კომენტარი

“პრეზიდენტი გისმენთ” საბჭოთა მენეჯმენტის ელემენტებს შეიცავდა”

26 იანვარი, 2011 • • 1300
“პრეზიდენტი გისმენთ” საბჭოთა მენეჯმენტის ელემენტებს შეიცავდა”

გადაცემაში „პრეზიდენტი გისმენთ“ პრეზიდენტის მოსახლეობასთან კომუნიკაციის ფორმას როგორ შეაფასებდით?

ეს გადაცემა როგორც დემოკრატიის, ასევე ტიპურ ტოტალიტარულ საბჭოთა მენეჯმენტის ელენტებს შეიცავდა, რადგან იქ იყვნენ რაღაც ჯგუფები, შეკითხვის დამსმელები, რომლებიც, რასაკვირველია,  წინასწარ ორგანიზებული იყვნენ, შეკითხვები წინასწარ იყო შეთანხმებული.

აურა, რომელშიც ეს ადამიანები (შეკითხვის დამსმელები) იყვენენ მოქცეული, მათგან მოითხოვდა ვალდებულებას, ყოფილიყვნენ ხელისუფლების მიმართ ლოიალურნი და არ დაესვათ მწვავე შეკითხვები.

მაგრამ იქ იყვნენ ჟურნალისტები, რომლებსაც ცხადია ვერავინ გაუბედავდა შეკითხვების შეთანხმებას.

ფორმატის ეს ნაწილი, რასაკვირველია, შეესაბამებოდა დემოკრატიის სტანდარტებს.

თქვენ ფიქრობთ, რომ ჟურნალისტების რამდენიმეწუთიანი ჩართვის გარდა, გადაცემის ფორმა მთლიანად საბჭოურ ესთეტიკაზე იყო აგებული?

ყველაფერზე არ შემიძლია ვთქვა, ყველა არ მინახავს, მაგრამ სოფლიდან, ქარხნიდან ჩართვები, რასაკვირველია, იყო საბჭოური. სხვათა შორის, პრეზიდენტს ეს ეტყობოდა რეაქციაზე. მისთვის ცოტა მოულოდნელი, შემაშფოთებელი იყო.

პრეზიდენტი შემთბარი ჩანდა, როდესაც ჟურნალსიტებმა მწვავე შეკითხვები დაუსვეს.

თქვენ ფიქრობთ, რომ მისგან დამოუკიდებლად მოხდა გადაცემის ამ ფორმით ორგანიზება?

რასაკვირველია. ვინ იყვნენ იქ? რუსთავი ორის ჟურნალისტები, რუსთავი2 ცნობილია თავისი პოზიციით და ლოიალური დამოკიდებულებით ხელისუფლების მიმართ. ხელისუფლება მანიპულირებს ამ არხზე და  მის ჟურნალისტებზე. რაღაც შემთხვევებში ეს იყო წინასწარ დადგმული. რამდენი დადგმული სიუჟეტი გინახავთ?

ბოლომდე საბჭოური გადაცემის გაკეთება და საბჭოური კომუნიკაციის აწყობა დღეს შეუძლებელია. რადგან ეს აშკარად ანაქრონიზმი იქნება.

რაზე მიგვანიშნებს ამ ფორმის გადაცემის შექმნა, რომელიც ეთერში რამდენიმე საათის მანძილზე ყველა ნაციონალურ არხზე გადიოდა?

მიგვანიშნებს, რომ ჩვენი საზოგადოება შორს არის სრულყოფილი დემოკრატიისგან. თუმცა დემოკრატიის ელემენტები, ცხადია, ჩვენთან არის.

შეკითხვები, რომლებიც გადაცემაში დაისვა, რამდენად იყო  იმ პრობლემების ადეკვატური, რომლებიც დღეს აქვთ საქართველოს მოქალაქეებს?

ყველაზე ადეკვატური იყო ჟურნალისტების შეკითხვები,  მწვავე,  ობიექტური და სამართლიანი.

სხვა შემთხვევაში შეკითხვები იყო მაამებლური. გაჟღენთილი იმ განწყობით, რომ პრეზიდენტი ის მამა–მარჩენალია, რომელსაც რაღაც პრობლემის გადაწყვეტა უნდა სთხოვო.

რაც შეეხება პრეზიდენტის პასუხებს ჟურნალისტების კითხვებზე, თქვენი აზრით, რამდენად ადეკვატური იყო მისი პასუხები?

პასუხები იყო ზოგადი, არ იყო კონკრეტული და ეს იყო ამ მწვავე შეკითხვებისგან თავის არიდება?

ხომ არ იყო პრეზიდენტის პასუხები შეურაცხმყოფელი კონკრეტული ჯგუფებისთვის, მაგალითად, ვეტერანებისთვის?

რასაკვირველია, პრეზიდენტის პასუხი იყო შეურაცხმყოფელი ვეტერანებისთვის, დევნილებისთვის. ეს არ იყო მათი პოზიციის შიგნიდან დანახვის მცდელობა, არამედ ეს იყო ამ ჯგუფების მიმართ ისეთი დამოკიდებულება, როდესაც მათ უყურებ როგორც სამართავ ობიექტებს, რომელთაც საითაც გინდა, იქით შეუცვლი მიმართულებას.

თამარ ჩხეიძის ფოტო
თამარ ჩხეიძის ფოტო

მასალების გადაბეჭდვის წესი