიონების მცხოვრებლები თურქეთში ისედაც მუდამ საჰაერო გზით ხვდებოდნენ და, შესაბამისად, სხვაობა არც უგრძვნიათ. თურქეთის საზღვარი ღიაა – ნახიჩევანი საკუთარი რეგულაციებით ცხოვრობს. 

საქართველოსთან, რუსეთთან და ირანთან საზღვრებს აზერბაიჯანელებისთვის სხვადასხვა დატვირთვა აქვს. საქართველოსთან სახმელეთო საზღვრით ისინი სარგებლობენ, ვინც დასასვენებლად და ახლობლების მოსანახულებლად მიდიან საქართველოში [სასაზღვრო რაიონები ძირითადად ეთნიკური აზერბაიჯანელებით არის დასახლებული]. ირანში აზერბაიჯანელები მუსლიმური სალოცავების მოსალოცად ან სამკურნალოდ მიემგზავრებიან. რუსეთი კი, როგორც წესი, შრომითი მიგრანტებისა და მათი ოჯახების ჩვეული მარშრუტია. ამასთან, ადამიანების გარკვეული რაოდენობა რეგულარულად მიემგზავრება სამივე მიმართულებით სამსახურის ან სწავლის მიზნით. თუმცა დახურული საზღვრის კონტექსტში, აზერბაიჯანელები ყველაზე ხშირად მაინც საქართველოს ახსენებენ.

საზღვარი, რომელიც აღარ არის ყველაზე ხელმისაწვდომი

2020 წლის მარტამდე აზერბაიჯანის რიგითი მოქალაქეებისთვის საქართველო  ყველაზე ხელმისაწვდომი “საზღვარგარეთი” იყო. ბაქოდან თბილისში გამგზავრება ხელმისაწვდომი იყო მატარებლით, ავტობუსით და ავტომობილით. შესაძლოა, ცხენითაც კი. ყველა ამ შემთხვევაში, მგზავრობა მოქალაქეს მაქსიმუმ 30 ევრო დაუჯდებოდა. 

აზერბაიჯანიდან საქართველოში გადაფრენა კი უბრალოდ ფულის ფლანგვად მიიჩნეოდა [სამსახურებრივი მივლინების შემთხვევების გარდა]. 

დღეს თვითმფრინავი ერთადერთი საშუალებაა, რომელიც აზერბაიჯანს საქართველოსთან აკავშირებს. ისიც, იმ შემთხვევაში, თუ გაგიმართლებს და თვითმფრინავის ბილეთს იშოვი.

აზერბაიჯანული ავიაკომპანია Azal (უფრო სწორად, მასთან დაკავშირებული დაბალბიუჯეტიანი კომპანია Buta) ბაქოდან თბილისში და თბილისიდან ბაქოში დღე-ღამეში ორ რეისს ასრულებს. ერთი გზის საფასური კი, ბილეთის დიდი ხნით ადრე შეძენის შემთხვევაში, დაახლოებით 50 ევროდან იწყება. თუმცა ძვირადღირებული ბილეთებიც კი ძალიან სწრაფად იყიდება და მგზავრებს ალტერნატივა აღარ რჩებათ. 

თეორიულად შესაძლებელია, საქართველოში აზერბაიჯანის საკონსულოში ოფიციალური თანხმობა მიიღო სახმელეთო კვეთაზე, თუმცა ამისთვის საჭიროა, გქონდეს აზერბაიჯანის მოქალაქეობა და განაცხადი ორი კვირით ადრე შეიტანო. 

ვარიანტების არარსებობა

“ყველაზე მეტად არა ბილეთების სიძვირე, არამედ ალტერნატივების არქონა გაღიზიანებს. ამას წინათ მომიწია ბაქოში უფრო დიდი ხნით დარჩენა, ვიდრე დაგეგმეილი მქონდა და თბილისში გვიან დავბრუნდი, რადგან თვითმფრინავის ყველა ბილეთი გაყიდული იყო რამდენიმე დღით ადრე. საბოლოოდ, ბარგის გარეშე ერთი გზის ბილეთში დაახლოებით 100 ევრო გადავიხადე. მაგრამ რა უნდა ქნან ადამიანებმა, თუკი რაღაც სასწრაფო შემთხვევა აქვთ და დაუყოვნებლივ უწევთ გამგზავრება ბაქოში ან თბილისში, – ამბობს თბილისში მცხოვრები აზერბაიჯანელი აიანი, რომელიც ბაქოში მშობლების მოსანახულებლად ხშირად ჩადის. 

ბაქოს მკვიდრი სულეიმან გაჯიევი კი გვიყვება, რომ ბაქოდან თბილისში სტამბოლის გავლით, თურქული ავიახაზებით ჩავიდა. 

“კიდევ კარგი, ეს იყო სამსახურებრივი მივლინება და ჩემი ხარჯით ჩაფრენა არ მომიწია. სიმართლე გითხრათ, გამიხარდა კიდეც, რომ პირდაპირ რეისზე ბილეთი ვერ ვიშოვეთ და ჩვენი ავიაკომპანია Buta/Azal არ გავამდიდრე”.

მეტი სარგებელი?

შექმნილ სიტუაციაში მოსახლეობა  სწორედ Buta/Azal-ს ადანაშაულებს. აზერბაიჯანის ხელისუფლების ლოგიკის ძიებაში ადამიანებმა გადაწყვეტეს, რომ რადგანაც ავიაკომპანია AZAL სახელმწიფო კომპანიაა, ხელისუფლების ინტერესშია, სახმელეთო საზღვარი კვლავაც ჩაკეტილი იყოს და გაყიდული ავიაბილეთებით  მეტი სარგებელი ნახონ. 

თუმცა დამოუკიდებელი ეკონომისტი თორგულ ველიევი ამ ვერსიას დამაჯერებელს ვერ უწოდებს. ის არ გამორიცხავს, რომ AZAL -ის ინტერესებში ნამდვილად არის ჩაკეტილი სახმელეთო საზღვარი, მაგრამ, მისი აზრით, ავიაკომპანიის სარგებელზე საუბარი შექმნილ სიტუაციაში გადაჭარბებულია, რადგანაც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ეს ავიახაზები რუსეთში აღარ დაფრინავს, ირანში კი კვირაში მხოლოდ ერთ რეისს ასრულებს. 

“საეჭვოა, რომ საქართველოში ფრენები AZAL-ს ამდიდრებდეს. თუკი მათ რეალურად ენდომებოდათ სიტუაციით სარგებლობა, ბილეთები იქნებოდა უფრო იაფი და გაზრდიდნენ რეისების რაოდენობას. მოთხოვნიდან გამომდინარე, ეს რეალურ სარგებელს მოუტანდა მათ. ასე რომ, მგონია, ხელისუფლებას ჩაკეტილი  საზღვარი ფინანსური სარგებლის მისაღებად არ უნდა”. 

საზღვარი ბოქლომით – სიტუაცია კონტროლქვეშ

რუსეთთან საზღვარზე [დაღესტნით] სიტუაცია უფრო დრამატილია. მარტის დასაწყისიდან ასობით აზერბაიჯანელი შრომითი მიგრანტი, რომელთაც დროებით სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტეს, საზღვარზე ჩარჩა და რამდენიმე კვირის განმავლობაში კოდორის გახსნას ელოდა. მთელი ამ დროის განმავლობაში ისინი საბავშვო ბანაკის, “ოგონიოკის” შენობაში ცხოვრობდნენ. დაღესტნის ხელისუფლება საკუთარი შესაძლებლობის ფარგლებში ზრუნავდა მათზე, თუმცა, უხალისოდ. მით უმეტეს, ჯერ კიდევ “ნამდვილი კარანტინის” დროს ამავე მიზეზით ისედაც ძალიან დიდი რაოდენობის ადამიანი “ჩარჩა” საზღვარზე, რა დროსაც ძალოვნებთანაც კი მოხდა შეტაკება. 

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხოსეინ ამირ აბდოლახიანმაც კი მოუწოდა აზერბაიჯანს, დააჩქაროს სახმელეთო საზღვრის გახსნა.

სოციალური ქსელების აზერბაიჯანულ სეგმენტში პერიოდულად ვრცელდება ჭორი, რომ შემდეგი თვის პირველი რიცხვიდან იხსნება საზღვარი. შემდეგ მედია მიმართავს პასუხისმგებელ სტრუქტურებს, საიდანაც ბუნდოვან პასუხებს იღებს. 

მაისის ბოლოს ჟურნალისტების მორიგ კითხვაზე ექიმმა-ინფექციონისტმა და მინისტრთა კაბინეტთან არსებულმა ოპერტიული შტაბის წევრმა, რომლის  გადაწყვეტილებაზეც თითქოს დამოკიდებულია ეს საკითხი, უპასუხა: უკანასკნელ თვეებში აზერბაიჯანში სტაბილურობა შეიმჩნევა. ვფიქრობ, უახლოეს დღეებში საზღვრები შეიძლება გაიხსნას. როგორც ექიმი, საფრთხეს ვერ ვხედავ”. 

მაისის განმავლობაში, აზერბაიჯანში დღე-ღამეში კორონავირუსის ერთიდან თხუთმეტამდე შემთხვევა დაფიქსირდა. პირბადის ტარების რეჟიმი გაუქმებულია, თითქმის დავიწყებულია კოვიდ-პასპორტებიც. ქვეყანაში ერთმანეთის მიყოლებით ტარდება მსხვილი ღონისძიებები, იგეგმება ფორმულა- 1 ის რბოლის ეტაპის ჩატარებაც. ამ ფონზე კი, მხოლოდ “სახმელეთო კარია” ჩაკეტილი, რაც ახალი ინტერპრეტაციების საფუძველს იძლევა. მათგან ყველაზე ბანალური ვერსიაა ის, რომ ხელისუფლება ინერციით ცდილობს სიტუაციის კონტროლს, რისი გაკეთებაც ბევრად მარტივია, როდესაც ყველა მოქალაქე გადაადგილდება ერთი აეროპორტის გავლით და არა მრავალი საკონტროლო გამშვები პუნქტით.

მასალების გადაბეჭდვის წესი