სამხრეთ კავკასიის ამბები

უკრაინაში კიდევ ერთი ცხინვალელი ჯარისკაცი დაიღუპა

4 მაისი, 2022 •
უკრაინაში კიდევ ერთი ცხინვალელი ჯარისკაცი დაიღუპა

რუსული სამთავრობო მედიის, „სპუტნიკის“ ცხინვალის ფილიალი იუწყება, რომ უკრაინაში კიდევ ერთი ადგილობრივი სამხედრო მოსამსახურე, 36 წლის ალიმ ლოხოვი დაიღუპა.

უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალების შეჭრის შემდეგ, სამხედრო მოქმედებებში არაერთი ოსი ჯარისკაცი დაიღუპა და დაიჭრა.

რუსეთის ფედერაციას სამხრეთ ოსეთში განთავსებული აქვს მე-4 სამხედრო ბაზა, სადაც ადგილობრივები კონტრაქტით მსახურობენ.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ამ ბაზიდან ორ ნაკადად გაგზავნეს ჯარისკაცები.

ამასთან, 24 თებერვლის შემდეგ ომში ჩასართავად რუსეთმა გაიყვანა სამხედრო ტექნიკის ნაწილი როგორც აფხაზეთის ტერიტორიიდან, ასევე, ცხინვალიდან.


რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინაში დაიღუპა ცხინვალის მკვიდრი, 35 წლის სერჟანტი ანდრეი ბაკაევი, რომელიც უშუალოდ რუსეთის შეიარაღებული ძალების 58-ე არმიაში მსახურობდა.

ამასთან, „სპუტნიკ ოსეტიის“ 1 აპრილს გავრცელებული ცნობის თანახმად, უკრაინაში, დონეცკში, „ჰუმანიტარული ტვირთის ჩასატანად წასული“ სახალხო არტისტი, ცხინვალის მკვიდრი, 49 წლის რობერტ კულუმბეგოვი დაიღუპა.

აფხაზური მედიის ცნობით, რუსეთის მხარდასაჭერად დონბასში აფხაზეთიდან  წასული მებრძოლი, ოჩამჩირის რაიონის მკვიდრი, 36 წლის ახრა კირკინაძე 31 მარტს, აფეთქების დროს დაიღუპა.

საბრძოლო მოქმედებებში არაერთი ოსი ჯარისკაცი დაიჭრა, რომელთაც მოსკოვში მკურნალობდნენ.

გირჩევთ ამ თემაზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი