კომენტარი

პოლიციის ახალი კლიპი ბავშვებით

5 იანვარი, 2011 •
პოლიციის ახალი კლიპი ბავშვებით

 

რამდენიმე დღეა ტეელკრანებზე საქართველოს პოლიციაზე გადაღებული ახალი კლიპი ტრიალებს. კლიპის მონაწილეებიც და მომღერლებიც ბავშვები არიან. ამ საკითხთან დაკავშირებით ნეტგაზეთი ბავშვთა ფსიქოლოგს მაია ცირამუას ესაუბრა

ნეტგაზეთი: რამდენად გამართლბულად მიგაჩნიათ ძალოვანი უწყების კლიპში ბავშების მთავარ პერსონაჟებად გამოყენება?

მაია ცირამუა, ბავშვთა ფსიქოლოგი: საერთოდ არ მივესალმები ხოლმე მსგავს რაღაცეებს. პირველად ეს კლიპი რომ ვნახე,   პატარა გოგონების სილამაზის კონკურსები გამახსენდა.  ამით, ფაქტობრივად, ბავშვს უარს ათქმევინებენ ბავშვობაზე და ძალად დიდს ხდიან. ამ კონკურსებში არის ასევე სექსიზმის ელემენტები–გოგონები საცურაო კოსტიუმებში, ქუსლებზე, პომადით და ა.შ.  პოლიციის ახალ კლიპსაც რომ ვუყურე, კონკურსების მსგავსად, უხერხულობის და არადეკვატურობის განცდა გამიჩნდა.  ფაქტობრივად, ეს ნიშნავს, რომ ცდილობენ  ბავშის ბუნებრივ განვითარებას,




მის ბუნებრივ სურვილებს, ინტერესებს  მიმართულება ხელოვნურად შეუცვალონ  და ჩასვან იმ  ყალიბში, რომელიც ბავშვისთვის აბსოლუტურად არაადეკვატურია.

ნეტგაზეთი:  პოლიციის ახალი კლიპი მონაწილე ბავშვთა ფსიქიკაზე რამე გავლენას მოახდენს თუ არა? ან  ამ ასაკის სხვა ბავშვებზე? საერთოდ, რა ტიპის გავლენის მოხდენა შეუძლია მსგავს კლიპს?

 მაია ცირამუა: თუ ბავშვთა  სილამაზის კონკურსები სექსიზმის ნიშნითაა შეფერილი, ეს კლიპი არის ძალადობის დეკლარირების მცდელობა, რაც ამ ბავშვებზე კარგ გავლენას არ მოახდენს. ბოლო წლებში ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ ბავშვებში ძალადობამ იმატა, თუმცა ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ბავშვებში გავზარდოთ ძალოვანი სულები, ძალაუფლების მოყვარული სულები და ხელოვნურად ვახდენთ აქცენტირებას ისეთ საკითხებზე, მაგალითად, როგორიცაა ომის თემატიკაზე საბავშვო კონკურსის ჩატარება, ასევე თავისუფალი თემების დაწერა “მე რომ პოლიციელი ვიყო” და ა.შ.  ამას დაემატა პოლიციის ახალი კლიპი, რომელიც ტოვებს შთაბეჭდილებას,  თითქოს ამ ბავშვებისგან უნდათ  ხელოვნურად მიიღონ რაღაც ჰიბრიდი, რომელსაც ექნება ძალაუფლების, ძალის დემონსტრირების  სურვილი. ეს არ არის მებრძოლი სული, მებრძოლი სული სხვაგვარად აღიზრდება. ეს არის ძალადობის დეკლარირების მცდელობა.

ნეტგაზეთი: პოლიციის ახალი კლიპი და სამხედრო თემატიკის კონკურსები არის თუ არა ბავშებში პატრიოტიზმის გრძნობის ასამაღლებლად განხორციელებული ქმედება? რა მიზანს ემსახურება მსგავსი ღონისძიებები?

მაია ცირამუა:   არა მგონია, პატრიოტიზმი იყოს, როცა ბავშვი სოდის და სხვა ძალოვანი უწყების თანამშრომლად არის წარმოდგენილი.  პატრიოტიზმი ბავშვებში სხვაგვარად აღიზრდება  და არა იარაღის ჟღარუნით. მე მგონია, რომ ხშირად ზრდასრულ ადამიანებს აქვთ დაბალი თვითშეფასება და ამის კომპენსირებას სხვადასხვა სახით ცდილობენ. ხან მაგარი ტიპის ნიღაბს ამოეფარებიან, ხან იარაღს ატარებენ და ა.შ.   ეს ზოგადად გამოხატავს ჩვენი ქვეყნის, ასევე მსგავსი ადამიანების არასრულფასოვნების განცდას. ჩვენი არასრულფასოვნების განცდის ჰიპერკომპენსაცია ხდება  იმაში, რომ მარადიულად ვახდენთ ძალის დემონსტრირებას. ახლა კი  ძალის დემონსტრირების საქმეში ჩავრთეთ ბავშვები. ბავშვებსაც კი ამ სულით ვზრდით. ეს კლიპი სწორედ ასეთი განაცხადია დანარჩენი სამყაროს მისამართით, რაც, თავისთავად, არა პატრიოტიზმის, არამედ ურაპატრიოტიზმის ქადაგება უფრო არის. ამას(პოლიციის ახალ კლიპს) არანაირ მებრძოლ და პატრიოტულ სულთან საერთი არ უნდა ჰქონდეს. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი