კომენტარი

ეს არის მიზანმიმართული კამპანია ნინო დობორჯგინიძის გასაშავებლად – ინტერვიუ მარინე ჩიტაშვილთან

6 თებერვალი, 2026 •
ეს არის მიზანმიმართული კამპანია ნინო დობორჯგინიძის გასაშავებლად – ინტერვიუ მარინე ჩიტაშვილთან

მას შემდეგ, რაც პროფესორი ნინო დობორჯგინიძე მეორე ვადით აირჩიეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად, პროსახელისუფლებო მედიებმა ერთმანეთის მიყოლებით მოამზადეს კრიტიკული სიუჟეტები მის შესახებ.

“იმედი” და “რუსთავი 2” ფაქტობრივად იდენტური ფორმულირებებით სვამენ კითხვას, არღვევს თუ არა უმაღლესი განათლების ექსპერტი ნინო დობორჯგინიძე ეთიკურ ნორმებს იმით, რომ სამოქალაქო ფორუმზე უმაღლესი განათლების რეფორმის შესახებ აპირებს საუბარს. საქმე ეხება კვირას, 8 თებერვალს, “თავისუფლების მოედნის” მიერ ორგანიზებულ ფორუმს, “რომელიც ქვეყნის მომავალზე საერთო ხედვის შემუშავებას ეძღვნება”.

როგორც დობორჯგინიძემ განმარტა, ის ფორუმზე მიწვეულია როგორც უმაღლესი განათლების ექსპერტი და მისი საქმიანობა არ უკავშირდება პოლიტიკურ პროცესს.

“ვისაუბრებ იმაზე, როგორ წარმომიდგენია მომავალ საქართველოში საუნივერსიტეტო განათლება, სწავლება, კვლევა და უნივერსიტეტის საზოგადოებრივი მისია, მისი როლი და ფუნქცია როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ.

სამივე ეს საკითხი უნივერსიტეტის მისიაა და არანაირად არ უკავშირდება პოლიტიკურ საქმიანობას. ვისაც ეჭვი ეპარება ამაში, შეუძლია გადაამოწმოს ხარისხის ეროვნული ცენტრის, ან ნებისმიერი უნივერსიტეტის ვებ-ვერდზე შემდეგი სათაურით: მისია, ღირებულებები.

ამ საკითხებზე ვსაუბრობ ყველგან, ღიად, სატელევიზიო ეთერში, სამოქალაქო თუ საუნივერსიტეტო პლატფორმებზე. მიმაჩნია, რომ საუნივერსიტეტო საზოგადოების ნებისმიერი წევრის პირდაპირი მოვალეობაა ეს და არა პოლიტიკური საქმიანობა”, – წერს დობორჯგინიძე.

ამის მიუხედავად, “ქართული ოცნების” ლიდერები მას “რადიკალიზმის მხარდაჭერაში”,  “სტუდენტების ტვინის გამორეცხვასა” და მათი საპროტესტო აქციებში ჩართვის წახალისებაში ადანაშაულებენ. ამის მთავარ არგუმენტად კი მოჰყავთ დობორჯგინიძის კრიტიკული პოზიცია “ქართული ოცნების” განათლების რეფორმის შესახებ. ასევე, 2 წლის წინ მიღებული რუსული კანონის შესახებ, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის შეზღუდვის ინსტრუმენტია.

2025 წლის ოქტომბერში მსგავსი თავდასხმების ობიექტი გახდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი მარინე ჩიტაშვილი. მაშინ, “ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჩიტიშვილის სატელევიზიო გამოსვლა არასწორი ინტერპრეტაციით გაავრცელა. ამას მოჰყვა ჩიტიშვილის დისკრედიტაციის კამპანია “ოცნების” მხარდამჭერების მხრიდან.

ნეტგაზეთმა მარინე ჩიტაშვილთან ინტერვიუ ჩაწერა ნინო დობორჯგინიძის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაზე, თსუ-სა და ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანებაზე და განათლების რეფორმაზე.


ქალბატონო მარინე, ბოლო დღეები “ქართული ოცნება” და პროსახელისუფლებო მედიები ერთმანეთის მიყოლებით თავს ესხმიან ნინო დობორჯგინიძეს – ადანაშაულებენ რადიკალიზმისა და ძალადობის წახალისებაში. რამდენიმე თვის წინ თქვენ იყავით მსგავსი თავდასხმების სამიზნე იგივე აქტორების მხრიდან. როგორ ფიქრობთ, ეს მიზანმიმართული კამპანიაა კრიტიკულად განწყობილი პროფესორების მიმართ? 

[ჩემ შემთხვევაში] კონტექსტი მერე გაირკვა, ნინო დობორჯგინიძის შემთხვევაში კი ეს აბსოლუტურად მიზანმიმართული და დაგეგმილი კამპანიაა მისი გაშავების და დისკრედიტაციის მიზნით. ეს მოსალოდნელი იყო იმ კონტექსტში, რაც ახლა მიმდინარეობს უმაღლესი განათლების რეფორმის ეგიდის ქვეშ. იმიტომ, რომ რექტორთა საბჭოზე, რომელსაც ხვდებოდნენ მინისტრი და მინისტრის მოადგილეები და განიხილებოდა ჯერ კონცეფცია – სულ სამი თუ ოთხი შეხვედრა შედგა – ერთადერთი ადამიანი, რომელსაც ინფორმაცია გამოჰქონდა გარეთ და სვამდა კითხვებს, იყო ნინო დობორჯგინიძე. სრულიად ერთმნიშვნელოვნად – მხოლოდ ერთი რექტორი უწევდა წინააღმდეგობას დაგეგმილ რეფორმას აკადემიური თავისუფლებისა და უნივერსიტეტის ავტონომიის დაცვის მიზნით.

მას შემდეგ, რაც გამოაცხადეს, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია და თსუ-ს და ტექნიკურ უნივერსიტეტს აერთიანებენ, სრულიად ბუნებრივია, რომ დადგა დრო, შეტევა მიიტანონ იმ ადამიანზე, რომელსაც თავიდანვე ჰქონდა კრიტიკული აზრი.

სხვათა შორის, ის გამოხატავდა არა მარტო ილიას უნივერსიტეტის პროფესორების, არამედ ყველა იმ პროფესორ-მასწავლებლის აზრს, რომელსაც უნდა, საქართველოს კონსტიტუცია იყოს დაცული და უმაღლესი განათლება ვითარდებოდეს. შესაბამისად, სრულიად მოსალოდნელი იყო, რომ მას შეუტევდნენ.

კრიტიკოსები ამბობენ, რომ მიუღებელი და არაეთიკურია პროფესორ-მასწავლებლების მხრიდან პოლიტიკაში ჩართვა. თუმცა ისინი “პოლიტიკაში ჩართვას” უწოდებენ მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე აზრის გამოთქმასაც კი. თითქოს ცდილობენ, წაიშალოს ზღვარი პარტიულ საქმიანობასა და ამ კონკრეტულ შემთხვევაში, განათლების ექსპერტის მიერ განათლების რეფორმის შეფასებას შორის. 

ყველა ადამიანს აქვს თავისი აზრის გამოხატვის საშუალება და ეს არის კონსტიტუციური უფლება. ნინო დობორჯგინიძე არ არის არც ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი. ის არის მიწვეული პოლიტიკური პარტიის მიერ ორგანიზებულ ფორუმზე, რომელზეც უნდა ილაპარაკოს განათლების შესახებ ისტორიული პერსპექტივით და დღევანდელობიდან. წინასწარ ვიცით, რომ არ იტყვის, განათლების რეფორმა გადასარევიაო.  ეს ნიშნავს, რომ ბევრი ხალხი გაიგებს მის აზრს განათლების ამ რეფორმის რეალური არსის შესახებ. სწორედ ამის გამო არის მასზე თავდასხმა და ინსინუაციები იმაზე, რომ ის თითქოს რომელიმე პოლიტიკურ პარტიას ეკუთვნის, რომ თითქოს არის ტვინის გამომრეცხავი და რადიკალიზაციის მომხრე სტუდენტური პროტესტისათვის, რაც სინამდვილეში გახლავთ აბსოლუტური ტყუილი. განსხვავებული აზრი არ გულისხმობს რადიკალიზაციას. განსხვავებული აზრი გულისხმობს უბრალოდ იმას, რომ ადამიანები შეიძლება თქვენ არ გეთანხმებოდნენ.

კომუნისტური პარტიის მმართველობის პირობებში არსებობდა მშვენიერი ანეკდოტი: კითხვაზე, ჰქონდათ თუ არა პარტიული დღის წესრიგისაგან განსხვავებული აზრი, პასუხი იყო ასეთი – კი, როგორ არა, აზრი იცვლებოდა პარტიის შეხედულებების ცვლილებებთან ერთად. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ახლაც, განათლების რეფორმის შესახებ ნებისმიერი საწინააღმდეგო აზრი ითვლება, როგორც რადიკალიზაცია. ისინი [“ქართული ოცნება”] ადამიანებს გამოყოფენ პრინციპით – ვინც ჩვენთან არ არის, ჩვენი მტერია. შემდეგ ახდენენ მის გაშავებას.

როგორ ფიქრობთ, მიზანი მხოლოდ “გაშავებაა”, თუ  შესაძლებელია ველოდოთ რაიმე პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ნინო დობორჯგინიძის და ილიას უნივერსიტეტთან დაკავშირებით? მაგალითად, იმის მსგავს გადაწყვეტილებას, როგორიც იყო თსუ-სა და ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანება.

რა თქმა უნდა. როგორი პოლიტიკური გადაწყვეტილებაც იყო ამ ორი უნივერსიტეტის გაერთიანება, ზუსტად ისეთივე პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება ილიას უნივერსიტეტთანაც მიმართებაში. ეს ხომ ლოგიკური გაგრძელებაა ამ ჯაჭვის?!

უმაღლესი განათლების შესახებ კანონში მიღებული ცვლილებები ერთმნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და ზღუდავს აკადემიურ თავისუფლებასა და უნივერსიტეტის ავტონომიას. ამ კანონის საფუძველზე იქნება მიღებული გადაწყვეტილება, თუ რა დაემართება ილიას უნივერსიტეტს.

კონკრეტულად რა იქნება, მე ამას ვერ გეტყვით. თუ გავითვალისწინებთ კანონში ჩანაწერს, რომ 2026 წლის პირველ იანვრამდე ჩარიცხულ სტუდენტებს არ შეეხებათ ცვლილებები, ალბათ, საუკეთესო შემთხვევაში, ილიას უნივერსიტეტს გადაიყვანენ მილევად რეჟიმში.

რადგან თსუ-სა და ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების საკითხს შევეხეთ, როგორია თქვენი პოზიცია ამასთან დაკავშირებით?

ამ ორი უნივერსიტეტის გაერთიანებას არაფერი საერთო არა აქვს იმასთან, რასაც განათლება უნდა ემსახურებოდეს. განათლება ემსახურება ქვეყნის განვითარებას მისი ადამიანური რესურსის განვითარების გზით. უმაღლესი განათლების დონეზე ეს განვითარება გულისხმობს კვლევაზე დაფუძნებული სწავლებით ახალი თაობის მომზადებას და კრიტიკულად მოაზროვნე, პასუხისმგებლობიანი მოქალაქის ჩამოყალიბებას. ამ რეფორმას არაფერი საერთო არა აქვს განათლების ამ მიზანთან. მისი ძირითადი მიზანი არის ის, რომ უმაღლესი განათლების სფერო  სრულად გაკონტროლდეს სახელმწიფოს მიერ. ამას აკეთებენ ორ დიდ უნივერსიტეტზე, რომლებშიც, ფაქტობრივად სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების 60% ასწავლის. აი, ეს არის სულ, მეტი არაფერი.

განათლების სამინისტროში ცალსახად ამბობენ, რომ უნივერსიტეტების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია. გადაწყვეტილების მიღების შემდებ დაიწყო შეხვედრები უნივერსიტეტების აკადემიურ საბჭოსთან – ჯერ ტექნიკურის, შემდეგ კი თსუ-ის პროფესორებს შეხვდნენ. დღეს, 18:00 საათზე კიდევ ერთი შეხვედრაა დაგეგმილი. ამჯერად – ორივე უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან ერთად. ორი დღის წინ თსუ-ის სენატი ერთხმად შეეწინააღმდეგა გაერთიანების იდეას. პარალელურად ტარდება საპროტესტო აქციები. თქვენი აზრით, დარჩენილია სივრცე იმისა, რომ ეს გადაწყვეტილება გადაიხედოს?

ჩემი პირადი აზრით, ეს არის, უბრალოდ, დროის გაწელვის მცდელობა. როდესაც გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, მთავრობა არ შეცვლის ამ გადაწყვეტილებას. საუკეთესო შემთხვევაში, კომპრომისი იქნება ის, რომ შეაჩერონ გადაწყვეტილების მიღება და დაიწყოს კონსულტაციები. თუ ამას გააკეთებენ, გადაწყვეტილება ორი წლით უნდა შეჩერდეს – ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციას პირდაპირ უწერია, რომ უნივერსიტეტების გაერთიანების შემთხვევაში ორწლიანი მოსამზადებელი სამუშაო უნდა იყოს.

თუმცა, როგორ გითხრათ, მე ამისი არანაირი იმედი არა მაქვს. [საჯარო] გამოსვლებიდან, მინიშნებებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ შეიქმნება გარკვეული ჯგუფი  – სტუდენტების, ადმინისტრაციის და პროფესორ-მასწავლებლების გუნდი, რომლებიც მოითხოვენ, რომ ეს გაერთიანება მოხდეს. მერე ამ ჯგუფს გამოიყენებენ როგორც ინიციატორებს და მხარდამჭერებს. მათი გამოყენება იქნება შესაძლებელი იმისათვის, რომ ყველა სხვა გააშავონ. ლოგიკა და არგუმენტი ამ ხელისუფლებას საერთოდ არ აინტერესებს.

რამდენად რეალურია ეს სცენარი? მოიძებნებიან ასეთი ადამიანები, მაგალითად, პროფესორ-მასწავლებლებს შორის?

აუცილებლად მოიძებნება. შეიძლება ამ ჯგუფში მოხვედრაზე კონკურენციაც კი იყოს. უმრავლესობა ვერ იქნება, მაგრამ იქნება კრიტიკული, რომელსაც გამოიყენებს “ქართული ოცნება” რომ მასზე დაყრდნობა შეძლოს. 

ამ პირობებში რა შეიძლება გააკეთოს კრიტიკულად განწყობილმა პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა?

გააგრძელოს პროტესტის გამოხატვა და ილაპარაკოს იმაზე, რეალურად რას ემსახურება განათლების ეს რეფორმა. სხვა რა უნდა გააკეთოს?! სიტყვის თავისუფლება ჯერჯერობით არ არის აკრძალული, ხომ?! სხვა რა შეიძლება ჩვენ გავაკეთოთ, გარდა იმისა, რომ ვწერთ, ხელს ვაწერთ [განცხადებებს, პეტიციებს], ხმამაღლა ვამბობთ, რომ ეს არასწორია.

ამავე თემაზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი