„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ გამოაქვეყნა პოლიტიკური პატიმრების განახლებული სია, რომლის თანახმადაც, დღეისთვის საქართველოში პოლიტპატიმრების რაოდენობა 90-ია.

ორგანიზაციის ცნობით, სია შედგენილია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციით დადგენილი კრიტერიუმების საფუძველზე, რომლის მიხედვითაც, პირი შეიძლება ჩაითვალოს პოლიტიკურ პატიმრად, თუ მისი თავისუფლების აღკვეთა დაკავშირებულია:

  • ფუნდამენტური უფლებების დარღვევასთან;
  • პოლიტიკური მოტივებით დაკავებასთან, როდესაც ჩადენილ ქმედებას სამართალდარღვევასთან კავშირი არა აქვს;
  • აშკარად არაპროპორციულ სასჯელთან;
  • დისკრიმინაციულ მოპყრობასთან;
  • ისეთი სამართალწარმოების შედეგთან, რომელიც შეუთავსებელია სამართლიანი სასამართლოს მოთხოვნებთან.

„მეტი იყო, მაგრამ, მოგეხსენებათ, გარკვეულ მათგანთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, დღეს მათი რაოდენობა არის 90. ეს არ გახლავთ უბრალოდ ჩამონათვალი იმ პირების, როლებიც მიჩნეულნი არიან პოლიტიკურ პატიმრებად. არსებობს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია, რომელიც განსაზღვრავს პოლიტპატიმრის არსს და ადგენს გარკვეულ კრიტერიუმებს. ხუთია ასეთი კრიტერიუმი, რომელთაგან თუ ერთი მაინც არის დაკმაყოფილებული, პირი შეიძლება მიჩნეულ იქნას პოლიტიკურ პატიმრად. ამ 90 ადამიანიდან აბსოლუტური უმრავლესობა აკმაყოფილებს ერთზე მეტ კრიტერიუმს. ბევრი მათგანი ხუთივე კრიტერიუმს აკმაყოფილებს“, — განაცხადა ალექსანდრე ბარამიძემ.

სია იწყება მზია ამაღლობელით და ელენე ხოშტარიათი. ცხრილში შეყვანილი ყველა პირი, გარდა ორისა, დასჯილია შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებების განხორციელებასთან კავშირში. გამონაკლისები არიან ყოფილი ბიზნესმენები, გიორგი ჩიკვაიძე და ირაკლი პაპიაშვილი, რომელთაც მჭიდრო კავშირი ჰქონდათ „ქართულ ოცნებასთან“. ანგარიშის თანახმად, ისინი “დასჯილნი არიან პროკურატურასთან კონფლიქტის გამო და იმის გამო, რომ მათ, სავარაუდოდ, „ქართული ოცნების“ მოთხოვნაზე, სანქცირებულ რუს ოლიგარქს დახმარებოდნენ იახტის საქართველოს ტერიტორიულ წყლებში მალვაში, უარი განაცხადეს“.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს“ ცნობით, ამ სიაში შესაყვანი კიდევ ერთი პოტენციური კანდიდატია პოლიტიკოსი ალექსანდრე ელისაშვილი, რომელსაც ახლახან 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

„ამ ეტაპზე, ელისაშვილი არ არის შეყვანილი ამ სიაში, რადგან იგი მსჯავრდებულია ტერორისტული მიზნით ჩადენილი ცეცხლის წაკიდების მცდელობისთვის. დაცვის მხარე კატეგორიულად უარყოფს, რომ მისი ქმედებები რაიმე ტერორისტული მიზნით იყო მოტივირებული. თუმცა ამ მომენტში შეუძლებელია იმის შეფასება, რამდენად საკმარისად დაასაბუთა სასამართლომ თავისი დასკვნა იმის შესახებ, რომ ელისაშვილი მოქმედებდა „ტერორისტული მიზნით“, ვინაიდან დასაბუთებული განაჩენი ჯერ არ გამოქვეყნებულა. თუ აღმოჩნდება, რომ სასამართლომ დაუსაბუთებლად გადააკვალიფიცირა ქმედება და ელისაშვილს მიაწერა ტერორისტული მიზნით მოქმედება — მიუხედავად ასეთი მიზნის არარსებობისა — მისთვის უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდების მიზნით, იარსებებს საფუძველი მისი ამ სიაში შეყვანისთვისაც“, — ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს“ განმარტებაში.

პოლიტპატიმრების სიაში ასევე არ არის ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

„ჩვენ რა საქმის მასალებიც გვქონდა, იმ მასალების საფუძველზე შევადგინეთ სია. ორი შემთხვევის გამოკლებით, საქმის მასალები ძირითადად ეხება აქციებთან დაკავშირებით დაკავებულ და ბრალდებულ და მსჯავრდებულ პირებს. ახლა მიმდინარეობს რვა პოლიტიკური ლიდერის მიმართ სასამართლო განხილვები ინტენსიურად და უახლოეს მომავალში, ალბათ, უნდა ველოდოთ ამ რვა პოლიტიკური ლიდერის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანასაც. მათ შორის არის სააკაშვილიც და იმ რვა კაცს მერე დავამატებთ, თუ დადგება ასეთი გამამტყუნებელი განაჩენი. რაც შეეხება ძველ საქმეებს, მისი ძველი საქმეები ჩვენ არ გვქონია შესწავლილი“, — განუცხადა „ნეტგაზეთს“ ალექსანდრე ბარამიძემ.

კითხვაზე, რატომ არ შეისწავლეს სააკაშვილის საქმეც, თუ აქციებთან დაკავშირებული საქმეების გარდა, სიაში ასევე მოხვდნენ ჩიკვაიძე და პაპიაშვილი, ბარამიძე პასუხობს:

„ორი საქმეა, რომელიც ასევე არ უკავშირდება აქციებს, მაგრამ იქ იმდენად აშკარაა და თვალსაჩინო პროკურატურის ინტერესი და პოლიტიკური ინტერესი, რომ ეს ორი ადამიანიც მივაკუთვნეთ ამ სიას. სააკაშვილის შემთხვევაში, როგორც უკვე მოგახსენეთ, ჩვენ შესწავლილი ძველი საქმის მასალები არ გვქონია და იმ ორი ადამიანის საქმის მასალები გვქონდა შესწავლილი და აბსოლუტურად მყარი საფუძველი გვაქვს ვთქვათ, რომ ისინიც არიან პოლიტიკური პატიმრები. შეიძლება, ვიღაც არ არის შეყვანილი [სიაში], მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ შეიძლება იყოს პოლიტიკური პატიმარი. ჩვენ უბრალოდ რასაც ვაკეთებთ, ვაკეთებთ მხოლოდ საკუთარი შესწავლილი მასალების საფუძველზე. ეს მასალები უკავშირდებოდა აქციებს და ბოლო ორი წლის განმავლობაში მიმდინარე პრობლემებს, მათ შორის აქციებს“.

პოლიტპატიმრების სრული სია და კრიტერიუმები შეგიძლიათ იხილოთ მიმაგრებულ ფაილში: