სამხრეთ კავკასიის ამბები

მორიგი ექსპერიმენტი ცხინვალის მხრიდან

26 აპრილი, 2016 • 1667
მორიგი ექსპერიმენტი ცხინვალის მხრიდან

გაიმართება თუ არა სამხრეთ ოსეთში ახალი რეფერენდუმი კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, ჯერ გაურკვეველია. თუმცა ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ეს რეფერენდუმი არ უზრუნველყოფს მეორე ვადით თიბილოვის პრეზიდენტად არჩევას.

მიმდინარე თვის დასაწყისში სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა ახალი განცხადება გააკეთა, რომლის მიხედვითაც, ფაქტიურად, რუსეთის შემადგენლობაში სამხრეთ ოსეთის ძალით შეყვანას ცდილობს.

თიბილოვის თქმით, რეფერენდუმი ითვალისწინებს სამხრეთ ოსეთის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანას, რომლითაც ”პრეზიდენტს ენიჭება უფლება, თხოვნით მიმართოს რუსეთის ხელმძღვანელობას სამხრეთ ოსეთის რუსეთის ფედერაციაში შესვლის თაობაზე”.

თითქმის იგივე განაცხადა თიბილოვმა სამხრეთ ოსეთის რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლასთან დაკავშირებით წინა წლის ოქტომბერშიც. მაშინ მის განცხადებაზე რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ ბოლო შეხვედრაზე სურკოვსა და თიბილოვს შორის მსგავსი თემა განხილული არ ყოფილა და სამხრეთ ოსეთს კრემლში რუსეთის მიერ აღიარებულ “დამოუკიდებელ სახელმწიფოდ” მიიჩნევენ.

სამხრეთ ოსეთის კონსტიტუცია, აი, უკვე მერამდენედ, სხვადასხვა ექსპერიმენტის მსხვერპლი ხდება პრეზიდენტების მხრიდან. პირველად ექსპერიმენტი ლუდვიგ ჩიბიროვმა ჩაატარა საკონსტიტუციო სასამართლოს ლიკვიდირებით, შემდეგ კოკოითიმ, როდესაც მე-10 მუხლში შესწორება შევიდა – “სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას შეუძლია შევიდეს კავშირში სხვა სახელმწიფოსთან და გადასცეს მას თავისი უფლებებამოსილებების ნაწილი”. კოკოითიმ 2006 წელს რეფერენდუმიც ჩაატარა რუსეთის შემადგენლობაში შესვლასთან დაკავშირებით და ამით, ფაქტიურად, 1992 წლის დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის დუბლირება მოახდინა.

სამხრეთ ოსეთის სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლის, ალან ჯუსოევის თქმით, კონსტიტუციის შეცვლა, რაც თიბილოვმა შემოგვთავაზა, პრიცინპში ეწინააღმდეგება კონსტიტუციის სულისკვეთებასა და მის ძირითად მუხლებს. უფრო კონკრეტულად კი ამ ნაწილს: “სამხრეთ ოსეთი სუვერენული სამართლებრივი სახელმწიფოა, რომელიც სამხრეთ ოსეთის ხალხის თვითგამორკვევის შედეგად შეიქმნა. 2. სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტისა და ხელისუფლების ერთადერთი წყარო მისი ხალხია. 3. ხალხი ახორციელებს მმართველობას უშუალოდ რეფერენდუმისა და თავისუფალი არჩევნების ჩატარების გზით, ასევე, სახელმწიფო მართვის ორგანოებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების საშუალებით. 4. სამხრეთ ოსეთის ტერიტორია, სტატუსი და საზღვრები არ შეიძლება შეიცვალოს ხალხის თანხმობის გარეშე”.

ამგვარად, თიბილოვმა გადაწყვიტა, “ჩვენ” ნაცვალსახელის ხშირი გამოყენებით სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების სახელითაც ილაპარაკოს. სწორედ ასე მოიქცა კოკოითიც.

სამხრეთ ოსეთის საზოგადოების აზრით, თიბილოვს ეს რეფერენდუმი ორი მიზეზით სჭირდება. პირველი, ეს არის ის, რომ თიბილოვის უფლებამოსილების ვადა შემდეგ წელს იწურება და მას სჭირდება, რაიმე განსაკუთრებული მოვლენით დაასრულოს ის. თუმცა სოციალური ქსელების მომხმარებელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ თიბილოვის საპრეზიდენტო ვადაში 2008 წლის აგვისტოში განადგურებული ცხინვალის სახლებისა და ქუჩების ფართომასშტაბიანი მშენებლობა მიმდინარეობს. ეს კი თიბილოვს შეეძლო გამოეყენებინა, როგორც პოზიტიური მხარე თავისი პრეზიდენტობის.

მეორე მიზეზი ის გახლავთ, რომ მას ეს სჭირდება ეკონომიკური კრიზისისა და ეკონომიკურ და სამართლებრივ სფეროებში ხელისუფლების მუშაობის მინუსების გადასაფარავად – ეს რეფერენდუმი აჟიოტაჟს იწვევს და ამომრჩევლების ძირითადი ყურადღება ამაზე გადადის. ეს თამაში სამხრეთ ოსეთის ამომრჩევლისთვის უკვე ნაცნობია და უმეტესობა დიდი შემართებით მონაწილეობს მასში.

სამხრეთ ოსეთში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი, თემურ ცხურბათი ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ თიბილოვი, როგორც პრეზიდენტი, ოფიციალური მოსკოვის ინტერესების გამტარებლად იქცა.

“არმიის გადაცემის შესახებ საუბრის დროს მე ჩამესმის მოსკოვის ხმა, რომელსაც არ სურს მის მიერ უკონტროლო ძალოვანი უწყების შენახვა. მაგრამ სამხრეთ ოსეთისთვის ეს არ არის კარგი”.

კითხვაზე, აპირებს თუ არა 2017 წელს კვლავ იყაროს კენჭი პრეზიდენტის პოსტზე, თავად თიბილოვი პასუხობს, რომ ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, “თუმცა ხალხისგან ესმის ეს სურვილი”. მისი ბოლო განცხადებითვე ირკვევა, რომ რეფერენდუმი აგვისტოს ნაცვლად ივლისში ჩატარდება, რათა დასრულდეს სპეკულაციები იმასთან დაკავშირებით, რომ რეფერენდუმი არჩევნებთან არის კავშირში.

მწვავე დებატები რუსეთთან შეერთების საკითხზე სოციალურ ქსელებში ჯერ კიდევ 2014 წლის იანვარში დაიწყო, როდესაც პარტიამ “ერთიანი ოსეთი” [ამჟამად მმართველი საპარლამენტო პარტია] თიბილოვისადმი მიმართვაში საპარლამენტო არჩევნების პარალელურად რუსეთის ფედერაციაში შესვლის საკითხზე რეფერენდუმი მოითხოვა.

ზოგიერთი ეკონომისტისა და იურისტის აზრით, სამხრეთ ოსეთში დღეს პრაქტიკულად არ არსებობს გასაგები კანონმდებლობა, რომელიც შესაბამისობაში მოვიდოდა არსებულ სიტუაციასთან და კრიზისიდან გამოსვლას ხელს შეუწყობდა. სამხრეთ ოსეთის ბევრი კანონი 10-15 წლის წინ იყო მიღებული და უკვე მოძველებულია. დამოუკიდებელ სახელმწიფოში ცხოვრება და სხვა ქვეყნის კანონმდებლობაზე დაყრდნობა აბსურდია და სამართლებრივ ქაოსამდე მივყავართ.

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ აუცილებელია არსებული კანონმდებლობის ექპერტიზა, შემუშავება და ახლის მიღება, რომელიც შესაბამისობაში მოვა თანამედროვეობასთან და საკუთარი სამართლებრივი ბაზა იქნება. ამის ნაცვლად კი სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი დაკავებულია იმით, რომ ცვლის კონსტიტუციას ისე, როგორც სურს, რომლის თანახმად, სამხრეთ ოსეთის სამხედრო მოსამსახურეების ნაწილი რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალებს, კერძოდ, სამხრეთ ოსეთში დისლოცირებულ მეოთხე რუსულ ბაზას უნდა გადასცეს.

“ჩვენს თავდაცვის სამინისტროებს შორის დამატებითი შეთანხმება, რომელზეც ხელი უნდა მოეწეროს, პრაქტიკულად მზადაა. მისი ხელმოწერის შემდეგ წარიმართება სამუშაოები ჯარისკაცების რუსეთის სამხედრო ძალებში მიღებაზე”, – ამბობს თიბილოვი და ამატებს, რომ ამასთან ერთად, სამხრეთ ოსეთს თავისი არმიაც ეყოლება.

აქვე, სამხედროთა თემასთან დაკავშირებით, აზრს გამოთქვამს თემურ ცხურბათი. ის მიიჩნევს, რომ სამხრეთ ოსეთს შვეიცარული ტიპის არმია სჭირდება:

“300-500 კარგად მომზადებული პროფესიონალი. სამხედრო სამსახური კი, 18-დან 65 წლამდე მამაკაცებისთვის [შესაძლოა ქალებისთვისაც] უნდა იყოს სავალდებულო. მხოლოდ ხალხის ერთიანობა და არმია იძლევა უსაფრთხოების გარანტიას. რუსული არმიის წყობის კოპირება სამხრეთ ოსეთში არაკონსტრუქციული იქნებოდა”.

ბიოლი

მასალების გადაბეჭდვის წესი