ემიგრაციაში მყოფი აზერბაიჯანის „დაუმორჩილებელი ოთახის თეატრის“ (ADO) დამფუძნებელმა, რეჟისორმა ელმინ ბადალოვმა ევროპის ინსტიტუტებსა და ლიდერებს ღია წერილით მიმართა. იგი ევროპას მოუწოდებს, ეკონომიკური და სტრატეგიული ინტერესების გამო არ დახუჭოს თვალი აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების დარღვევებსა და დაპატიმრებებზე.

ბადალოვის თქმით, მის მიერ 2013 წელს დაარსებული დამოუკიდებელი თეატრი ხელისუფლების ზეწოლის შედეგად დაიხურა, თავად კი ქვეყნის დატოვება მოუწია. მისი განცხადებით, ავტორიტარულ სისტემებს თავისუფალი აზრის ეშინიათ.

„პოლიტიკური ცვლილება მაშინ არ იწყება, როცა ხელისუფლება იცვლება. ის იწყება მაშინ, როდესაც ადამიანები განსხვავებულად იწყებენ ფიქრს, სვამენ კითხვებს და სხვა მომავლის წარმოდგენას ცდილობენ. ავტორიტარულ სისტემებს ეს ძალიან კარგად ესმით. სწორედ ამიტომ ეშინიათ დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის, სატირის, თეატრის, ლიტერატურისა და ხელოვნების“, – წერს იგი.

რეჟისორის შეფასებით, აზერბაიჯანში შიშის ატმოსფეროა შექმნილი. მისი თქმით, დამოუკიდებელი ინსტიტუტების განადგურება მთელ საზოგადოებას ისტორიულ მეხსიერებას ართმევს და ეს მხოლოდ ერთი ქვეყნის შიდა საქმე ვერ იქნება.

„როდესაც დამოუკიდებელ თეატრს აჩუმებენ, საზოგადოება კარგავს ერთ-ერთ სივრცეს, სადაც საკუთარ თავს იცნობდა. როდესაც ჟურნალისტებს აპატიმრებენ, საზოგადოება საკუთარი მეხსიერების ნაწილს კარგავს. რაც უფრო ქრება დამოუკიდებელი ხმები, მით უფრო კარგავს საზოგადოება განსხვავებული მომავლის წარმოდგენის შესაძლებლობას“.

ღია წერილში იგი ასევე აკრიტიკებს ევროპას იმის გამო, რომ ენერგეტიკული და სხვა პოლიტიკური ინტერესების გამო, მისი შეფასებით, დემოკრატიულ პრინციპებზე უკან იხევს. ბადალოვი აცხადებს, რომ უსაფრთხოება და სტრატეგიული პარტნიორობა ადამიანის უფლებების ხარჯზე არ უნდა შენდებოდეს.

ელმინ ბადალოვმა ADO  2013 წელს დააარსა და აზერბაიჯანის პირველ დამოუკიდებელ თანამედროვე თეატრად მიიჩნეოდა. თეატრი დგამდა სოციალური და საზოგადოებრივი თემებისადმი მიძღვნილ სპექტაკლებს. სხვადასხვა დროს ქუჩის წარმოდგენების გამართვის მცდელობისას მისი წევრები პოლიციის ჩარევას აწყდებოდნენ. მოგვიანებით თეატრმა საქმიანობა შეწყვიტა, ხოლო ბადალოვმა ქვეყანა დატოვა.

ბოლო წლებში ევროკავშირსა და აზერბაიჯანს შორის თანამშრომლობა განსაკუთრებით ენერგეტიკის სფეროში გაღრმავდა. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის შემდეგ ევროკავშირი ცდილობს, შეამციროს რუსულ გაზზე დამოკიდებულება და აზერბაიჯანი ალტერნატიულ მომწოდებლად განიხილება. ამ ფონზე, რიგი ექსპერტებისა და უფლებადამცველების შეფასებით, ევროკავშირი ენერგეტიკული და გეოპოლიტიკური ინტერესების გამო აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების დარღვევებსა და პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებებზე ნაკლებად მკაცრ პოზიციას იკავებს. თავის მხრივ, ევროკავშირი აცხადებს, რომ აზერბაიჯანთან ურთიერთობებში ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობისა და ფუნდამენტური თავისუფლებების საკითხებიც დღის წესრიგში რჩება. აზერბაიჯანის ხელისუფლება კი ქვეყანაში პოლიტპატიმრების არსებობას უარყოფს და აცხადებს, რომ დაკავებულები პასუხისგებაში პოლიტიკური საქმიანობისთვის კი არა, კანონის დარღვევისთვის არიან მიცემული.