კომენტარი

CENN–ის განცხადება თბილისში ბეწვეულის მაღაზიის გახსნის თაობაზე

18 დეკემბერი, 2010 •
CENN–ის განცხადება თბილისში ბეწვეულის მაღაზიის გახსნის თაობაზე

ქალბატონ ლალი მოროშკინას

ბეწვეულის მაღაზიის „მორო ქეის“ თანამფლობელს

მისამართი: სავაჭრო ცენტრი „ქარვასლა“

                        ცოტნე დადიანის ქ. #7, თბილისი, საქართველო

 

 

ქალბატონო ლალი,

 

მოგმართავთ თქვენ, რადგან ძალიან შეშფოთებულნი ვართ თბილისში ახლახან გახსნილი ბეწვეულის მაღაზიის გამო. შეგახსენებთ, რომ ბეწვეულით ვაჭრობა XXI საუკუნის მსოფლიოში  მიუღებელ, ბარბაროსულ საქმიანობად ითვლება და აღარ გამოიყენება მოდის ინდუსტრიის ლიდერების მიერ თანამედროვე მოდის ბიზნესში.

 

დღეს, როდესაც ლიბერალური ღირებულებების მქონე ქვეყნების წარმომადგენლები პერიოდულად იკრიბებიან იმ მიზნით, რომ დაამკვიდრონ ცხოვრების თანამედროვე სტილი –„იმუშავე ბუნებასთან ერთად“ და შეცვალონ ადამიანთა ცნობიერებაში მოძველებული, დღევანდელობასთან შეუთავსებელი მიდგომები ცოცხალ სამყაროსთან დამოკიდებულებაში, რაც გულისხმობს იმ სივრცის გადარჩენას, რომელიც ისედაც კატასტროფულად შემცირებულია ადამიანთა საქმიანობის შედეგად, წარმოუდგენლად მიგვაჩნია ჩვენს ქალაქში, რომელსაც აქვს ამბიცია, იყოს ევროპული, ბეწვეულის მაღაზიის გახსნა და მისი ისეთი რეკლამირება, რომელიც მომხმარებელს ავიწყებს (ისიც არ არის გამორიცხული, რომ საერთოდ არ იცოდეს), რომ ცხოველებს, რომლებსაც ბეწვის მოპოვების გამო იჭერენ  ელექტროდენით, მომწამლავი აირით, ციანიდის ინიექციით, დეკომპრესიით ან კისრის გადატეხით ხოცავენ. ხანდახან კი, როცა ზემოთ ჩამოთვლილი მცდელობები მიზანს ვერ აღწევენ, ცხოველს ცოცხლად ატყავებენ.

 

ეს უნდა იცოდნენ იმ ადამიანებმა, რომლებიც ბეწვის ქურქში გამოეწყობიან. მითუმეტეს, როცა მაღაზიის ადგილმდებარეობა თბილისის პოპულარულ სავაჭრო  უბანში მათ არასწორ ორიენტირს აძლევს  იმის თაობაზე, რომ ბეწვეულით ვაჭრობა, ბეწვეულის შეძენა არც მისაღებია, არც ჰუმანური და არც ლამაზი, რადგან არ არსებობს სილამაზე და მშვენიერება ჰუმანური საწყისის გარეშე.

 

მსგავსი მაღაზიის გახსნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, სადაც 30–ზე მეტი საფრთხის ქვეშ მყოფი ძუძუმწოვრის სახეობა ბინადრობს, მიუთითებს გამაოგნებელ გულგრილობაზე.

 

ნუ გახდებით ბეწვეულის პროდუქციის რეალიზაციის გამო ცხოველთა ტანჯვისა და მკვლელობის თანამონაწილე. გთხოვთ, ერთხელ კიდევ დაფიქრდეთ და გადაწყვიტოთ, გსურთ თუ არა ასეთი სასტიკი და არაეთიკური ბიზნესის მხარდამჭერი იყოთ.

 

ჩვენ უარს ვამბობთ თქვენს მაღაზიაში ამ ნაწარმის შესყიდვაზე. აგრეთვე, ვაცხადებთ, რომ აქტიურად ვიმუშავებთ ბეწვეულის ვაჭრობის წინააღმდეგ უწყვეტი ბოიკოტის მხარდასაჭერად.

 

პატივისცემით,

 

კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN)

მასალების გადაბეჭდვის წესი