სამხრეთ კავკასიის ამბები

ენგურის საარჩევნოდ ჩაკეტვა ხელისუფლების ინტერესებშიცაა | ზაქარეიშვილი

29 ოქტომბერი, 2021 • 1348
ენგურის საარჩევნოდ ჩაკეტვა ხელისუფლების ინტერესებშიცაა | ზაქარეიშვილი

“არ გამოვრციხავ, რომ ქართულ მხარეს უხარია ენგურის ჩაკეტვა”, – აცხადებს ნეტგაზეთთან საუბარში შერიგების ყოფილი მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი.

საქართველოში ადგილობრივი არჩევნების პირველი ტურის მსგავსად, ენგურის ხიდი 28-30 ოქტომბრის ჩათვლით ჩაიკეტა. შესაბამისად, გალის მცხოვრებლებს, რომელთაც საქართველოს მოქალაქეობა აქვთ, არჩევნებში მონაწილეობის უფლება კვლავ შეეზღუდათ. ოპოზიცია ენგურის ხიდის ჩაკეტვას საქართველოს ხელისუფლების ინტერესებს უკავშირებს, რადგან, მათი მტკიცებით, გალელები ხელისუფლების პოტენციურ მხარდამჭერებად არ მოიაზრებიან.

“აფხაზური მხარე ყოველთვის დიდი ხალისით კეტავს გამშვებ პუნქტს, როდესაც მათ ამის საშუალება აქვთ, განსაკუთრებით, ქართულ მხარეს არჩევნებისა და სერიოზული პოლიტიკური მოვლენების დროს. შესაბამისად, ეს პირველად არ ხდება და ამაში ახალი არაფერია.

თუმცა, არჩევნების მეორე ტურიდან გამომდინარე, ძალიან დაძაბული ვითარებაა ზუგდიდში და იმ ხალხსაც კი, ვინც არ არის დაავადებული შეთქმულების თეორიებით, მაინც ეჭვი ღრღნის, რომ ეს ჩაკეტვა ქართული მხარის ინტერესებშია, რათა გალელები არ გადმოვიდნენ. არ გამოვრციხავ, რომ ქართულ მხარეს უხარია ენგურის ჩაკეტვა.

ცხადია, აქედან თბილისი ვერ დაურეკავს სოხუმს და ვერ ეტყვის, კარგი იქნება, თუ ახლა ჩაკეტავთ პუნქტს, ასეთი პირდაპირი კომუნიკაცია გამორიცხულია, თუმცა ირიბი – “ენგურჰესის” საშუალებით კომუნიკაცია, არ არის გამოირცხული. შეიძლება ითქვას, “ენგურჰესი” არის ჩვენი “საელჩო” აფხაზეთის ტერიტორიზე და ბევრი საქმე კეთდება მათი საშუალებით, კერძოდ, გალის რაიონში და, ბუნებრივია, მათ კონტაქტები აქვთ სოხუმთან”, – აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი.

როგორც აფხაზური მხარე აცხადებს, ენგურის გამშვები პუნქტი ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამო ჩაიკეტა და 28-30 ოქტომბერს პუნქტის “სანიტარული დამუშავება” არის დაგეგმილი.

ქართულმა მხარემ აღნიშნულთან დაკავშირებით გადაადგილების შეზღუდვაზე განცხადება გაავრცელა, როგორც პირველი, ასევე მეორე ტურის დროს. საქართველოში არჩევნების დროს ენგურის ჩაკეტვას სუსი  აფხაზურ მხარეს აბრალებს.

გალელების ხმის მიცემის შეზღუდვასთან დაკავშირებით გუშინ განცხადება გამოქვეყნდა ასევე საპატიმროში მყოფი მიხეილ სააკაშვილის პირად გვერდზე. სააკაშვილი გალელებისთვის ხმის მიცემის შეზღუდვას საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას უკავშირებს.

“თუ ვინმეს კიდევ ეჭვი გეპარებათ, რომ მე პუტინის პირადი ტყვე ვარ, ნახეთ, როგორ ჩაიკეტა, მეორე ტურის წინ გალის ოკუპაციის ხაზი. ყველამ კარგად იცის, რომ გალიდან ამომრჩეველთა თითქმის 100% სწორედ ჩვენ გვაძლევს ხმას და ახლაც ჩათვალეს, რომ მათი გადმოშვება კიდევ უფრო გააუარესებს ივანიშვილის მდგომარეობას სამეგრელოში. მაინც დამთავრებულები არიან!”, – ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის ფეისბუკის პირად გვერდზე.

ენგურჰესთან დაკავშირებით კითხვები გაჩნდა არჩევნების პირველი ტურის დროსაც, თუმცა კომპანიაში ბრალდებებს სიცრუეს უწოდებენ.

„ვისაც შეუძლია ასეთი მოლაპარაკება აწარმოოს და რუსეთს დააკეტინოს საზღვარი, ალბათ, ის ძალაც ექნება, გაახსნევინოს, ხომ? მერე, როგორ არის ახლა? მე ვარ ისეთი პიროვნება, რომ საზღვარი გავახსნევინო ან დავაკეტინო? ვინ მიმიშვებს საერთოდ ახლოს მაგათთან მოსალაპარაკებლად?“, – განაცხადა კომპანიის დირექტორმა ლევან მებონიამ არჩევნების პირველი ტურის დროს გაჩენილ ბრალდებებთან დაკავშირებით.

ამავე თემაზე:

აფხაზური მხარე აცხადებს, რომ 28-30 ოქტომბერს ენგური ეპიდემიის გამო ჩაკეტეს

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი