სამხრეთ კავკასიის ამბები

ვინ არის ალან გაგლოევი, რომელმაც შესაძლოა ბიბილოვი შეცვალოს

11 აპრილი, 2022 • 5538
ვინ არის ალან გაგლოევი, რომელმაც შესაძლოა ბიბილოვი შეცვალოს

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნების [რომელსაც საქართველო და საერთაშორისო საზოგაოება არ აღიარებს ლეგიტიმურად] მეორე ტურში გამარჯვებული, შესაძლოა, გახდეს ოპოზიციური პარტია “ნიხასის” ლიდერი ალან გაგლოევი, რომელმაც 10 აპრილის არჩევნებში მოქმედ პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვზე მეტი ხმა დააგროვა [გაგლოევი 36,9% – 10 705 ხმა, ბიბილოვი 33.5% – 9 706 ხმა]. 

გაგლოევის ბიოგრაფია და პოლიტიკური კარიერა 

ალან გაგლოევი 1981 წელს ცხინვალში დაიბადა. ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, განათლება ცხინვალის თიბილოვის სახელობის უნივერსისტეტში მიიღო, სადაც ფინანსები და კრედიტები, ასევე, იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა.  მოგვიანებით გაგლოევმა რუსეთში საპრეზიდენტო პროგრამის ფარგლებში რუსეთის ფედერაციის კადრების მომზადების კვალიფიკაცია გაიარა.

ალან გაგლოევი ცხინვალში, ეკონომიკის სამინისტროში მცირე და საშუალო ბიზნესის და  ანტიმონიპოლიური განყოფილების მთავარი სპეციალისტის პოსტზე მუშაობდა. 2004 წლიდან კი ცხინვალში, უშიშროების სამსახურში [КГБ] დაიწყო მუშაობა, სადაც უკანასკნელ დრომდე მსხურობდა.

გაგლოევს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტობა 2017 წელსაც სურდა, თუმცა ხმების 11%-ოთ მესამე ადგილზე გავიდა. გამარჯვებული კი, 58%-ით, ანატოლი ბიბილოვი გახდა. 

ალან გაგლოევი, ფოტო: ალან გაგლოევის ფეისბუკის გვერდიდან

ალან გაგლოევი, ფოტო: ალან გაგლოევის ფეისბუკის გვერდიდან

რას ჰპირდება გაგლოევი მოსახლეობას

პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, გაგლოევი მოსახლეობას კონკურენტებისგან განსხვავებულს არაფერს ჰპირდება – სოციალური სამართლიანობა, სამუშაო ადგილების შექმნა და პროგრესული განვითარება ყველა სფეროში. თუმცა მოსახლეობა, სხვა კანდიდატებისგან განსხვავებით, უფრო ქარიზმატულ პერსონად მიიჩნევს. ამასთან, მოქმედი დე ფაქტო პრეზიდენტ ბიბილოვით ადგილობრივ მოსახლეობაში უკმაყოფილება კულმინაციას აღწევს. 

რეფერენდუმი რუსეთთან შეერთების საკითხზე 

იმის მიუხედავად, რომ მოქმედი დე ფაქტო პრეზიდენტის მიერ რუსეთთან შეერთების საკითხზე საარჩევნოდ რეფერენდუმის დაანონსებას ალან გაგლოევმა “მანიპულაცია და საკუთარი ხალხისა და რუსეთის მიმართ უპასუხისმგებლობა უწოდა”, ისიც სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების მომხრეა. 

“სამხრეთ ოსეთის მოსახლეობამ 1991 წელს რეფერენდუმზე დაუჭირა მხარი საბჭოთა კავშირის შენარჩუნებას და მოძმე რუსეთთან ერთ სახელმწიფოში ცხოვრებას. 1992 წლის რეფერნდუმზე კვლავ გამოხატა ხალხმა საკუთარი ნება საქართველოსგან გამოყოფასა და რუსეთის შემადგენლობაში შესვლასთან დაკავშირებით.  სამართლებრივი ძალა ამ დოკუმენტს ისევ აქვს. სწორედ მას ეყრდნობოდა დიმიტრი ანატოლის ძე მედვედევი, როდესაც რუსეთმა 2008 წელს სამხრეთ ოსეთი აღიარა. თუ საჭირო გახდება, კიდევ ერთხელ მივცემთ ხმას”, – ეს განცხადება ფეისბუკის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა პარტია “ნიხასმა”, რომლის ლიდერიც არის გაგლოევი. 

ამასთან, თავად ალან გაგლოევი წინასაარჩევნოდ აცხადებდა, რომ სრულიად მისაღები და შესაძლებელი იყო  რეფერენდუმის გამართვა 10 აპრილის საპრეზიდენტო არჩევნების დღესაც.  

რუსეთი და საქართველო – გაგლოევის ხედვა 

ისევე, როგორც ყველა პოლიტიკოსი და კანდიდატი სამხრეთ ოსეთში, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის მომავალს ალან გაგლოევიც რუსეთთან ხედავს. საქართველოს სახით კი – აგრესორს. შესაბამისად, გაგლოევის პრეზიდენტობის შემთხვევაშიც, ცხინვალის უცვლელ საგარეო პოლიტიკურ კურსს უნდა ველოდოთ. 

“20 წლის განმავლობაში, 1989 წლიდან, საქართველო სამხრეთ ოსეთის შთანთქმას ცდილობდა, ჩვენი საუკეთესო შვილების განადგურების გზით . მაგრამ ჩვენმა ხალხმა გაუძლო, არ გატყდა. 2008 წელს კი, მოძმე რუსეთის დახმარებით, აგრესორისგან გავთავსუფლდით. რუსეთმა ჩვენი დამოუკიდებლობა აღიარა და რესპუბლიკის აღსადგენად უზარმაზარი თანხები გამოყო. ამ მომენტიდან უნდა დაწყებულიყო ახალი ცხოვრება და ლამაზი მომავალი სამხრეთ ოსეთში. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა”, – ეს არის ამონარიდი გაგლოევის წინაარჩევნო მიმართვიდან 2017 წლის დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებამდე, რომელშიც ის მონაწილეობდა. 

2022 წელსაც აქტიურად საუბრობს გაგლოევი რუსეთისა და მისი ლიდერის მიმართ სიმპათიების შესახებ. ადგილობრივი მედიისთვის წინასაარჩევნოდ მიცემულ ინტერვიუში ის რუსეთის პრეზიდენტს მსოფლიო პოლიტიკოსად ასახელებს. 

ჟურნალისტის კითხვაზე, ვის მიიჩნევს ყველაზე მისაბაძ მსოფლიო პოლიტიკოსად, გაგლოევი ამბობს: 

“ტერმინი მიბაძვა სწორი არ იქნებოდა, თუმცა შეიძლება ვისაუბროთ პატივსაცემ, ძლიერ პოლიტიკოსზე. ეს, რასაკვირველია, ვლადიმირ ვლადიმირის ძე პუტინია. თუკი წარსულზე ვისაუბრებთ, გოლდა მეიერი [ისრაელის მე-4 პრემიერ-მინისტრი (1969–1974)], რომელზეც ამბობენ, რომ მამაკაცებზე უფრო მამაცი იყო”. 

არჩევნებამდე ადგილობრივი ექსპერტები და მოქალაქეები განიხილავდნენ, თუ ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო კრემლის სასურველი საპრეზიდენტო კანდიდატი ცხინვალში, რომელსაც არ ამჟღავნებდა მოსკოვი. თუმცა ვერსიები ვერსიებად დარჩა. მით უმეტეს, ცხინვალში ეჭვი არავის ეპარება იმაში, რომ უკლებლივ ყველა კანდიდატი ისედაც რუსეთის მოკავშირე გახდება; ამომრჩეველი კი იმის მიხედვით გააკეთებს არჩევანს, ვინც შიდა საკითხებზე ბიბილოვზე უფრო ეფექტურად და პატიოსნად იმუშავებს. 

ამავე თემაზე:

როგორ კარგავს ლეგიტიმაციას ბიბილოვი ცხინვალში

მასალების გადაბეჭდვის წესი