სამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანის მწვავე პასუხი რუსეთს

27 მარტი, 2022 • 10434
აზერბაიჯანის მწვავე პასუხი რუსეთს

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ  რუსეთის ფედერაციის 26 მარტის განცხადება მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით, ეწინააღმდეგება ბაქოსა და მოსკოვის ორმხრივი ურთიერთობების არსს და ასევე რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის 22 თებერვალს ხელმოწერილ “მოკავშირეობისა და თანამშრომლობის დეკლარაციას”.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო დღეს, 26 მარტს გამოეხმაურა სომხური მხარის ცნობას იმის შესახებ, რომ აზერბაიჯანის არმია მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის ზონაში შევიდა. მოსკოვის შეფასებით, “24 – 25 მარტს აზერბაიჯანის რესპუბლიკის შეიარაღებულმა ძალებმა დაარღვიეს 2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივი განცხადება და მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე რუსული სამშვიდობო კონტინგენტის პასუხისმგებლობის ზონაში შევიდნენ და სადამკვირვებლო საგუშაგო ჩადგეს”.

სწორედ ამის საპასუხოდ გაავრცელა განცხადება აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ. ბაქომ მოსკოვს მიუთითა, რომ “აზერბაიჯანის ტერიტორიაზე არანაირი მთიანი-ყარაბაღის ადმინისტაციული და ტერიტორილი ერთეული არ არსებობს” და ასევე განაცხადა, რომ რუსული მხარის მიერ ნახსენებ სოფელს არა ფურუხი, არამედ ფარუხი ჰქვია. ბაქო მოსკოვს მოუწოდებს, რომ თავი შეიკავოს “მთიანი ყარაბაღის” დასახელების გამოყენებისგან და სწორად უწოდოს სახელები აზერბაიჯანის ტერიტორიებს.

მეტიც, ბაქო მოსკოვს მოუწოდებს, რომ “უზრუნველყოს აზერბაიჯანის საერთაშორისოდ ცნობილი ტერიტორიებიდან  სომხეთის არმიისა და უკანონო სომხური შეირაღებული რაზმების გაყვანა”, რასაც აზერბაიჯანის განცხადებით, 2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივი განცხადება ითვალისწინებს.


მასალების გადაბეჭდვის წესი