სამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზური მხარე აცხადებს, რომ 28-30 ოქტომბერს ენგური ეპიდემიის გამო ჩაკეტეს

29 ოქტომბერი, 2021 • 921
აფხაზური მხარე აცხადებს, რომ 28-30 ოქტომბერს ენგური ეპიდემიის გამო ჩაკეტეს

ენგურის გამშვები პუნქტი 28-30 ოქტომბერს ისევ ჩაიკეტა და საქართველოში ადგილობრივი არჩევნების პირველი ტურის მსგავსად, გალის მოსახლეობას, რომელიც საქართველოს მოქალაქეობას ფლობს, არჩევნებში მონაწილეობა ისევ შეეზღუდა.

როგორც აფხაზური მხარე აცხადებს, ენგურის გამშვები პუნქტი ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამო ჩაიკეტა და 28-30 ოქტომბერს პუნქტის “სანიტარული დამუშავება” არის დაგეგმილი.

საარჩევნოდ ენგურის ჩაკეტვა სოციალურ ქსელებში ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილმა აღიქვა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მათი არჩევნებში მონაწილეობის შეზღუდვად.

ქართულმა მხარემ  გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა როგორც პირველი, ასევე მეორე ტურის დროს.  საქართველოში არჩევნების დროს ენგურის ჩაკეტვას სუსი აფხაზურ მხარეს აბრალებს.

გალელების ხმის მიცემის შეზღუდვის შესახებ გუშინ განცხადება გამოქვეყნდა ასევე საპატიმროში მყოფი მიხეილ სააკაშვილის პირად გვერდზე. გალელებისთვის ხმის მიცემის შეზღუდვას სააკაშვილი  უკავშირებს საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას.

“თუ ვინმეს კიდევ ეჭვი გეპარებათ, რომ მე პუტინის პირადი ტყვე ვარ, ნახეთ, როგორ ჩაიკეტა მეორე ტურის წინ გალის ოკუპაციის ხაზი. ყველამ კარგად იცის, რომ გალიდან ამომრჩეველთა თითქმის 100% სწორედ ჩვენ გვაძლევს ხმას და ახლაც ჩათვალეს, რომ მათი გადმოშვება კიდევ უფრო გააუარესებს ივანიშვილის მდგომარეობას სამეგრელოში. მაინც დამთავრებულები არიან!”, – ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის ფეისბუკის პირად გვერდზე.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი