სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, ობიექტებიდან გამოყვანილი არც ერთი დევნილი არ დარჩეს კუთვნილი საცხოვრებლის/თავშესაფრის ან 2008 წლის კონფლიქტის შედეგად იძულებით გადაადგილებული პირების შემთხვევაში, კოტეჯის სანაცვლო კომპენსაციის გარეშე და დევნილთათვის შეთავაზებული ალტერნატივები იყოს ადეკვატური. მკაცრად იქნას დაცული კანონით და სტანდარტული ოპერაციული პროცედურით (სოპ) განსაზღვრული ყველა მოთხოვნა, პროცედურა და თითოეული დევნილის კანონიერი ინტერესი.
დევნილთა უმეტესობისთვის მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს შეთავაზებული ალტერნატივები. ასევე ნათელია, რომ განსახლება წარმოადგენს მტკივნეულ პროცესს დევნილებისათვის. სახელმწიფოსთვის უმთავრეს პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს დევნილთათვის საცხოვრებლად აუცილებელი მინიმალური პირობების შექმნა. თუმცა, ადეკვატური საცხოვრებელი პირობები მოიცავს არა მხოლოდ შენობისა და ფართის ადეკვატურობას, არამედ აუცილებელია გათვალისწინებულ იქნას სხვა არაერთი ასპექტი. კერძოდ, მნიშვნელოვანია საცხოვრებლის მდებარეობა. საცხოვრებელი უნდა მდებარეობდეს ისეთ ადგილზე, სადაც ხელმისაწვდომი იქნება როგორც სამუშაო ადგილები, ასევე, წარმოდგენილი იქნება სკოლები, საბავშვო ბაღები, სამედიცინო პუნქტები და სხვადასხვა სოციალური სერვისის ობიექტები.
2011 წლის 20 იანვარს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ თბილისში მდებარე 22 ობიექტიდან დევნილების გამოსახლების პროცესი დაიწყო. სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, აღნიშნული შენობები არ წარმოადგენს იძულებით გადაადგილებულ პირთა კოლექტიური განსახლების ობიექტებს. დევნილთა გამოსახლების პროცესი ჯერ კიდევ აგვისტოს თვეში დაიწყო, თუმცა გამოსახლებისას დევნილთა უფლებების დარღვევისა და სპეციალური პროცედურების არარსებობის გამო პროცესი შეჩერდა.
მოცემული 22 ობიექტიდან დევნილების გამოსახლება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს განმარტებით, სტანდარტული ოპერაციული პროცედურების შესაბამისად მიმდინარეობს, რომლებიც სამუშაო ჯგუფის მიერ 2010 წლის სექტემბერში იქნა შემუშავებული და მოგვიანებით დამტკიცდა სამეთვალყურეო საბჭოს მიერ. აღნიშნული პროცესის მონიტორინგს, სახალხო დამცველის აპარატის გარდა, ახორციელებენ გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისი, დანიის ლტოლვილთა საბჭო, ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭო და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია;
სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, შენობებში განსახლებული დევნილები პირობითად სხვადასხვა კატეგორიას განეკუთვნებიან. კერძოდ, შენობებში განსახლებულნი არიან დევნილები კერძო სექტორიდან, რომლებიც არასდროს არ ყოფილან დაკმაყოფილებულნი სახელმწიფოს მხრიდან, 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის შემდეგ იძულებით გადაადგილებული პირები, რომლებიც კოტეჯის სანაცვლო კომპენსაციას ელოდებიან, და ასევე დევნილები, რომლებიც რეგისტრირებულები/მიწერილები არიან კომპაქტური განსახლების სხვა ობიექტებში.
2011 წლის 20 იანვარს ბაგების სტუდქალაქის 1-ლი, მე-2 და მე-3 კორპუსებიდან დევნილთა გამოსახლება დაიწყო 07:50 სთ-ზე. დევნილთა განცხადებით, გასახლების თარიღის შესახებ მათ ერთი დღით ადრე შეატყობინეს.
08:45 საათზე დაიწყო კორპუსების დაცლა საყოფაცხოვრებო და სხვა სახის ნივთებისაგან.
პოლიციასა და დევნილთა კოალიციის წარმომადგენელთა შორის დაპირისპირებასა და ფიზიკურ შეხლა-შემოხლას ადგილი ჰქონდა მას შემდეგ, რაც კოალიციის წარმომადგენლებს არ მისცეს უფლება, გადაელახათ პოლიციის კორდონი. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, დაპირისპირების შედეგად დააკავეს დევნილთა კოალიციის 2 წარმომადგენელი და 3 დევნილი ქალბატონი.
დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის ლიდერს, მანუჩარ სიგუას და თავისუფალი საქართველოს წევრს, გია ყრუაშვილს 14– დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდათ. ირინა ფირცხელიანს, ბელა ხერგიანს და ჯულიეტა ცინდელიანს კი– 400– ლარიანი ადმინისტრაციული ჯარიმა. ამ ფაქტის კანონიერების საკითხს სახალხო დამცველი ცალკე შეისწავლის.
გამოსახლებისას დევნილები აცხადებდნენ, რომ ისინი ყოველგვარი ალტერნატიული თავშესაფრისა და კოტეჯის სანაცვლო კომპენსაციის გარეშე გამოიყვანეს დაკავებული ფართიდან.
აუცილებელია დადგინდეს, ჰქონდა თუ არა ადგილი მსგავს ფაქტს. 2010 წლის აგვისტოში განხორციელებული გამოსახლებების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანეს პრობლემას სწორედ 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის შემდგომ იმ იძულებით გადაადგილებული პირების შენობებიდან გამოყვანა წარმოადგენდა, რომელთაც არ ჰქონდათ მიღებული კოტეჯის სანაცვლო საკომპენსაციო თანხა. ამჟამად მიმდინარეობს აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმება, რადგან მსგავსი ფაქტის არსებობა წარმოადგენს დევნილთა გამოსახლების ოპერაციული პროცედურის მოთხოვნათა უხეშ დარღვევას, რაც ცალსახად ხდება დევნილთა უფლებების შელახვის მიზეზი.
სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთათვის გამოსახლებამდე უნდა ეცნობებინა გამოსახლების ზუსტი თარიღები, რადგან პროცედურა რამდენჯერმე გადაიდო. მით უფრო, რომ 2010 წლის აგვისტოს გამოსახლებების შეჩერების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზეზი სწორედ დევნილთათვის გამოსახლების პროცედურისათვის მიცემული არასაკმარისი დრო გახდა.
გარდა ამისა, 2011 წლის იანვარში სახალხო დამცველმა დამატებით განახორციელა დევნილთათვის ალტერნატივების სახით შეთავაზებული საცხოვრებლების მონიტორინგი. შედეგად აშკარაა, რომ სახეზე გვაქვს არაერთი პრობლემა, რომლებიც შეიძლება დევნილთა მდგომარეობაზე უარყოფითად აისახოს. მონიტორინგი განხორციელდა წალენჯიხის რაიონ ფოცხო-ეწერში, ჩხოროწყუს რაიონ სოფელ ლესიჭინეში, ზუმში, აბაშის რაიონ სოფელ აბაშისპირსა და ხობის რაიონ სოფელ თორსა-დღვაბაში, შესაბამისად, სახეზეა შემდეგი სურათი:
– ყველა ობიექტზე, რომელიც დევნილებს შეეთავაზათ როგორც ალტერნატიული ფართი, განხორციელებულია სარეაბილიტაციო სამუშაოები;
– ობიექტები დაშორებულია ადმინისტრაციულ ცენტრებს და არ არის განვითარებული ინფრასტრუქტურა (მაგ. ფოცხო-ეწერში მცხოვრებ ოჯახებს მედიკამენტების შესაძენად დაბა ჯვარში უწევთ ჩასვლა, ვინაიდან ფოცხო-ეწერის ტერიტორიაზე აფთიაქი არ არის. სოფ. აბაშისპირში ბავშვებს ფეხით დაახლოებით 2 კილომეტრის გავლა უწევთ, ვინაიდან სოფელში არ არის სკოლა და არც ავტობუსი დადის, რომელიც ბავშვების სკოლაში გადაყვანას უზრუნველყოფდა. სოფ. თორსა-დღვაბასა და აბაშირპირში არის წყლის პრობლემა);
– ჯერჯერობით გაურკვეველია, გადაეცემათ თუ არა დევნილებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა;
– გაურკვეველია, განხორციელდება თუ არა განსახლების ადგილებზე დევნილთა დასაქმების ხელშემწყობი პროექტები.
სახალხო დამცველი მიმართავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, გაატაროს ყველა სათანადო ღონისძიება დევნილთა ადეკვატური საცხოვრებლით დაკმაყოფილების მიზნით, პროცესი წარმართოს დევნილთა უფლებების დაცვისა და მათი ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით
სახალხო დამცველი გააგრძელებს დევნილთა გამოსახლების/განსახლების პროცესის მონიტორინგს.