სამხრეთ კავკასიის ამბები

უკრაინის ომი და ყარაბაღი – რა ხდება რეგიონში

25 მარტი, 2022 • 3907
უკრაინის ომი და ყარაბაღი – რა ხდება რეგიონში

უკრაინაში ომის პარალელურად, მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანული მხარის მიერ 2020 წლის სამმხრივი შეთანხმების დარღვევისა და ერთი სოფლის დაკავების შესახებ სომხეთის თავდაცვის მინისტრი, სურენ პაპიკიანი ესაუბრა რუს კოლეგას, სერგეი შოიგუს, რომელიც 11 მარტის შემდეგ საჯაროდ არ გამოჩენილა.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, შოიგუმ განაცხადა, რომ მოვლენები რუსული მხარის ყურადღების ქვეშაა და ყველა აუცილებელი ნაბიჯი გადაიდგმება სიტუაციის მშვიდობიანი გადაჭრისთვის.

მიუხედავად სომხური მხარის მტკიცებისა, ბაქო უარყოფს, რომ რეგიონში ადგილი ჰქონდა ესკალაციას.

რეგიონის მკვლევართა ნაწილის შეფასებით, აზერბაიჯანი რუსეთთან შეთანხმების გარეშე არ იმოქმედებს, მეორე მხრივ კი, შესაძლოა, რუსეთი სომხეთის დასჯას ცდილობდეს უკრაინის ომის მიმართ ნეიტრალური პოზიციის გამო.

რა მოხდა 24 მარტს

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, 24 მარტს, დაახლოებით 16:00 საათზე, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ჯარებმა გადალახეს კონტაქტის ხაზი და სოფელი ფარუხი დაიკავეს, რომელსაც მანამდე აკონტროლებდა დე ფაქტო მთიანი ყარაბაღის (არცახის) რესპუბლიკა.

„აზერბაიჯანის ეს აგრესიული მოქმედებები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ოფიციალური ბაქო განაგრძობს 2020 წლის სამმხრივი შეთანხმების დარღვევას, რომლის თანახმადაც, უნდა შემწყდარიყო დაპირისპირება და მხარეები უნდა დარჩენილიყვნენ მათ მიერ უკვე დაკავებულ პოზიციებზე, ხოლო კონტაქტის ხაზზე რუსი სამშვიდობოები უნდა განლაგებულიყვნენ.

მოველით, რომ რუსი სამშვიდობო ძალები, რომელთა პასუხისმგებლობის არეშიც მოხდა პროვოკაცია, გადადგამენ ნაბიჯებს, რათა აზერბაიჯანული ძალები დაუყოვნებლივ დაბრუნდნენ საწყის პოზიციებზე“, –  ნათქვამია სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

სოფელი ფარუხი ფარუხი ასკერანის (სომხ.)/ხოჯალის (აზერ.) რაიონში მდებარეობს.

აზერბაიჯანულმა მხარემ კი საპასუხოდ განაცხადა, რომ სომხური მხარის ცნობები ესკალაციის შესახებ, იქ, სადაც რუსული სამშვიდობო კონტინგენტია განთავსებული, არ შეესაბამება სიმართლეს.

„ვითარება ხელოვნურადაა გაზვიადებული სომხური მხარის მიერ. მიზანია იმგვარი ატმოსფეროს შექმნა, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს საზოგადოების ისტერია, დაბნევა და თავგზის არევა. არ არსებობს პანიკის ან ღელვის საფუძველი.

აზერბაიჯანული არმიის შენაერთები მთლიანად აკონტროლებენ ვითარებას“, – ნათქვამია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

ამასთან დაკავშირებით განცხადება გაკეთდა დე ფაქტო მთიან ყარაბაღშიც, რომლის შესაბამისად, აზერბაიჯანის ძალები ჯერ კიდევ არ დაბრუნებულან საწყის პოზიციებზე და ისევ იკავებენ სოფელ ფარუხს.

როგორც სომხური news.am იუწყება, გასულ ღამეს სროლების შედეგად დაიჭრა ერთი სომეხი მებრძოლი და დაიღუპა მოწინააღმდეგის 5 ჯარისკაცი, თუმცა ინფორმაციას არ ადასტურებს აზერბაიჯანული მხარე.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სომხური მხარე აცხადებს, რომ მოწინააღმდეგემ ცეცხლი გახსნა. სომხური მხარის თანახმად, ბაქომ ცეცხლი 7 მარტსაც გახსნა.

სტეფანაკერტი ბუნებრივი აირის გარეშე

24 მარტის ინციდენტამდე სტეფანაკერტს, იგივე ხანკენდს, რომელიც ყაბარაღის უდიდესი ქალაქია, ბუნებრივი აირის მიწოდება შეუჩერდა.

მილსადენი, რომლითაც ქალაქს ბუნებრივი აირი მიეწოდებოდა, 8 მარტს ბაქოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაზიანდა და მხოლოდ 10 დღის შემდეგ, რუსული სამშვიდობო ძალების ჩარევის შედეგად გარემონტდა.

ამ დროის განმავლობაში ქალაქის მოსახლეობის დიდი ნაწილი გათბობის გარეშე დარჩა. ასევე, ქალაქში შეზღუდვებით მუშაობდა პურის საცხობები და სხვადასხვა დაწესებულებები.

მოგვიანებით, 21 მარტს, დე ფაქტო მთიან ყარაბაღში ბუნებრივი აირის მიწოდება კვლავ შეწყდა.

დე ფაქტო მთავრობამ მომხდარში აზერბაიჯანი დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ეს „ჰუმანიტარული ტერორიზმი“ იყო.

„ეს უხეშად არღვევს საერთაშორისო საზოგადოებისა და ჰუმანიტარული კანონების ყველა ნორმასა და პრინციპს და არ ექცევა მორალურობის ჩარჩოებში. ეს ამაზრზენი მოქმედება არის სიძულვილისა და ნაციონალიზმის კიდევ ერთი გამოხატულება“, – განაცხადა დე ფაქტო მთავრობამ.

ჰუმანიტარული კრიზისის შექმნაში ბაქო დაადანაშაულა ერევანმაც.

აზერბაიჯანული მხარე უარყოფს, რომ ბუნებრივი აირის მიწოდების შეფერხებასთან კავშირი აქვს.

„ალიევი რუსეთთან შეთანხმების გარეშე არ იმოქმედებს“

ისტორიკოს ბექა კობახიძის განცხადებით, შექმნილ ვითარებაში აზერბაიჯანისთვის, რა თქმა უნდა, ჩნდება შანსი ყარაბაღის დასაკავებლად, მაგრამ ამას რუსეთთან შეთანხმების გარეშე არ გააკეთებს.

„ილჰამ ალიევი იყო ბოლო საერთაშორისო ლიდერი, რომელსაც პუტინი ომის დაწყებამდე ერთი დღით ადრე, 23 მარტს შეხვდა.

ეს, რა თქმა უნდა, დადასტურებულად არ ვიცით, მაგრამ ყველა ლოგიკით ჩანს, რომ პუტინმა ალიევი დაიბარა იმის სათქმელად, რომ ომი იწყებოდა და აზერბაიჯანს პრობლემები არ უნდა შეექმნა ყარაბაღში, რადგან რუსეთი ამ დროს დაკავებული იქნებოდა უკრაინის მოვლენებით.

თავისთავად ცხადია, რომ ალიევისთვის ჩნდება შანსი, რომ მან მთლიანად დაიკავოს ყარაბაღი, მაგრამ ამას რუსეთის ნებართვის გარეშე არასდროს არ გააკეთებს, რადგან იცის, რომ თუ რუსეთმა გაიმარჯვა, ის მობრუნდება და აზერბაიჯანს მძიმე დღე დაადგება.

ალიევი დააკვირდება, თუ რუსეთი ჩამოიშლება, თუ რუსეთს ფიზიკურად აღარ ექნება ნება და შესაძლებლობა, რაიმე საპასუხო ნაბიჯი გადადგას, დაიკავებს ყარაბაღს, მაგრამ იგი არ იჩქარებს, დაელოდება“, – განაცხადა ბექა კობახიძემ.

ვლადიმერ პუტინი 21 მარტს ტელეფონით ესაუბრა ნიკოლ ფაშინიანს, რა დროსაც მხარეებმა 2020 წლის სამმხრივი შეთანხმების მნიშვნელობის შესახებაც ისაუბრეს.

ილჰამ ალიევისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრისა და გაფორმებული შეთანხმების შესახებ იხილეთ ნეტგაზეთის მასალა.

მისი განცხადებით, 24 მარტს მომხდარი ინციდენტი თუ დადასტურდა, ეს რუსეთთან შეთანხმების გარეშე არ იქნებოდა.

„თუ აზერბაიჯანულმა მხარემ მართლაც დაიკავა მიწები, რასაც სომხეთი აცხადებს, ასეთ შემთხვევაში მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ იქნებოდა რუსეთის ნებართვის გარეშე, რადგან ამაზე რუსულ მხარესაც არ ჰქონია მწვავე რეაქცია.

ეს შეიძლება იყოს რუსეთის მიერ სომხეთის გაფრთხილება, რადგან მას უკრაინაში ომთან დაკავშირებით ძალიან ნეიტრალური პოზიცია უჭირავს.

ალიევისთვის ერთი სოფლის დაკავება სომხეთის გაფრთხილებაა, რომ მისგან რუსეთი მეტ მხარდაჭერას ელის“, – აცხადებს იგი.

ისტორიკოსი ბექა კობახიძე

ბექა კობახიძის განცხადებით, შესაძლოა, რეგიონში ახალი რეალობა შეიქმნას და არსებული ფორმატები მოძველებული აღმოჩნდეს, ამიტომაც სომხური დიპლომატია გააქტიურდა თურქეთთან ურთიერთობების დასალაგებლად.

„სომხებს კარგად ესმით, თუ რუსეთი დასუსტდა, ისინი არ უნდა აღმოჩნდნენ გაშმაგებული აზერბაიჯანისა და თურქეთის წინაშე, ამიტომ, სანამ ეს მომხდარა, მანამდე ცდილობენ ნაბიჯების გადადგმას, თუმცა მათი შესაძლებლობები ლიმიტირებულია და უკრაინის ომი სომხეთს დიდ საფრთხეს უქმნის და აზერბაიჯანს უპირატესობას ანიჭებს“, – აცხადებს ბექა კობახიძე.

სომხეთისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთმანეთს 12 მარტს, ანტალიის დიპლომატიურ ფორუმზე შეხვდნენ, რა დროსაც მხარეები დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ შეთანხმდნენ.

სომხეთის პოზიცია უკრაინის ომთან დაკავშირებით

ოფიციალური ერევანი უკრაინის ომთან დაკავშირებით შედარებით ნეიტრალურ, ინერტულ პოზიციას იკავებს.

25 თებერვალს, ომის დაწყების მეორე დღეს, ნიკოლ ფაშინიანი სიტყვით გამოვიდა ევრაზიის მთავრობათაშორისი საბჭოს სხდომაზე, სადაც განაცხადა, რომ „შესაძლებელი იყო კოლექტიური მშვიდობის შენარჩუნება, ეკონომიკური გამოწვევების საპასუხო მექანიზმის განვითარებისთვის“. ამ შეხვედრაზე მას არ უსაუბრია უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ.

მოგვიანებით, 26 თებერვალს, გაიმართა სატელეფონო საუბარი ნიკოლ ფაშინიანსა და ვლადიმერ პუტინს შორის.

სომხური მხარის ცნობით, ამ შემთხვევაშიც არ უსაუბრიათ უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ და საუბარი შეეხო ეკონომიკურ კავშირებსა და ბაქოს, ერევანსა და მოსკოვს შორის გაფორმებულ შეთანხმებას.

გაეროში უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის კენჭისყრის შედეგები. სომხეთმა თავი შეიკავა, ხოლო აზერბაიჯანი კენჭისყრას არ დაესწრო. 

ოფიციალურ დონეზე, სომხეთი, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის მოკავშირე სახელმწიფოდ ითვლება, გაეროში უკრაინის მხარდასაჭერ რეზოლუციის წინააღმდეგ, განსხვავებით სირიის, ბელარუსის, ჩრდილოეთ კორეისა და ერიტრეისა, ხმას არ აძლევს.


უკრაინაში ომი 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო.

ომისა და შექმნილი ვითარების შესახებ იხილეთ ნეტგაზეთის მასალები:

მასალების გადაბეჭდვის წესი