საზოგადოება

მზექალა შანიძე: ხელმძღვანელობა ავიწროებს და ზღუდავს საუნივერსიტეტო განათლების სფეროს

13 თებერვალი, 2026 •
მზექალა შანიძე: ხელმძღვანელობა ავიწროებს და ზღუდავს საუნივერსიტეტო განათლების სფეროს

ცნობილი ქართველი ენათმეცნიერი, აკადამიკოსი მზექალა შანიძე აკრიტიკებს უმაღლესი განათლების სფეროში “ოცნების” მთავრობის გადაწყვეტილებას, რომელსაც განათლების სფეროს და საზოგადოების წარმომადგენლები “დეფორმას” უწოდებენ:

“ტრადიციული პროფილების მიხედვით ხელმძღვანელობა ავიწროებს და ზღუდავს საუნივერსიტეტო განათლების სფეროს.
საბჭოთა პედინსტიტუტის ვიწრო პროფილი არ შეესაბამება ილიას უნივერსიტეტის თანამედროვე ამოცანებს”, – უთხრა 100 წლის აკადემიკოსმა “ნეტგაზეთს” ცვლილებების შეფასებისას.

“ოცნების” ახალი გადაწყვეტილებით, ილიას უნივერსიტეტი სტუდენტებისა და პროგრამების 90%-ზე მეტს კარგავს.

12 თებერვალს ილიას უნივერსიტეტის უმაღლესმა კოლეგიურმა ორგანოებმა გადაწყვეტილებას ანტიკონსტიტუციური უწოდეს. ისინი ითხოვენ გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან შეხვედრას, გადაწყვეტილების შეცვლას, “რომელიც არ ეფუძნება მტკიცებულებებსა და კვლევის მონაცემებს, არ ითვალისწინებს დარგის ექსპერტთა პოზიციებს და ანადგურებს ილიას უნივერსიტეტის მიღწევებს კვლევასა და სწავლებაში”.

12 თებერვალს “ოცნების” ამ გადაწყვეტილების შემდეგ სტუდენტები და მხარდამჭერები ილიაუნის შენობასთან შეიკრიბნენ. საპროტესტო აქცია მარშით დასრულდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი