სამხრეთ კავკასიის ამბები

გზააბნეული და დაბრუნებული ოსი ჯარისკაცები – ცხინვალელები უკრაინის ომში

1 აპრილი, 2022 • 22954
გზააბნეული და დაბრუნებული ოსი ჯარისკაცები – ცხინვალელები უკრაინის ომში

სტატიაში გამოყენებულია ტერმინოლოგია, რომელსაც აფხაზები და ოსები იყენებენ.  აქ გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ნეტგაზეთის პოზიციებს.


რას ვიგებთ ოსი ჯარისკაცებისგან

უკანასკნელ დღეებში ცხინვალში გახშირდა სამხედრო მოსამსახურეთა ხმოვანი შეტყობინებების მიღება უკრაინიდან.

შეტყობინებებში, რომლებიც მაშინვე ვრცელდება საზოგადოებაში, ჯარისკაცები ჰყვებიან, რომ ბრძოლის ველზე მიატოვეს შესაბამისი ეკიპირებისა და შეიარაღების გარეშე და რუკებიც კი არ გააჩნიათ სამიზნე ტერიტორიების, რის შედეგადაც გზა აებნათ და მათივე მებრძოლების სროლის ქვეშ მოყვნენ. 

ხმოვან შეტყობინებებში ჯარისკაცები უკრაინაში მივლინებას “სიკვიდლზე ეტაპირებას” უწოდებენ, საკუთარ თავს კი –  “საზარბაზნე ხორცს”.  ამასთან, აფრთხილებენ თანამემამულეებს, თავი შეიკავონ უკრაინაში გამგზავრებისგან და პირობასაც დებენ, რომ დაბრუნების შემთხვევაში, ცხინვალში მთავარ მოედანზე გამოვლენ და ხალხს სიმართლეს მოუყვებიან.

30 მარტს სამხრეთ ოსეთში დაახლოებით 300 სამხედრო პირი დაბრუნდა. მათ თვითნებურად დატოვეს საკუთარი სამხედრო ლოკაციები და საკუთარ სახლებამდე შემთხვევით გამვლელებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის საშუალებით მიაღწიეს. მათ დაბრუნებას ცხინვალელები დაუფარავი სიხარულით შეხვდნენ.

დეზერტირობის გამო დაბრუნებულ ჯარისკაცებს დევნა არ ემუქრება – ტრიბუნალი ხომ მხოლოდ ომის შემთხვევაშია შესაძლებელი, ახლა კი, “მშვიდობიან დროს”, რუსეთის მიერ  მხოლოდ “სამხედრო სპეცოპერაცია” არის გამოცხადებული.

ექსპრეზიდენტმა ედუარდ კოკოითიმ სამხედროების ახლობლებს მოუწოდა, თავი შეიკავონ საპროტესტო აქციებისგან, რომელიც კიდევ უფრო გაამწვავებს ისედაც რთულ სიტუაციას.

სწორედ მანვე გაახმიანა სკანდალური ინფორმაცია სამხრეთ ოსეთიდან უკრაინაში გაგზავნილი სამხედროების რაოდენობაზე. კოკოითი ირწმუნება, რომ საუბარია 1000 ადამიანზე, რაც კოლოსალურია სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისთვის, რომელიც დღეს, სხვადასხვა მონაცემით, სულ 20-დან 30 ათასამდეა. 

ბიბილოვი კი, რომელსაც შექმნილ სიტუაციაში მთავარ დამნაშავედ ასახელებენ, თავის მხრივ, იმეორებს, რომ “რესპუბლიკა გააგრძელებს დონბასში რუსეთის მხარდაჭერას სპეციალური სამხედრო ოპერაციისას”. 

ომი თუ სამხედრო ოპერაცია – რას ფიქრობენ ცხინვალში

სამხრეთ ოსეთში საჯარო სივრცეში უკრაინაში ომს “ომს”, მით უმეტეს, “რუსეთის აგრესიას” არ უწოდებენ, რადგან ეს რუსეთის მიმართ არალოიალობად გამოჩნდება. 

თუმცა აქ ვერც ტერმინი “სპეცოპერაცია” დამკვიდრდა. ამიტომ სოციალურ ქსელებში და პრესაშიც კი ურჩევნიათ გვერდი აუარონ ტერმინსა და მის შინაარს შორის აცდენას ისეთი განსაზღვრებებით, როგორიცაა “უკრაინაში მიმდინარე ამბები”, “მოვლენები უკრაინაში” და ა.შ. 

ისინიც კი, ვინც საჭიროდ მიიჩნევს სოლიდარობის დემონსტრირებას კრემლის პოლიტიკისადმი [ჩინოვნიკები, პოლიტიკოსები და ა.შ.], ამჯობინებენ, “უკრაინის” ნაცვლად გამოიყენონ სიტყვა “დონბასი”. 

ამით თითქოს საკუთარ თავსაც და საკუთარ მოქალაქეებსაც სთავაზობენ, შეავიწროვონ ომის საშინელებების არეალი და გააიგივონ საკუთარ უახლეს ისტორიასთან. აჯანყებული დონბასის ისტორია იმ სახით, როგორადაც მას რუსული პროპაგანდა წარმოაჩენს, ბევრისთვის აქ მეტად შთამბეჭდავია. ეს შედარებები მათ საკუთარ ისტორიას აგონებს – მცირე ერის ტრაგედია საბჭოთა იმპერიის ერთ-ერთ ნანგრევზე. ეს შედარებები მათ უკარგავს რეალობის აღქმას და პუტინის პოლიტიკური თამაშის ელემენტად აქცევს. 

ამასთან, რთულია თქმა, რა უფრო მეტია ამ ამბავში – საკუთარი თავის მოტყუება თუ უბრალოდ ცინიზმი, როგორც სასოწარკვეთილებასთან ბრძოლის საშუალება.

ამბის ყველაზე მტკივნეული ნაწილი  

ყველაზე მტკივნეული საკითხი ამ ისტორიაში მაინც რუსულ მეოთხე ბაზაზე კონტრაქტით მომუშავე ოსი ჯარისკაცები არიან, რომლებიც უკრაინაში საბრძოლველად გაგზავნეს. 

“დღეს უკარაინაში  მამრობითი სქესის დაახლოებით 2.33% არის წასული. ეს არიან ახალგაზრდა მამაკაცები, რასაც ერის გენოფონდს ვეძახით. თუკი შევადარებთ რუსეთის მამრობითი მოსახლეობის მაჩვენებელს, მაშინ უკრაინაში 1.6 მილიონი რუსი ჯარისკაცი უნდა იბრძოდეს ახლა”, – წერს სამხრეთოსური ტელეგრამ არხი “ბონვერნონი”.

ეს, ერთი შეხედვით, თავშეკავებული ტექსტი, ადგილობრივი საზომით, უკმაყოფილების აფეთქებაა. 

“ეს არ მოხდებოდა, პრეზიდენტ ბიბილოვს 2017 წელს ჩვენი არმიის ლიკვიდაცია რომ არ მოეხდინა. რა თქმა უნდა, ჩვენი სამოკავშირეო ვალია რუსეთის დახმარება, მაგრამ მაშინ რომ არმია შეენარჩუნებინა, დონბასში ახლა მხოლოდ მოხალისეები წავიდოდნენ”, – თქვა წინასაარჩევნო აგიტაციის დროს ერთ-ერთი საპრეზიდენტო კანდიდატის მინდობილმა პირმა პრეზიდენტ ბიბილოვზე.

2017 წელს, როდესაც პრეზიდენტი ბიბილოვი მოსკოვთან შემხვედრ ნაბიჯზე წავიდა, გააუქმა ისედაც მცირე სამხრეთოსური არმია და მისი სამხედრო მოსამსახურეები რუსეთის მე-4 ბაზაზე გადაიყვანა. ამომრჩეველს კი ლამის ფიცის დადებით შეჰპირდა, რომ “არცერთი ოსი სამხედრო სამხრეთ ოსეთის ტერიტორიას არ დატოვებს”.

სამხედრო წვრთნები დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში; ფოტო: cominf.org

სამხედრო წვრთნები დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში; ფოტო: cominf.org

პრეზიდენტი ბიბილოვი ამ დაპირებას აღარ ახსენებს. მხოლოდ იმას უსვამს ხაზს, რომ მეოთხე ბაზა სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის ბრძანებას არ ემორჩილება და “ბიჭებმა კარგად იცოდნენ, რაზეც მიდიოდნენ, როდესაც კონტრაქტებს ხელს აწერდნენ”. შესაბამისად, “ვალდებულები არიან, შეასრულონ”. 

მოსკოვისადმი ლოალობის საჩვენებლად ბიბილოვი მზადაა, ახალგაზრდების სიცოცხლე შეწიროს უკრაინაში ომს.

ინსაიდერები დარმწუნებული არიან, რომ ამ გზით ბიბილოვი ცდილობს საპრეზიდენტო არჩევნებამდე მოსკოვი მის მიმართ კეთილად განაწყოს, რადგან მან უკვე გაუცრუა უფროს ძმას იმედი საკუთარი კორუფციისა და თავნებობის [რუსული საზომებითაც კი] მასშტაბებით.  

ის, რომ ბიბილოვი ცუდ მდგომარეობაშია, ის ფაქტიც მოწმობს, რომ მოსკოვში მას აღარ ხვდება ეკონომიკის მინისტრის მოადგილეზე მაღალი რანგის ჩინოვნიკი. ინსაიდერების აზრითვე, უკრაინის ომში აქტიური პოზიციონერობით, ის იმედოვნებს, რომ კრემლის კეთილგანწყობას დაიბრუნებს, რადგან კრემლის მხარდაჭერის გარეშე არჩევნებში ვერ გაიმარჯვებს. 

თუმცა უკრანაში ჯარისკაცების გაგზავნა არ ზრდის ბიბილოვის პოპულარობას უშუალოდ სამხრეთ ოსეთში. მოსახლეობა ამას მეტისმეტად მაღალ საფასურად მიიჩნევს. 

რამდენიმე წლის წინ, როდესაც დონბასში მოხალისეების ჯგუფი [საშუალო ასაკის კაცები საბრძოლო გამოცდილებით] გაემგზავრა,  ცხინვალში მათ გადაწყვეტილებას მთლიანობაში ნეიტრალურად შეხვდნენ, რადგან ეს იყო ზრდასრული ადამიანების დამოუკიდებელი არჩევანი. ჯარისკაცების იძულებით გაგზავნა კი სულ სხვა საქმეა. 

ბიბილოვი ცდილობს, საზოგადოების წინაშე სამხედრო-პოლიტიკურ ლიდერად წარმოაჩინოს თავი, ისეთ ლიდერად, როგორიც დე გოლი ან ჩერჩილი იყო. ის ბევრს საუბრობს და წერს საკუთარ ტელეგრამ არხზე მზარდ ქართულ საფრთხეზე, თავს წარმოაჩენს მთავარსარდლად, რომელსაც სრულ სამხედრო მზადყოფნაში ჰყავს ჯარი და საჭიროების შემთხვევაში, რუსეთსაც კი დაეხმარება. 

“ჩვენი ბიჭები მიდიან საკუთარი სამხედრო ვალის მოსახდელად თავაწეულები და ამაყები. თუკი ჩვენ რუსეთთან ერთად ვერ გავიმარჯვებთ ნეოფაშისტებზე, რომლებმაც უკრაინა ნაციზმის ნაკრძალად აქციეს, შემდეგი სამიზნე სამხრეთ ოსეთი იქნება. მე მეუბნებიან, რომ ჩვენს ბიჭებს სიკვდილზე ვუშვებ. არა და არა, ისინი გამარჯვებისთვის მიდიან. ჩვენ მივდვივრთ მარიუპოლში, დონბასში, მელიტოპოლში მტრის დასამარცხებლად”, – წერს ბიბილოვი საკუთარ ტელეგრამ არხზე. 

ადგილობრივი მოსახლეობა ამ პათეტიკას, დიდწილად, ბოდვად აღიქვამს, რადგან რომელი ჯარების მზადყოფნაზეა საუბარი, როდესაც ოდესღაც არსებული ხუთიათასიანი არმიისგან რაც დარჩა, საპატიო ყარაული, ორკესტრი და ბევრი ხანდაზმული ოფიცერია.  

15 მარტის ცივ დილას, როდესაც ცხინვალიდან ბატალიონი და სამხედრო ტექნიკა რუსეთისკენ დაიძრა სამხრეთოსური დროშებით, ამის ამსახველ ვიდეომასალებს ადგილობრივებმა წარწერები წაუმძღვარეს: “ბიბილოვო, ჩვენ ამას არ გპატიებთ”, ან “ბიბილოვო, შენს ნამუსზე იყოს”.

დონბასში ბატალიონის ჩასვლამდე ჯარისკაცებმა შეატყობინეს ოჯახის წევრებს, რომ არც თბილი ტანსაცმელი ჰქონდათ თან და არც ჯავშანჟილეტები, რის შემდეგაც ცხინვალში ბატალიონისთვის საყოველთაო დახმარების შეგროვება დაიწყეს. თუმცა ბიბილოვმა დაასწრო და ჯარისკაცების ეკიპირება საკუთარ თავზე აიღო.

დღესვე ბიბილოვის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტი ბიბილოვი თავადაც ჩავა დონბასში, თუმცა დრო არ დაუკონკრეტებიათ. 10 აპრილს დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება, სადაც ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი კვლავ ბიბილოვია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი